skip to content
შეხვედრების რვეული

შიშის ანატომია ავტორიტარიზმში

„კანონის გეშინოდეთ!“ – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რუსთავში გამართულ აქციაზე მაშინდელ ხელისუფლებას. „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და იმ დროს ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერი მთავრობას არჩევნების შესაძლო გაყალბების სცენარზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა, ხოლო ამომრჩევლებს ამხნევებდა და ეუბნებოდა, „კანონის იმედი გქონდეთო”. გავა 12 წელი და ბატონი ივანიშვილი თბილისში გამართულ აქციაზე იმავე მოწოდებას გაიმეორებს – თუმცა ამჯერად იგი კანონით ხელისუფლებას კი არ შეაშინებს, რომელსაც უკვე თავადვე ერთპიროვნულად აკონტროლებს, არამედ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უწინ არწმუნებდა, რომ კანონის იმედი ჰქონოდათ.


ირინა გურგენაშვილი, კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის აღმასრულებელი დირექტორი


2012 წლის სექტემბერში ივანიშვილი იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ამბობდა: „მისი (სააკაშვილის) რიტორიკა სულ უფრო უხამსი და თავაშვებული ხდება… ქვეყნის მეთაურები თავის ხალხს ასე არ მიმართავენ. ყველას რუსეთის აგენტებს და კრიმინალებს გვიწოდებს და გვემუქრება, რომ საკადრის პასუხს გაგვცემს. ქვეყნის მეთაური თავის ხალხს არ ემუქრება, კრიმინალს და მტერს არ უწოდებს. ეს არ ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში…“

2024 წელია და საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები თავად მიჰყვებიან ივანიშვილის მიერ დაწუნებულ „თავაშვებულ პრაქტიკას“. ყველა მოწინააღმდეგე რუსეთის აგენტი – არა, მაგრამ „გლობალური ომის პარტიის“ აგენტია, ყველა კრიტიკოსი მტერია და თუ მტერი არ არის, „ნაცი“ მაინცაა. რახანია, მმართველი პარტიის განცხადებებში სამივე ეს სიტყვა სინონიმებად იქცა და ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს.

„თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სააკაშვილი ცდილობს, ორად დაყოს ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. მისი ასეთი განზრახვა ქვეყნის ნამდვილი მტრობაა…“ – აქ ივანიშვილი უკვე 2012 წლის სექტემბერში თელავში გამართულ მრავალათასიან აქციას მიმართავს. ყველაფერი, რაშიც ივანიშვილი 12 წლის წინ მაშინდელ მმართველ ძალას ადანაშაულებდა – საზოგადოების მტრებად და მოკავშირეებად დაყოფა, ღრმა პოლარიზაცია, დაშინება, კანონით „აგენტების ლუსტრაცია“, წარმოსახვითი მტრები ლოკალურად და გლობალურად – წლების შემდეგ მან თავადვე აქცია საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.  

ამავე პერიოდში, ივანიშვილმა საქართველოს მმართველობა რეჟიმად გადააქცია – ისეთ რეჟიმად, რომლის მთავარი მოკავშირეც შიშია. შიში თანმიმდევრულად, ზედმიწევნით კულტივირდება. იგი ხალხის გასაკონტროლებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტად იქცევა. შიშის ჩასახვისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, რომლებიც ფსიქოლოგიურ, სოციალურ, სტრუქტურულ და კულტურულ კომპონენტებად შეგვიძლია დავყოთ. და ეს ყველაფერი სულაც არ არის ახალი – ის, რის წინაშეც დღეს საქართველოს მოსახლეობა დგას, ავტორიტარული რეჟიმების დროში ნაცადი პრაქტიკაა.

შიშზე დაფუძნებული ამ რეჟიმის საბოლოო მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საქართველოს დასავლური სამყაროსგან დისტანცირებაა, ჯერ – იზოლაციონიზმი, შემდეგ კი ვექტორის რუსულ ორბიტაზე იმგვარად მიბრუნება, რომ ოკუპანტზე მიტმასნების გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩეს.

რეჟიმის მოკავშირეები

დაშინება და ტერორი, რომლის მიზანიც ქვეცნობიერი შიშის ცნობიერში გადმოტანაა, რეჟიმის საუკეთესო მოკავშირეა. შიშისა და ტერორის საერთო სტრატეგიას მიეკუთვნება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევა, ცალკეული მონაწილეების საჩვენებელი დასჯა, ოპონენტების საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე მადისკრედიტირებელი პლაკატების გამოკვრა, ნაცემი მომიტინგეების ფოტოებისა და ვიდეოების გამოფენა და ამით იმის შეხსენება, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება შემდეგი იყოს. ვერ ვიპოვით ერთ ავტორიტარულ რეჟიმსაც კი, რომელსაც შიშის დანერგვის ამგვარი პრაქტიკა არ გამოეყენებინოს.

მართალია, ძალადობის კადრებს ზოგჯერ თავად მსხვერპლი ან/და ძალადობის თვითმხილველი აქვეყნებს, თუმცა ასეთი კადრები მეტწილად სოციალურ ქსელებში ანონიმური მომხმარებლებისგან ვრცელდება ხოლმე. ამ ანონიმების მიღმა ხშირად თავად რეჟიმია. .

ქცევის მიზანიც და გზავნილიც აშკარაა – საზოგადოების თითოეულ წევრს აჩვენებენ, რომ უსაფრთხოდ ვერავინ იქნება. როცა თავს ესხმიან პარლამენტის წევრს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ან/და საზოგადოებრივად  და პოლიტიკურად აქტიურ ცნობილ პირებს, გზავნილი კიდევ უფრო მეტ „სისავსეს“ იძენს. ამით რეჟიმი არა ოპოზიციას, არამედ მოქალაქეს აშინებს, ანიშნებს, რომ ფიზიკური განადგურება ახლოსაა. თუ „ცნობილმა პირმა“ ვერ დაიცვა თავი, შენ, „უბრალო მოქალაქე“, როგორღა დაიცავ?!

ღრმა ფსიქოლოგიური შიშის დანერგვის კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტი თვალთვალი და მიყურადება – ანდაც თვალთვალისა და მიყურადების ინსცენირებაა. მოქალაქეთა საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი, პერსონალური სატელეფონო ზარები და მუქარა აჩენს მუდმივი, უჩინარი თვალთვალის განცდას, რაც, არაერთ შემთხვევაში, თვითცენზურასა და საყოველთაო უნდობლობას იწვევს. ანონიმური ზარები, სახელით მიმართვა, ოჯახის წევრებზე ინფორმაცია, ყოველ სიტყვაში დემონსტრირება იმისა, რომ დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ანონიმმა იცის, თუ ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ, მოქალაქეს დაცულობის განცდას ურყევს და მას ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მოკავშირისკენ – სოციალური იზოლაციონიზმისკენ უბიძგებს. იზოლაციონიზმი და სოციალური ფრაგმენტაცია კი რაც უფრო ქვედა დონეზე ჩაიღვრება, მით უფრო მეტი ინდივიდი დაიჯერებს, რომ იგი ჰობსისეულ ომში სულ მარტოა. იქ, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგაა, ავტორიტარიზმი ძლიერდება და მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, ტოტალური გახდეს.

სოციალური ფრაგმენტაცია

სოციალურ ფრაგმენტაციას ნოყიერი ნიადაგი სჭირდება, რასაც მხოლოდ სატელეფონო ზარებით ვერ მიაღწევ. იმისთვის, რომ საზოგადოება პატარ-პატარა ფრაგმენტებად დაყო, შემდგომ კი ამ ფრაგმენტებს ინდივიდები გამოაცალო, მთელი არსენალი და წლებია საჭირო.

ყველაფერი იწყება მიზანში ამოღებული ოპონენტების საჯარო შერცხვენითა და დისკრედიტაციით, პოლიტიკური დევნით, მძიმე იარლიყების მიწებებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მონტაჟითა და ამ ადამიანების საზოგადოებრივი ცხოვრების დემონტაჟით.

მოგვიანებით, იმავე ქცევის მოქმედების არეალი ფართოვდება, დისკრედიტირებული ოპონენტების სიაში ხვდებიან სხვებიც. არ უნდა არსებობდნენ ცალკეული პარტიები, ორგანიზაციები, ინდივიდები, არ უნდა იყოს განსხვავებული მიდგომა, ყველა უნდა გახდეს ერთი და ამ ერთს კოლექტიური მძიმე იარლიყი უნდა მიეწებოს. ჩვენს შემთხვევაში, ეს იარლიყი  „რადიკალია“, რომელსაც გემოვნებით, მარილად მოყრილი აქვს „ქვეყნის მოღალატე“ და „ომის მოსურნე“.

საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა, რომ მხოლოდ ერთი პარტიის ან ცალკეული ლიდერების დისკრედიტაციით კლიმატს ხანგრძლივი დროით ვერ შეინარჩუნებდა. საჭირო იყო ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. ამ კერძს ახლა – „რადიკალური ოპოზიცია“, ხოლო დანამატებს „მდიდარი ენჯეოები“ და „რადიკალური მედია“ ჰქვია. ძალიან „მოხერხებული“ უნდა იყო, რომ ამ ქვაბში ვერ მოიხარშო, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რა არ მოგწონს და რას აპროტესტებ, ცუდად დაგებულ ასფალტს თუ ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საკითხს –  რუსულ კანონს. ხმას იმაღლებ? – რადიკალი ხარ!  „რადიკალობიდან“ „რევოლუციონერობამდე“   ნახევარი ნაბიჯია, კიდევ ნახევარი – „მოღალატეობამდე“. მოქალაქის შიში, არ იყოს „მოღალატე“, რეჟიმისთვის კიდევ ერთი ძლიერი მოკავშირეა.

პროპაგანდა და ინდოქტრინაცია

შიშის დანერგვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროპაგანდა და ინდოქტრინაცია, რაც, მეტწილად, მედიაზე კონტროლით მიიღწევა და საშუალებას აძლევს რეჟიმს, გაავრცელოს მცდარი ნარატივები და გააჩუმოს განსხვავებული ხმა. რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, სასიამოვნო ტელეშოუები არ უნდა მოაკლო მოქალაქეს, პურს თუ ვერ შესთავაზებ, სანახაობა უხვად უნდა მიაწოდო, ამავდროულად კი უნდა წარმოაჩინო, რომ მეორე მხარე რადიკალია და რევოლუციონერი. უნდა უთხრა, რომ ეს უკანასკნელები მეტისმეტად შეზღუდული რაოდენობით არიან წარმოდგენილი, გლობალური ძალების მიერ იმართებიან, თავადაც ომისკენ მიექანებიან და სხვა ქვეყნებთან შედარებით მშვიდ, ბედნიერ და გასაოცარი დემოკრატიით აღსავსე სახელმწიფოსაც თან მიიყოლებენ. სწორედ ეს მიზანი აქვს საქართველოში სამთავრობო მედიას, როცა საპნის ოპერებსა და რეალითი შოუებს შორის წყვეტაში სტრატოსფეროდან დრონით გადაღებულ საპროტესტო აქციების კადრებს გვთავაზობს.

თანამედროვე ავტორიტარებს ინდოქტრინაციის კიდევ ერთ სივრცედ სოციალური მედია დაემატათ. ტროლებითა და ბოტებით შექმნილ ალტერნატიულ რეალობაში რეჟიმის მხარდაჭერა განუსაზღვრელია, ხოლო ოპონენტთა რაოდენობა და ვინაობა – ადვილად დასათვლელი და ხელმისაწვდომი. პროპაგანდისტთა „ალგორითმი“ მარტივ განტოლებაზეა აგებული: მოძებნე განსხვავებული აზრი, ტყუილ-მართალს ადგილები გადაუნაცვლე  – შავზე თქვი თეთრი და ჯამურად მიიღე გადაწერილი ისტორია და რეალობა.

რეჟიმის აქტიურობა როგორც ტრადიციულ, ისე არატრადიციულ მედიაში და იმ ნარატივის შექმნა, რომ მოწინააღმდეგე მცირეა და ისიც – რადიკალი, მოქალაქეს შიშისა  და დაბნეულობის განცდას უმძაფრებს. არწმუნებს სიმარტოვეში და სოციალური დეპრესიის მარცვლებს უღვივებს. მედიაკონტროლისა და აზრით მანიპულირების შემდეგი ნაბიჯი საგანმანათლებლო მანიპულირებაა, რომელიც სკოლიდანვე უნდა დაიწყოს და ბავშვობიდან თავდახრისთვის „გაწვრთნას“ მოქალაქე, გამოძერწოს ლოიალობისა და მორჩილების მყარი კულტურა. ამას ეხმარება რელიგიითა და ტრადიციებით მანიპულირება. ავტორიტარული რეჟიმები მმართველობის ლეგიტიმაციისთვის ხშირად ეტმასნებიან დომინანტურ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს, ოპონენტებს კი ერეტიკოსებად წარმოაჩენენ. თუ ლიდერს ეწინააღმდეგები, უცხო ხდები რელიგიისთვისაც და ტრადიციისთვისაც. იმ ყველაფრისგან განდევნილობის შიში, რაც თავისი იდენტობის განუყოფელ ნაწილად წარმოედგინა, მოქალაქეს მცდარი კომპრომისისკენ უბიძგებს.

შიშის კულტივირების სხვა მნიშვნელოვანი საშუალებები

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არსებითად მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტროლიც. ბიზნესის, სამუშაო ადგილებისა და ზოგადი ეკონომიკური კეთილდღეობის კონტროლით რეჟიმს შეუძლია დააჯილდოოს ლოიალობა და დასაჯოს განსხვავებული აზრი. აქ კეთილდღეობის დაკარგვის შიში თითქმის ცხოველურ ინსტინქტამდე დადის და გადარჩენის არასწორი ჭანჭიკები მოჰყავს მოქმედებაში. შიში იმაზე უფრო მეტად გაღარიბებისა, ვიდრე არის, მოქალაქეს მცდარი დილემების მორევში ითრევს.  ამ ყოველივეს ფონზე კი, სამართლებრივი და ინსტიტუციური ინსტრუმენტები, რეპრესიული კანონები, სიტყვის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის კრიმინალიზაცია, რაც, როგორც წესი, რეჟიმის ხელშია, ბოლო ლურსმანს აჭედებს შიშით გამოვსებული ცნობიერის ისედაც აჭედილ კარს.

ავტორიტარიზმში შიშის ანატომია რთული და კომპლექსურია. ის  აერთიანებს ფსიქოლოგიურ დაშინებას, სოციალურ იზოლაციას, სტრუქტურულ რეპრესიებსა და კულტურულ მანიპულირებას. ეს კომპონენტები კუმულაციურად შიშის გარემოს ქმნის, შიშის გარემოში კი მოქალაქის დამორჩილება და  წინააღმდეგობის აღმოფხვრა მარტივია. ამასობაში  რეჟიმი ძალაუფლებას იმტკიცებს და სახელმწიფოს იფორმებს.  ავტორიტარულ რეჟიმებში ინდივიდუალური მოქალაქის  შიში ჰგავს ჩუმ ყვირილს, რომელიც ჩაკეტილია ადამიანის შინაგან საზღვრებში. ეს არის შიში, რომელიც გადადის თვითდამორჩილებაში – სიტყვის ცენზურა, აზრების თვითცენზურა და ზედმიწევნით ნავიგაცია იმ პეიზაჟში, სადაც ნდობა ფუფუნებაა. ეს შიში არ არის მხოლოდ რეაქცია ხელშესახებ საფრთხეებზე, არამედ სიფხიზლის მუდმივი მდგომარეობაა, აგურ-აგურ აგებული ფსიქოლოგიური ციხესიმაგრეა, რათა თავი დაიცვა „დიდი ძმის თვალებისგან“.

რა ვაკეთოთ?

შავი კონტურებით აგებულ ამ რეალობაში მოქალაქეებს მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს – ავტორიტარული რეჟიმი და ყველა ის უხამსობა, რომლებსაც რეჟიმი გვკადრებს, ჩვენი შიშით იკვებება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინდივიდუალური შიშის ჩრდილში კოლექტიური ცნობიერების გამძლეობა ყვავის. მოქმედების პირობებში, შიში შეურიგებლობის გულისცემად, წყნარ დრტვინვად გადაიქცევა და აანთებს წინააღმდეგობის ნაპერწკლებს ყველაზე უფრო ბნელ ღამეებშიც კი. მიუხედავად  რესურსების სიმწირისა, მოქალაქეთა  გაერთიანების ძალა და თავისუფლებისადმი სიყვარული ბევრად აღემატება ჩვენი ყველა შიშის ჯამს. შიშით დაღლილობა და შიშით შეურაცხყოფილობა ყოველთვის იყო და არის ცვლილებების კატალიზატორი, რომელიც ინდივიდებს გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის მოქმედებისკენ გვიბიძგებს.  

შიშთან ბრძოლა არ არის მარტოხელა საქმე, არამედ კოლექტიური მოგზაურობაა განთავისუფლებისკენ. ეს არის ხმა, რომელიც უარს ამბობს გაჩუმებაზე, პროტესტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ მოქალაქის ჩაგვრას. ეს არის, ერთი მხრივ, ინდივიდუალური სულის გამძლეობა და  მეორე მხრივ, კოლექტიური, საზოგადოებრივი მედეგობა, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლაში აუცილებლად იმარჯვებს შიშზე. 

მსგავსი/Related

Back to top button