skip to content
ახალი ამბები

DRI: ჰომოფობია და ანტი-გენდერული რიტორიკა „ქართული ოცნების“ ულტრაკონსერვატიული შემობრუნების განუყოფელი ნაწილია  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 3 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში „ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“, რომელიც 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული იდეოლოგიებისკენ გადაიხარა და ჰომოფობიურ, მიზოგინიურ და ანტიგენდერულ ენას იყენებდა მოახლოებულ არჩევნებზე კონსერვატიული ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.  

საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის მიდრეკილი გენდერის, სქესის და სექსუალური იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისკენ. ეს ცვლილებები მოიცავს ანტილგბტქ+ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გენდერული კვოტების გაუქმებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიიდან ლგბტქ+ საკითხის ამოღებას.

საანგარიშო პერიოდში სექსისტური დისკრიმინაციის ძირითადი სამიზნეები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები, კერძოდ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „ლელოს“ ლიდერი სალომე სამადაშვილი. მათ წინააღმდეგ გამოყენებული ენა იყო მათი, როგორც ქალების პირდაპირი კრიტიკა – მათი სხეულის, მათი გონებრივი შესაძლებლობების, მათი სექსუალური აქტივობებისა და მათი პოლიტიკური ცხოვრების კრიტიკა. DRI-ის თანახმად, ამ დისკრიმინაციული ორკესტრირებული კამპანიების მიზანი პოლიტიკური ცხოვრებიდან ქალების განდევნაა.

საანგარიშო პერიოდში ასევე ადგილი ჰქონდა ჰომოფობიის პოლიტიზირებას. 2023 წლის 17 მაისის მოახლოებასთან ერთად გაძლიერდა ჰომოფობიური ნარატივები ხელისუფლების, სახელისუფლებო მედიისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალზე ხელისუფლების არაპირდაპირი მხარდაჭერით მოძალადე ჯგუფების თავდასხმა განხორციელდა. ამ პერიოდს ახასიათებდა ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და მხარდამჭერების ემოციებისკენ მიმართვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრების ჰომოფობიურმა გამოსვლებმა ბუდაპეშტის კონსერვატიულ კონფერენციებზე 2023 წლის 4 მაისსა და 2024 წლის 25 აპრილს ასევე ცხადყო იდეოლოგიის შემობრუნება.

რეკომენდაციები

სიტუაციაციის გაუჯობესების მიზნით, დემოკრატიის კვლევის ცენტრი შემდეგი რეკომენდაციებით გამოდის:

  • ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა;
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს ლგბტიქ+ თემის და ქალთა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და უსაფრთხოების, მათ შორის, კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა;
  • სამოქალაქო სექტორმა აქტიურ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ხელისუფლებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული/ ანტიფემინისტური დღის წესრიგიდან მომავალი საფრთხეების შესახებ;
  • კვლევითმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ იმ ძირითადი მიზეზების შესწავლა, რაც ასაზრდოებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს;
  • ქალთა უფლებებზე ორიენტირებულმა ორგანიზაციებმა საკუთარ სტრატეგიულ სამოქმედო დღის წესრიგში მნიშვნელოვან გამოწვევად წარმოაჩინონ ის ძალადობრივი პრაქტიკები, რომლის ნორმალიზებასაც ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან უნისონში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button