დაწურულადევროპა

ორბანი კუდიანებზე ნადირობას აგრძელებს

რა ხდება?

12 დეკემბერს, უნგრეთის პარლამენტმა, ჯეროვანი საყოველთაო განხილვების გარეშე და დასავლეთის პროტესტის ფონზე, მიიღო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ. ამბობენ, რომ ის “უცხოეთის აგენტების შესახებ” ევროკავშირის მიერ დაგმობილ და უარყოფილ კანონს ჩაანაცვლებს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი, ამ კანონს ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლის კიდევ უფრო გასაზრდელად გამოიყენებს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • უნგრეთის მთავრობის არადემოკრატიული ქცევა უკვე დიდი ხანია აშშ-სა და ევროკავშირის გაღიზიანებას იწვევს. ვაშინგტონმა „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი ღიად და ხისტად გააკრიტიკა მისი „დრაკონული“ ხასიათის გამო. მეორე მხრივ, საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს აღნიშნული კანონი ორბანით უკმაყოფილო ბრიუსელისა და  ბუდაპეშტის ურთიერთობებზე;
  • ავტორიტარების მიერ „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ეგიდით პოლიტიკის გატარება არახალი ფენომენია. აღნიშნული კანონით, შეიძლება ითქვას, რომ ორბანი კიდევ უფრო დაემსგავსა კრემლში მჯდომ უფროს მეგობარს;
  • ასევე საგულისხმოა, რომ ხელისუფლების გასამყარებლად და რეპრესიებისთვის გახაზირებული ამ კანონის გასამართლებალად უნგრეთს ევროკავშირში ლობიზმისა და უცხოური გავლენის შესახებ ახალი დირექტივა მოჰყავს საბაბად, თუმცა მისგან განსხვავებით, გამჭვირვალობითა და აღრიცხვით არ შემოიფარგლება და მკაცრ სანქციებსაც ითვალისწინებს;
  • მომავალ წელს ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი არჩევნები იმართება. ამ კონტექსტში, არსებობს მოსაზრება, რომ ახალი კანონი  შესაძლოა ორბანის პარტია „ფიდესის“ პოზიციების გამყარებას ისახავდეს მიზნად.

რას წერია კანონში?

ახალი კანონი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებელ, ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ორგანოს, “სუვერენიტეტის დაცვის სამმართველოს” ქმნის. აღნიშნულ უწყებას, რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრის წარდგინებით პრეზიდენტის მიერ დანიშნული ადამიანი უხელმძღვანელებს ექვსი წლის განმავლობაში. სენსიტიური ინფორმაცია მოიძიოს ინტერესის ნებისმიერი ობიექტის შესახებ. დროდადრო ანგარიშიც მომზადდება, სადაც მთავრობა უნგრეთის „მტრებს“ „ამხელს.“

სამმართველოს ხუთი ძირითადი ფუნქცია ექნება:

  • სუვერენიტეტისადმი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და განხორციელება;
  • სუვერენიტეტის დაცვისათვის მიღებული ზომების ანალიზი;
  • სუვერენიტეტის დაცვისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
  • ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება
  • პროფილური კვლევების დაფინანსება და განცორციელება, რისთვისაც სპეციალური კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამმართველოს საპარლამენტო კონტროლის გვერდის ავლით საშუალება ექნება, რომ უშიშროების სამსახურების დახმარებით აწარმოოს მოკვლევა ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით:

  • მესამე ქვეყნების ინტერესების განხორციელება (გარდა დიპლომატიური და პროფესიული წარმომადგენლობებისა)
  • ინფორმაციული მანიპულირება და დეზინფორმაცია
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებსა და სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
  • ამავე დროს , სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით დანაშაულად გამოცხადდა საარჩევნო პროცესში ჩართული პირების უცხოეთიდან დაფინანსებაც, და ამ საქმეებსაც ეს სამმართველო გამოიძიებს. კანონდამრღვევებს მკაცრი სასჯელი, მათ შორის პატიმრობა ელით.

საგულისხმოა, რომ კანონი ძალიან ზოგადი ენით არის დაწერილი და მისი ინტერპრეტაცია მხოლოდ უნგრეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, რაც კრიტიკოსების აზრით, რეპრესიებისთვის ნოყიერ საფუძველს ქმნის.

რას უნდა ველოდეთ?

ჯერჯერობით არ არის ბოლომდე ნათელი, თუ რა გავლენა ექნება ამ კანონს უნგრეთის შიდა თუ საგარეო საქმეებზე. სავარაუდოა, რომ ბრიუსელი ბუდაპეშტის მიერ სადავო კანონის აღსრულების ნაწილს დააკვირდება. ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებისა და უნგრეთის ოპოზიციურად განწყობილი წრეების რეაქცია ჯერ კიდევ წინ არის.

მსგავსი/Related

Back to top button