ევროპამთავარი თემა

ევროკომისიამ უცხოური გავლენის საწინააღმდეგო პაკეტი პარლამენტიდან გადასამუშავებლად გაიწვია

რა ხდება?

“დემოკრატიის დაცვის პაკეტი,” რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტში აგორებული სკანდალის საპასუხოდ შეიმუშავა და ევროპული ინსტიტუტების მტრული ჩარევისაგან დასაცავად ლობისტური საქმიანობის რეგისტრაციას ითვალისწინებდა, 1 ივნისს განხილვიდან გაიწვიეს.

რატომ დადგა დღის წესრიგში პაკეტის აუცილებლობა?

2022 წელს „კატარგეიტად“ წოდებული კორუფციული სქემის გამოაშკარავებამ ევროპელების ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ ევროსტრუქტურები მოწყვლადია მტრული და ავტორიტარული ქვეყნების – განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთის, მაგრამ ასევე უფრო პატარა სახელმწიფოების – მიერ საკუთარი ინტერესების უკანონოდ ლობირებისადმი.

დადგინდა, რომ ევროპარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები და მათთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი კატარის მთავრობისგან ფარულად მიღებული თანხებისა და პრივილეგიების სანაცვლოდ უკანონოდ ლობირებდნენ კატარის ინტერესებს ევროპარლამენტში. მსგავსი სქემები გამოვლინდა მაროკოსთან დაკავშირებითაც.

რას აპირებდა ევროკომისია?

საპასუხოდ, ევროკომისიამ 2023 წლის 16 თებერვალს წარმოადგინა ინიციატივათა პაკეტი, რომელშიც შედის:

  • ევროკავშირის საკომუნიკაციო დოკუმენტი.
  • დირექტივა საგარეო ჩარევის შესახებ (საკანონმდებლო აქტი).
  • რეკომენდაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის (არასავალდებულო რჩევა).
  • რეკომენდაცია საარჩევნო სისტემის კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის შესახებ (არასავალდებულო რეკომენდაცია).

პრობლემური სწორედ დირექტივა აღმოჩნდა, რომელიც ინტერესთა ყველა ჯგუფს (ლობისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკომუნიკაციო და ბიზნეს ორგანიზაციებს) დაავალებდა ლობისტური ხასიათის მქონე უცხოური – ანუ ევროკავშირის გარედან მომდინარე – დაფინანსების განცხადება/რეგისტრაციას.

რეგისტრაცია: საჩოთირო საკითხი

მთავარ საკამათო საკითხად შეიქნა პაკეტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხოურ წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას სავალდებულო რეგისტრაცია წესდებოდა.

  • ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა: “ ჩვენ არ მივცემთ ავტოკრატიული ქვეყნების ტროას ცხენებს ჩვენს დემოკრატიაზე შიგნიდან თავდასხმის საშუალებას.“
  • თუმცაღა ეს ნორმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიას შეახსენეს:
    • პოლიტიკური პრობლემა: ეს წინადადება ეგებ არსით არა, მაგრამ სახელითა და ფორმით ზედმეტად ჰგავდა “უცხოურ აგენტების შესახებ” რუსულ კანონს. ნახსენები იყო აგრეთვე საქართველოში მსგავსი კანონის წარმოდგენისა და ჩავარდნის პერიპეტიებიც.
    • სამართლებრივ-პოლიტიკური პრობლემა: დირექტივა საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელთან საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისობაშ მოყვანა წევრ ქვეყნებსაც ევალებათ. არასამთავრობოები შიშობენ, რომ ამ “ჰარმონიზაციის” პროცესს უფრო ავტორიტარულად განწყობილი ევროპული სახელმწიფოები (ძირითადად პოლონეთსა და უნგრეთზეა საუბარი) სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო შესაზღუდად გამოიყენებდნენ.
    • ტექნიკური პრობლემა: ევროკავშირის გარეთაა შვეიცარია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც აქტიურად აფინანსებენ სამოქალაქო სექტორს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ აქტივისტები შიშობენ, რომ დირექტივას ზოგიერთი სახელმწიფო სწორედ ამ დაფინანსების შესაზღუდად გამოიყენებდა და არა რუსულის, ჩინურის თუ კატარულის…

რა არის გასაკეთებელი?

ევროკომისიაც და მისი ამჟამინდელი წინადადების კრიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ რუსეთის, ჩინეთის და ათასი ჯურის კორუფციისკენ მომართული აქტორის საქმიანობის რეგულირება საჭიროა, თუმცა სულ უფრო მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ლობისტური საქმიანობის ეფექტური რეგულირებაზე საუბარი პარტიების დაფინანსების რეგულირების გარეშე შეუძლებელია.

  • სანაცვლოდ, “საერთაშორისო გამჭირვალობის” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელმა ევროკავშირს ევროპულ სტრუქტურებთან მომუშავე ყველა  ლობისტური ორგანიზაციის სავალდებულო რეგისტრაცია და მათი საქმიანობის ფინანსურ გამჭირვალობის გაზრდაზე მიმართული ზომების მიღება შეთავაზა. ამ გზით, მისი აზრით, არ მოხდება ცალკეული ორგანიზაციების სტიგმატიზება და ამავე დროს ლობისტური საქმიანობის ბევრ  საეჭვო დეტალს ნათელი მოეფინება.
  • პარტიების დაფინანსების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება არსამთავრობოების დაფინანსების მოცულობას და სწორედ პოლიტიკური პარტიებია ლობისტური გავლენის მთავარი გამტარი. თუმცა მათი დაფინანსების გამჭვირვალობის პრაქტიკაში უზრუნველყოფა ფრიად რთული საქმეა. განსაკუთრებით იმ შემთხევევბში როდესაც პარტია უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას.

რა მოხდება ახლა ?

ევროკომისიის წარმომადგენლებმა უარყვეს შემოთავაზებული პაკეტის რუსული ან თუნდაც ამერიკულ კანონთან რაიმე მსგავსება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს წინადადება ორთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგი იყო და რომ რეგისტრაციით არ ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რაიმე სპეციალურ სტატუსის (როგორც “უცხოეთის აგენტია”) მინიჭება და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მათი სტიგმატიზაციაც. თუმცა პოლიტიკური ფასი ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და დირექტივა განხილვიდან გაიწვიეს.

კომისიაში დარწმუნებული არიან, რომ ზოგიერთი მთავრობა და ორგანიზაცია სათანადოდ ვერ აფასებს პრობლემის მასშტაბს და ფორმაზე უფრო რეაგირებს, ვიდრე შინაარსზე. გაჟღერდა ვერსია, რომ არასამთავრობოებს არ აწყობთ დაფინანსების წყაროების გაჟღერება  არა ავტოკრატიულ რეჟიმებთან კავშირის გამო, არამედ მათ დაფინანსებაში აშშ-სთან დაკავშირებული ფულის დიდი წილის გამხელის პერსპექტივის გამო.

ახლა ევროკომისია გამოთხოვილი პაკეტის კონკრეტულ კონტექსტში შესაძლო რისკების დეტალურ ანალიზს ჩაატარებს არასამთავრობო სექტორთან და სამართლებრივ ექსპერტებთან ერთად. აღმოჩენილ პრობლემებს გაითვალისწინებენ და, ალბათ, ექვს თვეში დააბრუნებენ ევროპარლამენტის განსახილველად.

თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეგება ამ პაკეტის განხილვა 2024 წლისთვის დაგეგმილი არჩევნებისათვის კამპანიის კონტექსტში ვერც მოესწროს.

Back to top button