რვეულებიშეხვედრების რვეული

როგორ ხვდებიან ქვეყნები AI რევოლუციას: ინტერვიუ ლადო ნაფეტვარიძესთან

ბოლო პერიოდში დაჩქარებულმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ხელოვნური ინტელექტის (AI) რევოლუციამ ბევრი ჩვენგანი აღაფრთოვანა, ბევრიც – დააბნია ან შეაშინა. თუმცა ქვეყნების ნაწილი ადრევე შეუდგა დიდი ცვლილებებისთვის მზადებას, AI სტრატეგიები შეიმუშავა და მათი განხორციელებაც დაიწყო.

სწორედ ასეთ სტრატეგიულ დოკუმენტებს იკვლევს ლადო ნაფეტვარიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში ნაფეტვარიძე ევროპული ქვეყნების მაგალითებს სწავლობს და მათ საქართველოს გამოცდილებას ადარებს. “რვეულებთან” ინტერვიუში მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის არსზე და განვითარების ეტაპებზე, AI-ს “გაზაფხულებზე” და “ზამთრებზე”, სხვადასხვა სახელმწიფოს მცდელობებზე, ფეხი აუწყონ პროგრესს და მითოლოგიურ არსებაზეც, რომელმაც ხელოვნური ინტელექტისადმი ესტონური მიდგომა შთააგონა. ბოლოს კი ისიც განვიხილეთ, თუ მზადების რა ეტაპზეა ამ კუთხით საქართველო.

სრულ ინტერვიუს ქვემოთ გთავაზობთ:

ნინი გაბრიჭიძე, Civil.ge: მოგესალმებით და გმადლობთ, რომ ინტერვიუსთვის დროის გამონახვა შეძელით. მრავალი წელია, ხელოვნური ინტელექტის შესახებ გვესმის, თუმცა ბოლო პერიოდში ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. თითქოს უფრო თვალნათლივ ვხედავთ ის ცვლილებებს, რომლებსაც ამჟამად გავდივართ და რომლებიც მომავალში გველის. რა ხდებოდა აქამდე AI-ს კუთხით და რა შეიცვალა ბოლო პერიოდში?

ლადო ნაფეტვარიძე: დაახლოებით ბოლო ათი წელიწადია, რაც AI აქტუალური გახდა. იგი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ისეთი ტექსტობრივი მოდელების ინტეგრაციის შემდეგ, როგორიცაა ChatGPT, Google-ის Bard-ი, Gemini და ა.შ. თავად ხელოვნური ინტელექტი ახალი ტერმინი არ არის, იგი 1950-იანი წლებიდან გაჩნდა, თუმცა მაშინ მას სხვა დატვირთვა ჰქონდა. დღეს, პირდაპირ თუ ირიბად, ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ მეგზურს წარმოადგენს ნებისმიერისთვის, ვისაც ინტერნეტთან შეხება აქვს. ყველას შეუმჩნევია, რომ როცა ვინმე გუგლის საძიებო სისტემაში რამეს ეძებს, იქნება ეს სახლის შესაძენად, წიგნის გამოსაწერად თუ ტურისტული მარშრუტის დასაგეგმად, სოციალურ ქსელში დაბრუნებისთანავე აღმოაჩენს, რომ ის, რასაც ცოტა ხნის წინ გუგლში ეძებდა, მას „ჩამოსქროლვისას“ უკვე შეთავაზების სახით ხვდება.

როგორ გაიგო Facebook-მა ჩემი ინტერესების შესახებ?!  სწორედ აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტი: რასაც ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღე, ყოველ წამს ვაკეთებთ, ეს მონაცემები არსად იკარგება. ეს ყველაფერი არის „ციფრული ნაკვალევი“, რომელსაც ინტერნეტის გამოყენებისას ყოველი ადამიანი ტოვებს. ეს არის მონაცემი იმის შესახებ, თუ რა გააკეთა მან გუგლში, რა აინტერესებს, რა ვიდეოს უყურა, რამდენი წამი უყურა იმ ვიდეოს და ა.შ. ასეთი დეტალები შესაბამის სერვერებზე ინახება, მაგრამ რა ადამიანური რესურსი ეყოფა, ვთქვათ, Facebook-ს, რომ მილიარდობით გუგლის მომხმარებელთა მსგავსი მონაცემები გადაამუშაოს? ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ შექმნილიყო ხელოვნური ინტელექტი უკვე თანამედროვე გაგებით, ანუ ალგორითმი, რომელსაც მიუთითებ, ასწავლი, როგორ უნდა გადაამუშაოს მონაცემები ინფორმაციად,  რა კანონზომიერებებს უნდა მიაქციოს ყურადღება და ეს ალგორითმი ყველაფერს ადამიანის ნაცვლად აკეთებს.

თანამედროვე AI ძალიან შორსაა იმ ყველაფრისგან, რასაც ჰოლივუდურ ფილმებში ვუყურებდით, სადაც ადამიანურად მოაზროვნე რობოტებს სამყაროს განადგურება შეეძლოთ”

ფოტო: ფილმი “მე, რობოტი”

როგორ მუშაობს ალგორითმი? ალგორითმს ვაძლევთ დავალებებს, მაგალითად, ვთხოვთ ისეთი ინტერნეტმომხმარებლების დახარისხებას, რომლებიც საგზურებს ან ავტომობილებს ეძებდნენ. მაგრამ ალგორითმს ამისთვის უზარმაზარი კომპიუტერული სიმძლავრეც სჭირდება. ასეთი მძლავრი კომპიუტერები, რომლებიც ამ მონაცემების გადამუშავებას სჭირდება, წინა წლებში არ არსებობდა. შესაბამისად, შინაარსობრივთან ერთად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნიკური ნაწილიც ვითარდება. შემდეგ, როცა სოციალურ ქსელებს რომელიმე კომპანია რეკლამისთვის მიმართავს – მაგალითად, მსურს, ჩემი პროდუქტი შევთავაზო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც გარკვეული ინტერესები აქვთ – უკვე არსებობს ბაზები, სადაც ინტერნეტმომხმარებლები  განაწილებულნი  არიან ინტერესის, ასაკის, დემოგრაფიის, გეოგრაფიისა თუ სხვა მონაცემის მიხედვით. შესაბამისად, მიზნობრივი რეკლამა პირდაპირ მათთან იგზავნება.

ეს არის თანამედროვე AI. იგი ძალიან შორსაა იმ ყველაფრისგან, რასაც ჰოლივუდურ ფილმებში ვუყურებდით, სადაც ადამიანურად მოაზროვნე რობოტებს სამყაროს განადგურება შეეძლოთ. დღესდღეობით, AI სხვა არაფერია, თუ არა დიდი მონაცემების გადამამუშავებელი ალგორითმი. უბრალოდ, იგი იმდენად იხვეწება, რომ საზოგადოებაში გარკვეულ წუხილებს აჩენს იმის თაობაზე, თუ რამდენადაა მომხმარებელთა მონაცემები დაცული, ხომ არ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ ძალას სამუშაო ადგილზე და ა.შ. ეს წუხილები უკვე სავსებით რელევანტურია.

რას გულისხმობდა ხელოვნური ინტელექტის თავდაპირველი გაგება და რით განსხვავდება იგი თანამედროვე AI-სგან?

ტერმინი 1950-იანი წლებიდან მოდის. სწორედ 1955-1956 წლები იყო, როცა მეცნიერთა ჯგუფი ისეთ პროექტზე სამუშაოდ შეიკრიბა, რომლის მიზანიც ადამიანის მსგავსად მოაზროვნე მექანიზმის შექმნა იყო. რა თქმა უნდა, მათ ასეთი მექანიზმი ვერ შექმნეს, თუმცა შექმნეს ტერმინი “ხელოვნური ინტელექტი”. AI-ს განვითარება პერიოდებად იყოფა. არის ზამთარი და არის გაზაფხული. სწორედ ეს პერიოდია AI-ს პირველი გაზაფხული, როცა მთელი სამყაროს ყურადღება ასეთ პროექტებზე იყო მიპყრობილი და სამხედრო თუ აკადემიური მხრიდან დიდი დაფინანსებაც აქეთ მოემართებოდა. როცა ასეთი ადამიანურად მოაზროვნე ტექნოლოგიის შექმნა ვერ მოხერხდა, ისევ ხელოვნური ინტელექტის ზამთარი დადგა, რასაც ისევ გაზაფხული მოჰყვა, როცა AI-ს ცოტა სხვა პერსპექტივიდან შეხედეს. დღეს ჩვენ მესამე გაზაფხულის პერიოდში ვართ, როცა სამი კომპონენტი – დიდი მონაცემები, კომპიუტერული სიმძლავრე და ალგორითმი – თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს ქმნის. დღეს გვაქვს ისეთი გაზაფხული, როცა ზაფხულიც კი შეიძლება დაგვიდგეს – მანამდე ზაფხული საერთოდ არ მოსულა, გაზაფხულიდან ზამთარზე გადავდიოდით და პირიქით.

დღეს ხელოვნური ინტელექტის ძირითადი გამწევი ძალა კერძო კომპანიებია – Google, Meta და ა.შ. – ანუ კომპანიები, რომლებიც ინტერნეტმომხმარებელთა შესახებ უზარმაზარ მონაცემებს ფლობენ, გააჩნიათ კომპიუტერული სიმძლავრე და შეუძლიათ, AI გააძლიერონ და დახვეწონ. რაც უფრო მეტ მონაცემს ამუშავებს ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო იხვეწება. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა – რა შუაშია „ინტელექტი“, ამის გაკეთება ხომ ჩვეულებრივ კომპიუტერულ პროგრამასაც შეუძლია? AI ჩვეულებრივი პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ რაც უფრო მეტ მონაცემს ამუშავებს, მით მეტს სწავლობს. ამის შედეგად ის თავადვე იძენს ხედვას და თვითონვე შეუძლია, ამ მონაცემების მიხედვით ახალი პროდუქტი შექმნას.

დღეს ჩვენ მესამე გაზაფხულის პერიოდში ვართ, როცა სამი კომპონენტი – დიდი მონაცემები, კომპიუტერული სიმძლავრე და ალგორითმი – თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს ქმნის.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის „ზოგადი“ ინტელექტი: AI ორ ნაწილად იყოფა – ხელოვნური ვიწრო ინტელექტი (Artificial Narrow Intelligence) და ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (Artificial General Intelligence). დღეს ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწრო AI-სთან გვაქვს შეხება: თანამედროვე მოდელებს შეუძლიათ ტექსტის გადამუშავება, ვიდეოს ან ფოტოს დამუშავება, მაგრამ ვიდეოსთვის შექმნილ მოდელს არ შეუძლია, ChatGPT-სავით გესაუბროს. ისინი, ასე ვთქვათ, ვიწრო სპეციალიზაციის არიან და მხოლოდ იმ მონაცემის დამუშავება შეუძლიათ, რასაც ალგორითმით განუსაზღვრავ. ზოგადი ხელოვნური ინტელექტი კი ჯერჯერობით არ არსებობს, სამყარო ჯერ ახლოსაც კი არ მისულა ისეთი ტექნოლოგიის შექმნასთან, რომელსაც თვითონვე შეეძლება ისწავლოს რაღაც ახალი. თუკი AI ოდესმე ამას შეძლებს, მაშინ შევძლებთ იმაზე საუბარს, რომ რეალურად შეიქმნა ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ჰოლივუდურ ფილმებში ვუყურებდით.

თქვენ იკვლევთ სახელმწიფო სტრატეგიებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. როდის დაიწყეს ქვეყნებმა ასეთ სტრატეგიებზე მუშაობა, რამდენად ფართოდაა ეს პრაქტიკა გავრცელებული და რა არის ამ სტრატეგიების მთავარი ფოკუსი: ყურადღება რისკებზე უფროა გამახვილებული, შესაძლებლობებზე თუ კონკრეტულ პროექტებზე?

მე ამ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტს ელექტრონული მმართველობის ნაწილად განვიხილავ. მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრონული მმართველობა  სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ციფრული საშუალებაა. კომუნიკაცია მოიაზრებს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს იმის შესახებ აწვდის ინფორმაციას, თუ რას აკეთებს იგი, მოქალაქე კი სახელმწიფოს თავისი საჭიროებების შესახებ ატყობინებს. ეს შეიძლება იყოს სერვისების ციფრულად მიწოდება, ამ მხრივ კარგი მაგალითია ესტონეთი, სადაც ნებისმიერი საჯარო სერვისის მიღება ინტერნეტის გამოყენებითაა შესაძლებელი. ეს დიდწილად საქართველოშიც შესაძლებელია, თუმცა მაინცდამაინც კარგად ვერ მუშაობს, რადგან მთელი რიგი პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით. ციფრული მმართველობა ასევე ჩართულობასაც მოიცავს, სადაც მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ მონაწილეობის მიღება – იქნება ეს ელექტრონული პეტიცია თუ ინტერნეტ არჩევნები.

ესტონეთის სტრატეგიაში წუხილი იყო გამოთქმული, რომ AI-ზე მომუშავე დოქტორანტებს საკმარისი დაფინანსება არ ჰქონდათ და მიზნად იყო გაწერილი, რომ ასეთი დოქტორანტები წლიურად 50,000 ევროთი დაფინანსებულიყვნენ.

ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს ამარტივებს. ეს არ არის ცალკე აღებული პროდუქტი,  არამედ ეს არის ტექნოლოგიის მოდელი, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოს.  ხელოვნური ინტელექტის პირველი სტრატეგია 2017  წელს კანადაში მიიღეს, კანადის კვალს კი შემდეგ ბევრი სხვა ქვეყანაც მიჰყვა სტრატეგიების დამტკიცებით თუ სამოქმედო გეგმების შემუშავებით. ამ დოკუმენტების არსი მარტივად რომ განვმარტოთ, შეგვიძლია ისინი ქვეყნების კონსტიტუციებს შევადაროთ:  სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციები შეიძლება ძალზედ განსხვავდებოდეს – მაგალითად, აშშ-ის კონსტიტუცია ძალიან ძველი, ძალიან პატარა და ძალიან ზოგადია, მაშინ როცა ინდოეთის კონსტიტუცია უზარმაზარი და ძალიან დაწვრილმანებულია. AI სტრატეგიების შემთხვევაშიც ასეა: მაგალითად, ჩინეთს, რომელმაც სტრატეგია 2017 წელს მიიღო, ძალიან დიდი დოკუმენტი აქვს, სადაც 2030 წლამდეა გაწერილი ხელოვნური ინტელექტის განვითარების გეგმა და სხვადასხვა ეტაპად აქვს იგი დაყოფილი, ბელგიის დოკუმენტი კი უფრო ზოგადია.

სტრატეგიული დოკუმენტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – რაც შეიძლება მეტად განავითარონ ხელოვნური ინტელექტი. იმ დოკუმენტებში, რომლებსაც გავეცანი, რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული: ხელი შეუწყონ კერძო, საჯარო და აკადემიურ სექტორებს, რათა მათ მოახდინონ თავიანთ საქმიანობაში AI ტექნოლოგიის ინტეგრირება და, მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების განვითარებას შეუწყონ ხელი, ანუ ისეთი ტალანტების მოძიებას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობა შეუძლიათ, იქნება ეს კვლევა, ლექციების წაკითხვა თუ რამე სხვა.

რა ხდება ამ კუთხით ესტონეთში, რომელიც ციფრული განვითარებით გამოირჩევა და რომლის მაგალითსაც თქვენ ამჟამად სწავლობთ?

ესტონეთის მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის, არა მარტო ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ზოგადადაც. ესტონეთს ბევრ რამეში ვგავართ, ორივე ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ვართ, ესტონეთი უკვე იქ არის, სადაც ჩვენ გვინდა ყოფნა – იგი NATO-სა და ევროკავშირის წევრია. იგი ასევე ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც ჩვენზე პატარაა. ამის მიუხედავად, ესტონეთმა მოახერხა და ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს ციფრულ რუკაზე – იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ინტერნეტ არჩევნებს ატარებს, ეს არის არჩევნების ფორმა, როდესაც ამომრჩეველს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლია ხმის მიცემა.

ესტონეთმა AI განვითარების სტრატეგია 2019 წელს შეიმუშავა და მას კრატი (Kratt) დაარქვა. კრატი ესტონური მითოლოგიური არსებაა, რომელიც ფერმერებს ეხმარება და მათ ყველა დავალებას უსრულებს. მაგრამ თუკი დავალება ზუსტად არ იქნება გადაცემული, კრატი აუცილებლად იპოვის გზას, რომ იგი ისეთი ინტერპრეტაციით შეასრულოს, რომ ფერმერს საქმე გაუფუჭოს. აი, ასეთი სიფრთხილით ეკიდებიან ესტონელები ხელოვნურ ინტელექტს. მათ მიაჩნიათ, რომ თუკი ზუსტად არ განსაზღვრავ, რა და როგორ გამოიყენო, იგი შეიძლება საფრთხის შემცველიც გახდეს.

სტრატეგიის შემუშავებამდე ორი წლის მანძილზე ესტონელები კვლევას ატარებდნენ. მათ შექმნეს ორი ოცკაციანი ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით AI საჭიროებებს იკვლევდნენ. პირველი ჯგუფი შეხვდა ბიზნესის, აკადემიის, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს, ჩაატარა ფოკუს ჯგუფები და სიღრმისეული ინტერვიუები, რის შემდეგად შემუშავდა რჩევები, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. მეორე ჯგუფი სამართლებრივ საკითხებზე მუშაობდა და იკვლევდა, თუ რამდენად იყო ესტონეთის სამართლებრივი ჩარჩო მზად სახელმწიფოს მართვაში AI-ს ინტეგრაციისთვის. ორი ჯგუფის რეკომენდაციები 2019 წლის კრატის სტრატეგიას დაედო საფუძვლად. კრატი ოთხი ნაწილისგან შედგება და მოიცავს AI-ს ინტეგრაციას საჯარო სექტორში, კერძო სექტორში, კვლევებისა და განათლების სფეროში და სამართლებრივ საკითხებში.

თუკი დავალება ზუსტად არ იქნება გადაცემული, კრატი აუცილებლად იპოვის გზას, რომ იგი ისეთი ინტერპრეტაციით შეასრულოს, რომ ფერმერს საქმე გაუფუჭოს.

ფოტო: ესტონელი მხატვრის, ალექსანდერ პრომეტის ნახატი

ესტონეთის სტრატეგია სხვებზე უფრო დეტალურია. მაგალითად, პირველი, მმართველობაში ინტეგრაციის ნაწილი 30 ამოცანას მოიცავს – ვინ არის აქტორი, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტული ამოცანის ფარგლებში, რამხელა უნდა იყოს ბიუჯეტი. მაგალითად, ერთ-ერთი ამოცანა საგანმანათლებლო მოდულის შექმნას ისახავდა მიზნად, რათა AI-ს შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერება აემაღლებინათ. ამისთვის 300 000 ევრო გამოიყო. კერძო სექტორის პროექტები AI ინტეგრაციის თვალსაზრისით  კომპანიების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ცალკე დაფინანსება იყო გამოყოფილი IT კომპანიებისთვისაც, რომლებიც AI პროდუქტს შექმნიდნენ.

საინტერესოა კვლევის მიმართულებაც: მაგალითად, საქართველოში სადოქტორო პროგრამები უფასო არ არის და დოქტორანტებს იქით უწევთ თანხის გადახდა, რათა კვლევითი ნაშრომი შექმნან. არადა, როცა ადამიანი სადოქტოროზე მუშაობს, პირიქით, ის არის კადრი, რომელსაც სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. ესტონეთის სტრატეგიაში ამ მხრივ წუხილი იყო გამოთქმული, რომ AI-ზე მომუშავე დოქტორანტებს საკმარისი დაფინანსება არ ჰქონდათ და მიზნად იყო გაწერილი, რომ ასეთი დოქტორანტები წლიურად 50 000 ევროთი დაფინანსებულიყვნენ. ასევე გაწერილი იყო დაფინანსება ტარტუს უნივერსიტეტისთვის, რათა ყოველწლიურად მაგისტრატურის საფეხურზე 50 სტუდენტი მოემზადებინა, რომლებიც AI საკითხებზე იმუშავებდნენ.

მეოთხე, სამართლებრივი მიმართულების კუთხით კი ჩაიწერა, რომ ხელოვნური ინტელექტის მხრივ წინასწარი რეგულაციების გამოცემის საჭიროება არ იყო. ამ მხრივ, კანონმდებლობა პრეცედენტული უნდა ყოფილიყო და კონკრეტული შემთხვევების მიხედვით განვითარებულიყო. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ AI-თ მართვადი ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, რამაც კითხვა გააჩინა, ვის უნდა დაჰკისრებოდა პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევებში: სახელმწიფოს, რომელმაც ავტობუსი შეისყიდა თუ კომპანიას, რომელმაც იგი დაამზადა? მსგავსად, სამართლებრივი ჩარჩოც პრეცედენტული, ასეთ შემთხვევებზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო.

მსოფლიოს მასშტაბით 62 ქვეყანას უკვე მიღებული აქვს და ახორციელებენ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიას, 14 ქვეყანა კი ახლოს არის დოკუმენტის შემუშავებასთან, მათ შორის ჩვენი ორი მეზობელი – აზერბაიჯანი და სომხეთი. ჩვენ ჯერჯერობით ამ სიაში არ ვართ.

ჩემი კვლევის მეორე სამიზნე ქვეყანა ბელგია იყო, რომლის სტრატეგიაც, ესტონეთისგან განსხვავებით, ძალიან ზოგადია. აქ თავმოყრილია განმარტებები, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ შეიძლება მისი გამოყენება, მაგრამ არ არის ჩაშლილი კონკრეტული პროექტები ან ბიუჯეტი. თუმცა, ბელგია სამ რეგიონად არის დაყოფილი და თითოეულ რეგიონს AI-სთან დაკავშირებით საკუთარი სტრატეგია აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი რეგიონის, ფლანდრიის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების სტრატეგია ცალკე აქვთ და ყოველწლიურად 30 მილიონი ევროა გამოყოფილი, სადაც 12 მილიონი კვლევასა და აკადემიურ საქმიანობაში მიდის, 15 მილიონით ბიზნესს ეხმარებიან, სამი მილიონი კი ცნობიერების ამაღლებისთვის იხარჯება. მაგალითად, ლიუვენის უნივერსიტეტი ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს მხოლოდ იმისთვის იღებს, რომ AI-ზე კვლევა აწარმოოს.

საქართველოში რა ხდება ამ კუთხით? გვაქვს უკვე ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია ან თუ მუშაობენ ამჟამად მსგავს დოკუმენტზე?

სამწუხაროდ, ჩვენ ამ მხრივ ბევრ ქვეყანას ჩამოვრჩებით. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 62 ქვეყანას უკვე მიღებული აქვს და ახორციელებენ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიას, 14 ქვეყანა კი ახლოს არის დოკუმენტის შემუშავებასთან, მათ შორის ჩვენი ორი მეზობელი – აზერბაიჯანი და სომხეთი. ჩვენ ჯერჯერობით ამ სიაში არ ვართ. საუბრები ასეთი დოკუმენტის საჭიროებაზე მიდის, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, მზაობაც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცნაირად ვერ ხერხდება კონკრეტული დოკუმენტის შექმნა. ახლა იქმნება ელექტრონული მმართველობის სტრატეგია და, როგორც ვიცი, იმ დოკუმენტის ფარგლებში უნდა იყოს ზოგადი ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის შესახებ. დაყოვნების მიზეზი ბევრგან შეიძლება ვეძიოთ – ეკონომიკურ მდგომარეობაში, საზოგადოების ცნობიერებაში, პოლიტიკური ნების არარსებობაში, ტექნოლოგიური განვითარების დონეში და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ესტონეთში სტრატეგიის განხორციელებას მოჰყვა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო.

თუმცა მდგომარეობა არც ძალიან უიმედოა. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, უბრალოდ ამ ყველაფერს დოკუმენტის სახით კონსოლიდაცია, კოორდინირება სჭირდება. შეიძლება ქვეყანას AI სტრატეგია არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ვითარდებოდეს ამ მიმართულებით.  ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი ქაოტურადაა – ზოგმა სტრუქტურამ არც იცის, რომ AI-ს იყენებს, ზოგს კი ჰგონია, რომ იყენებს, არადა ეს არ არის ხელოვნური ინტელექტი. ანუ, ცნობიერების დონეც ძალიან დაბალია.

ესტონეთში ჩატარებულ ინტერვიუებში გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც იქ სტრატეგიის განხორციელებას მოჰყვა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. სწორედ ამ სტრატეგიის – კრატის – ფარგლებში შექმნა ესტონეთმა პროდუქტი – ბიუროკრატი (Bürokratt). როცა მოქალაქეს საჯარო მომსახურების მიღება დასჭირდება, იგი ბიუროკრატს მისწერს და დანარჩენს ხელოვნური ინტელექტი მოუგვარებს. ცალკე საკითხია, თუ რამდენად ეფექტიანია ეს პროექტი და რამდენად ამართლებს იმედებს. როცა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ვესაუბრე, მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სტრატეგიამ მოგვცა, ისაა, რომ ხალხმა – სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა – გაიგო, რა არის ხელოვნური ინტელექტიო. ალბათ, ჩვენთან ესეც გასაკეთებელია.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში „ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია“ დაფუძნდა, რომელიც ბიზნესის, საჯარო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს გააერთიანებს. თუ ამ ქვეყნებს ვერ დავეწევით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან არ ჩამოვრჩეთ მაინც. კარგი ის არის, რომ თავად AI-ს ახლანდელი გაგების ფენომენი ძალიან ახალია და, რაც არ უნდა გვინდოდეს, ძალიან ვერც ჩამოვრჩებით. შეიძლება ამ მხრივ უპირატესობაც კი გვქონდეს, რომ მათ გამოცდილებას ვხედავთ და მათი შეცდომებიდან სწავლა შეგვიძლია. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მდგომარეობაც და მომავალი სტრატეგია ქართულ რეალობას უნდა მოერგოს.

ესაუბრა ნინი გაბრიჭიძე

მსგავსი/Related

Back to top button