საგარეო საქმეთა კომიტეტების 16 თავმჯდომარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
აშშ სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთბების თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც ხელს მისი 15 კოლეგა აწერს ევროკავშირიდან და ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან. ხელმომწერები გმობენ “საგანგაშო რეპრესიულ ნაბიჯს,” რომელიც, მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა გადადგა უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებით.
მკაცრი ტონით დაწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ “პარლამენტის როლი მისი ხალხის ნების გამოხატულებაა, ქართველებმა კი არაორაზროვნად უარყვეს კრემლის მიერ შთაგონებული ეს კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან.” განცხადებაში ნახსენებია, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორებიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,” სამართლიანი არჩევნები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ხაზგასმულია რომ ისინი “საკვანძო როლს ასრულებენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე.” ხელმომწერნი აცხადებენ “რომ აშშ და ევროპა კვლავაც გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგანაც მათი ლიდერობა და ხედვა ჭეშმარიტი ქართული პატრიოტიზმის მაგალითია, განსხვავებით პარლამენტის იმ 84 წევრისაგან, ვინც გუშინდელი კენჭისყრით რუსეთს ამოუდგა მხარში.”
განცადების ხელისმომწერნი ასევე პირობას დებენ, რომ კვლავაც ქართველი ხალხის გვერდით იდგებიან და “ყოყმანის გარეშე აგებინებენ პასუხს რუსული სტილის კანონის მიღებაზე პასუხისმგებელთ, მათ, ვინც ძალადობის სამიზნედ აქცია მშვიდობიანი დემონსტრანტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის დამქაშებს.”
განცხადება სრულდება სიტყვებით: “ქართველ ხალხს ვუცხადებთ: თქვენ მარტო არ ხართ!”
განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ევროკავშირიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)