სად გაქრა დასავლეთის ნება?!
უკრაინაში დღეს არსებული ვითარება ძალიან წააგავს იმას, რაც ფინეთში 1940 წლის მარტში ხდებოდა. ამ პატარა ქვეყანას საბჭოთა არმია თავს 1939 წლის 30 ნოემბერს დაესხა. “სამ დღეში ჰელსინკიში ვიქნებით”, – უთხრა მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ალექსანდრა კოლონტაის, საბჭოთა კავშირის ელჩს შვედეთში. სტალინს უკვე მზად ჰყავდა ჰელსინკიში დასასმელი მთავრობა. თუმცა საქმე კრემლის გეგმის მიხედვით არ განვითარდა. ფინელი ხალხის გმირულმა წინააღმდეგობამ აღაფრთოვანა დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეები. პარიზიდან, ლონდონიდან და ვაშინგტონიდან მათი მხარდამჭერი დეკლარაციების ნიაღვარი მოედინებოდა. თუმცა ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა.
ფრანსუაზ ტომი კლასიკური, მათ შორის რუსული, ლიტერატურის სპეციალისტია, ის საბჭოთა ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლის პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.
(იბეჭდება შემოკლებით)
საწყისი მარცხის მიუხედავად, სტალინი საბჭოთა ჯარის დანაკარგებს არ შეუშინდა და ზეწოლა გააორმაგა. 1940 წლის 11 თებერვლისთვის საბჭოთა ჯარებმა ფინელების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. მარშალი მენერჰეიმი დაცვის მეორე ხაზზე გამაგრდა, მაგრამ 19 თებერვალს ეს ხაზიც დაეცა. 28 თებერვლისთვის მანერჰეიმს თავდაცვისთვის ტყვია-წამალი აღარ ჰქონდა და 29 თებერვალს სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ფრონტის ხაზი ჩამოშლის ზღვარზე იყო.
11 მარტს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებმაც აქამდე თვეები გალიეს იმაზე საუბარში, თუ კერძოდ როგორ უნდა დახმარებოდნენ ფინეთს, ოფიციალურად აცნობეს ჰელსინკის, თუკი დახმარებას ითხოვთ, ევროპული საექსპედიციო კორპუსი ფინეთისკენ გაემართებაო. 15 მარტს ამ ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებული იყო. ოღონდ 13 მარტს ფინეთს სსრკ-სთან ზავი უკვე დაედო.
საუბრებში ჩართული დიპლომატი, რეიმონდ ბოიერ დე სენ-სუზანი წერდა, რომ ფრანგი გენერალი გამლანი და მისი ბრიტანელი კოლეგა გენერალი აირონსაიდი “იმდენ ხანს აჯანჯლებდნენ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელებას, რომ მერე უკვე გვიანი იყო”. გამლანის შემთხვევაში “სრულიად გაცნობიერებულ საბოტაჟთან გვქონდა საქმეო”, ამბობდა დიპლომატი. საფრანგეთის მთავრობის მეთაური, დალადიე, ბევრს იმუქრებოდა, მაგრამ “როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ჭოჭმანი იპყრობდაო”.
თუკი დღეს უკრაინას ისევე ჩავაბარებთ რუს ჯალათს, როგორც ფინეთი მივუგდეთ საბჭოეთს 1939-40 წლებში, ჩვენს მოწინააღმდეგედ აღზევდება დასავლური ცივილიზაციისადმი სიძულვილით შედუღაბებული დიქტატურების ალიანსი.
კრემლის პროპაგანდამ თავის მიზანს მიაღწია. თვეების განმავლობაში მოსკოვის დამქაშები დასავლელ დიპლომატებსა და მეთაურებს უჩურჩულებდნენ, თუკი მოკავშირეები ფინეთს დაიცავენ, ამით სტალინს ჰიტლერთან ალიანსისკენ უბიძგებენ, არადა კრემლს დასავლეთთან მორიგება ურჩევნიაო.
სინამდვილეში, სანამ ეს საუბრები მიდიოდა, ნაცისტურ-საბჭოთა ალიანსი უკვე არსებობდა და მოქმედებდა, რათა დემოკრატიული ქვეყნების პარალიზება მოეხდინა. დე სენ სუზანი ასევე წერდა: “შეგრძნება მქონდა, რომ დასუსტებული და თავდახრილნი ვიდექით, ტრაგიკულად უსახური დღეები იდგა”. დალადიე კი ასე ამბობდა: “ყველაზე საშინელი ისაა, რომ დიადი სახელმწიფოს პოლიტიკის გატარებას ვცდილობთ, არადა, კარგა ხანია, დიადი სახელმწიფო აღარ ვართ. ჩვენი იმპერია ცარიელი სიტყვებია”. ფინეთის ამბებში დემოკრატიული ქვეყნების ეს საზარელი ფიასკო საფრანგეთის 1940 წლის მაის-ივნისის კატასტროფის მომასწავებელი იყო.
ამ ისტორიის გამოძახილი დღეს კარგად გვესმის. თუკი დღეს უკრაინას ისევე ჩავაბარებთ რუს ჯალათს, როგორც ფინეთი მივუგდეთ საბჭოეთს 1939-40 წლებში, მალე შეიძლება სულ სხვა რიგის განსაცდელის წინაშე დავდგეთ – ჩვენს მოწინააღმდეგედ აღზევდება დასავლური ცივილიზაციისადმი სიძულვილით შედუღაბებული დიქტატურების ალიანსი.
დამბლის მიზეზები
მნიშვნელოვანია, გავიაზროთ იმ დამბლის მიზეზები, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებს იპყრობს, როცა რადიკალური რეჟიმების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. პიროვნულ დონეზე, ასევე შეშდებიან ხოლმე ზომიერი პოლიტიკოსებიც, როცა მათ პატარა, მაგრამ ყველაფერზე წამსვლელი აგრესიული უმცირესობა უპირისპირდებათ. გამჭრიახმა პიერ დე ლ’ესტუალმა, ჰენრი მეოთხის თანამზრახველმა, ჯერ კიდევ 1589 წელს, პარიზის პირველი რევოლუციური კრიზისისას აღნიშნა: “მაშინ კარგი ადამიანები შიშისგან გავქვავდით… ძალა არ გვალკდა, მაგრამ სიმამაცემ გვიმტყუნაო”. ლ’ესტუალი ამას რელიგიური ომების შესახებ წერდა. მაშინ ექსტრემისტ კათოლიკეთა ლიგამ ძალადობით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინიც რაღაც გაგებით რევოლუციონერია, რამდენადაც მას მსოფლიო წესრიგის აყირავება სურს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რეაქციული გეგმა შეიძლება რევოლუციური მეთოდებით განხორციელდეს: სწორედ ეს მოიმოქმედა ჰენრი მეოთხის დროს კათოლიკეთა ლიგამ და ამასვე აკეთებს დღეს პუტინიც.
პროპაგანდა და “რეალიზმი”
ჩვენი პასიურობის უშუალო მიზეზი მტრის მიერ წარმოებული პროპაგანდა და დემოკრატიულ ქვეყნებში მისი გამავრცელებლები არიან. მოვუსმინოთ მარკ ბლოხს, რომლის წიგნი “უცნაური დამარცხება” 1940 წლის ივლის-სექტემბერში დაიწერა და აუცილებლად გადასაკითხია.
ბლოხის დაკვირვებით, მაშინდელი “პაციფისტები” (რომლებიც დღევანდელ “რეალისტებს” მოგვაგონებენ) “ამბობდნენ, რომ მთავარია ინტერესები და ამ ეგრეთწოდებული “ინტერესის” ისეთ გაგებას აყალიბებდნენ, რომელიც ფრიად შორს იდგა მსოფლიოს რეალური აღქმისაგან. ამით მათ მოახერხეს ცხვრის ფარასავით ემართათ ხალხი. ისინი მიმდევრებს ჩასჩიჩინებდნენ, რომ ომი გაუმართლებელ ნგრევას იწვევს, რაც მართალი კია, ოღონდაც ამის თქმისას არაფრით განახვავებდნენ იმ ომებს, რომელთაც საკუთარი ნებით იწყებთ იმ ომებისაგან, რომლებსაც მტერი გახვევთ თავს, ანუ არ განასხვავებდნენ მკვლელობას მოგერიებისაგან. მე კარგად მესმოდა, როგორ ჩურჩულებდნენ ისინი სალონებში, რომ ჰიტლერელები არც ისე ცუდები იყვნენ, რომ მათ ცილს სწამებდნენ. ყველას აწყობდა ვითარების ასე დანახვა, მათი ქადაგება ეხმიანებოდა იმ ეგოისტურ ინსტინქტებს, რომლებიც სხვა, უფრო ღირსეულ თვისებებთან ერთად, ნებისმიერი ადამიანის გულშია დაბუდებული”.
რუსეთი ცდილობს დასავლეთს მიაწოდოს ის მზა არგუმენტები, რომლითაც ისინი საკუთარ სიმხდალეს და უკრაინის ღალატს გაამართლებენ.
დღეს რუსეთის ფსიქოლოგიური ომი “კოლექტიური დასავლეთის” წინააღმდეგ ასეთივე გათვლას ეყრდნობა. მათ ორი ძირითადი ბერკეტი გააჩნიათ: დაშინება (ომის, განსაკუთრებით კი ატომური ომის შიში ევროპაში) და დემორალიზება. მათი მიზანი მარტო ის კი არაა, რომ დასავლური დემოკრატიები იმდენად დააშინონ, რომ მათ უკრაინის გამარჯვებას არ დაუჭირონ მხარი, არამედ ისიც, რომ დასავლეთს მიაწოდონ ის მზა არგუმენტები, რომლითაც ისინი საკუთარ სიმხდალესა და უკრაინის ღალატს გაამართლებენ.
სწორედ ამ საქმეში გამოჩნდა საუკეთესოდ კრემლის შემოქმედებითი მიდგომა. პირველი ამოცანა უკრაინის მორალური უპირატესობის გაუფასურება იყო. ამისათვის ყველა არგუმენტი გამოიყენეს: კიევის ელიტების კორუფცია, უთანხმოება უკრაინელ ლიდერთა შორის, ის, რომ ზელენსკის კამერებთან პოზირება ზედმეტად უყვარს… ამასთან, ცინიკური ფსევდო-ჰუმანიზმიც ჩართეს: განა არ უნდა დასრულდეს უკრაინელების ეს უმიზნო წამება?! ხალხისა, რომელიც ასე იქნება თუ ისე, მაინც დედა რუსეთს უნდა დაუბრუნდნენ…
არც ბლოხის მიერ ნახსენები ძველი არგუმენტი დავიწყებიათ: კრემლის დამქაშები ამტკიცებენ, რომ დასავლეთის აგრესიულობა მოსკოვს პეკინისკენ უბიძგებს, არადა განა დასავლეთის ინტერესებში არ უნდა იყოს, რუსეთი ჩინეთს ორბიტას მოსწყვიტოს?
ამგვარად, რუსეთი თავიდანვე ჩამოვიდა ფსონს დასავლეთის სისუსტეზე და დასავლელ ლიდერებს თავიანთი უკანდახევების გასამართლებლად სოფიზმების მთელი არსენალი შესთავაზა.
ინტელექტუალური ლეთარგია
რუსეთის მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ომის გარდა, ჩვენს საზოგადოებებს შიგნითაც არსებობს მიზეზები, რომლებიც მოსკოვის მანიპულაციებს ეხმარება. მარკ ბლოხი საუბრობდა “მმართველი კლასის ინტელექტუალური ლეთარგიის” შესახებ: “ჩვენი პოლიტიკური ლიდერები იმდენად დახარბებული არიან “შიდა წყაროებისგან” მიღებულ ცნობებს, რომ, ისინი რასაც “ღირებულ ინფორმაციად” ასაღებდნენ, საბოლოოდ რაღაც შეხვედრებზე შემთხვევით მოსმენილი ჭორები გამოდგა. მთელ გლობალურ და სახელმწიფოებრივ პრობლემებს ისინი მხოლოდ პიროვნული დაპირისპირების კუთხით ხედავენ. […] რატომ გვიკვირს, რომ დაზვერვის სამსახურების კადრები შესაბამისად არ იყვნენ მომზადებული? ისინი ხომ იმ წრეებს ეკუთვნოდნენ, რომლებშიც ინფორმაციის წყურვილი თანდათანობით განელდა? სადაც უცოდინრობას ლამაზი სიტყვებით – “რეალიზმი” – მოსავდნენ, იმ ხალხს ცხვრიწინ “მაინ კამპფი” რომ სდებოდათ, მაინც აარიდებდნენ თვალს ნაციზმის რეალურ მიზნებს. […] ცოდნის ძიებისას სიზარმაცე დამღუპველ გულარხეინობას იწვევს”.
ბლოხი ფიქრობდა, რომ ხალხს შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ბოროტებისთვის, მზადაც კი იყვნენ ამისათვის, მაგრამ ჩვენ “რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნათელი და საიმედო ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, ინფორმაცია, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაციონალურად მოქმედება? ვაღიაროთ – არც არაფერი. […] ეს იყო ჩვენი, ეგრეთწოდებული დემოკრატების, უდიდესი დანაშაული”.
ყველაფერი, რასაც ბლოხი სიმწარით წერდა, დღევანდელობასაც ეხება. მის მიერ აღწერილ პრობლემებს ემატება ცნობიერებაზე მასმედიის არნახული გავლენა და დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკური კულტურის შემზარავი დეფიციტი.
ფინეთის ფიასკოს შემდეგ პრეზიდენტი დალადიე მალევე, 20 მარტს, გახდა იძულებული გადამდგარიყო იმიტომ, რომ ფრანგმა ხალხმა გააცნობიერა კატასტროფის მასშტაბი. დღეს, უკრაინაზე რუსეთის გამარჯვების შესაძლებლობის შემხედვარე, ჩვენი მოქალაქენი წარბსაც არ ატოკებენ, რადგან მათ არ ესმით, თუ რა დევს სასწორის პინაზე.
ერთ სენსაციას მეორე ცვლის, ერთი მოვლენა მეორეს შლის, მეხსიერებაში კი მხოლოდ ემოციები და განცდები რჩება.
ყოველდღიური სიახლეების კალეიდოსკოპური ცვლით მონუსხულები მსოფლიოს ლოგიკურად ვეღარ აღვიქვამთ. ერთ სენსაციას მეორე ცვლის, ერთი მოვლენა მეორეს შლის, მეხსიერებაში კი მხოლოდ ემოციები და განცდები რჩება. ჰამასის საზარელმა თავდასხმამ ისრაელზე უკრაინის ყოველდღიური ჯვარცმა გადაგვავიწყა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით ჩვენს საზოგადოებაში გამოღვიძებულმა ვნებებმა ყურადღება მოსწყვიტა რუსეთ-უკრაინის ომს , არადა იქ საქმე სწორედ ჩვენი, ევროპული ერების თავისუფლებას ეხება.
როგორ უნდა მოველოდეთ ჩვენი ლიდერებისგან, რომ მოქმედების თანმიმდევრულ და გრძელვადიან გეგმას ჩამოაყალიბებენ, თუკი ჩვენ თვითონ იმ წამშივე ვკარგავთ ფოკუსს, როცა კი ახალი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა დაიდება ან მედია რაიმე სენსაციას გააღვივებს?
მოვლენათა ლოგიკური თანმიმდევრობის აღქმა იმდენად დავკარგეთ, რომ ჩვენს გარშემო მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ვეღარ აღვიქვამთ, სამაგიეროდ, მუდმივად ვიმყოფებით ემოციური აჟიტირების მდგომარეობაში , რაც მერე ადვილად გარდაისახება შეთქმულების თეორიების რწმენად.
უარესი ისაა, რომ ისინი, ვინც ცდილობენ ფხიზელი თვალით შეხედონ ვითარებას, მტრულ განწყობას ეჩეხებიან. მათ, ვინც პუტინის გეგმებზე გვაფრთხილებდა, რუსოფობები ვეძახეთ, არადა ეს ხალხი იცნობს რუსეთის ისტორიას, აცნობიერებს ამ ისტორიის ტვირთს და ამიტომ პოსტსაბჭოთა რუსეთის დემოკრატიზაციის პერსპექტივებს თავიდანვე სკეპტიკურად აფასებდნენ.
მათ, ვინც პუტინის გეგმებზე გვაფრთხილებდა რუსოფობები ვეძახეთ, არადა ეს ხალხი იცნობს რუსეთს ისტორიას
ამგვარი დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად ალერგიულია ჩვენი საზოგადოება აზროვნების თავისუფლებისადმი, რამდენად გაცნობიერებულად ვირჩევთ უმეცრებას, რა კმაყოფილებით უკუვაგდებთ განათლებას და რისთვის?! იმიტომ, რომ გვინდა სხვების ტოლ-სწორად ვგრძნობდეთ თავს? ბიუროკრატიული კომფორტისათვის?! ეს ხომ კრემლის საუკეთესო მოკავშირეებია. ხედვის ჰორიზონტის ამგვარ დავიწროვებას მივყავართ მზარდი პროვინციალიზმისაკენ, როცა პარტიულ დაპირისპირებებში ჩართულნი ვკარგავთ საზოგადო სიკეთის, გრძელვადიანი ინტერესების ხედვას. მოსკოვი აქტიურად აღვივებს ვიწრო პროვინცილიზმს, ფანატიზმს, ანტაგონიზმს, ჩაკეტილობასა და წარსულის აღქმის დაკარგვას. სწრორედ ამით ცდილობს პუტინის რეჟიმი დემოკრატიული ქვეყნების დამხობას.
სანამ ხალხის თავში დომხალია, მოქმედება შეუძლებელია და დემოკრატიული ქვეყნები პუტინის დასაცინი ხდება. ჩვენმა მოქალაქეებმა და ლიდერებმა უნდა მოახერხონ ახალი ამბებით პერმანენტული დაბომბვისაგან “გამოთიშვა”. მიმდინარე მოვლენების პროპორციები და პერსპექტივა რომ ზუსტად დავინახოთ და შევაფასოთ, ისტორიის აღქმის კულტურა გვჭირდება.
ბლოხიც ამბობდა, “ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს სკოლებში უახლეს ისტორიას არ ასწავლიან. პირიქით, უახლესი ისტორია სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ აწმყოზე, ან უახლოეს წარსულზეა ფოკუსირებული, მასწავლებელი ვერ ახერხებს მოვლენების ახსნას – იმ ოკეანოგრაფივით, რომელიც აქაოდა ცა შორიაო, ზემოთ აღარ იყურება და ამიტომ მიქცევა-მოქცევების მიზეზს ვერ ხსნის. წარსული არ განსაზღვრავს აწმყოს, მაგრამ წარსულის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აწმყოს გაგება”.
“წარსული არ განსაზღვრავს აწმყოს, მაგრამ წარსულის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აწმყოს გაგება”.
მარკ ბლოხი, 1940
რა შეუძლია ისტორიას გვასწავლოს, რას უნდა მოველოდეთ პუტინისა და პუტინის შემდგომი რუსეთისაგან? სულ მალე პუტინის მმართველობის ხანა სტალინისას გაუტოლდება. ორივე დიქტატორი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში კატასტროფად შეფასდებოდა: სისხლისღვრა, ეკონომიკური ვარდნა, ხალხის მასიური დამონება. მაგრამ ორივე დიქტატორმა მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება პირველ რიგში იმიტომ, რომ ორივე რუსი ხალხის სიღრმისეულ მისწრაფებებს პასუხობდა: მონობაში გაზრდილი ნებისმიერი ადამიანის თუ ერის გულშია ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, უფრო მდიდარი და ბედნიერი მეზობელი ერების დამცირების სურვილი, ევროპისა და დასავლეთის დაშინებით გამოწვეული სიხარული, რუსეთის მეტაფიზიკური უპირატესობის დადასტურებით გამოწვეული სიამაყე.
პუტინიც და სტალინიც რუსული სახელმწიფოს მარცხის შემდეგ მოვიდნენ სათავეში და მიხვდნენ, რომ მათი დესპოტური მმართველობის გაგრძელების გარანტია იმპერიის აღდგენის დაპირება იყო, რაც მოითხოვდა ქვეყნის გიგანტურ საარმიო-საპოლიციო ინსტრუმენტად გადაქცევას, რომლის მთავარი ამბიციაც “რუსული მიწების შეგროვება” იქნებოდა. ამგვარად, ორივე ჩაეწერა რუსული ისტორიის განვითარების მაგისტრალურ ხაზში, რომელიც მე-15 საუკუნიდან მოყოლებული ყოველ წელს ნიდერლანდებისხელა ტერიტორიით იზრდებოდა. რომანოვების სამასწლიან მმართველობაზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოვა, რომ რუსეთი დღეში 140 კვადრატულ კილომეტრს იპყრობდა. სწორედ ტერიტორიული ექსპანსიით ამართლებდნენ რუსი მმართველები ავტოკრატის აუცილებლობას – ეს იყო რუსული სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია.
რომანოვების სამასწლიან მმართველობაზე თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ რუსეთი დღეში 140 კვადრატულ კილომეტრს იპყრობდა.
თუკი პარტიული შინაბრძოლით დაბრმავებული აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, პუტინი გაიმარჯვებს. მეტიც, მას ევროპის დასამონებლად მეტი მიზეზი ექნება: იმპორტის ჩანაცვლების მცდელობის კრახმა მას დაანახა, რომ რუსეთი ევროპაზე დამოკიდებულია, ხოლო მოსკოვს ყოველთვის სურს, გააკონტროლოს ისინი, ვისზე დამოკიდებულადაც მიიჩნევს თავს. ჩინეთი ამისთვის ზედმეტად დიდი და ძლიერია, აი, ევროპის ხელში ჩაგდება კი რუსეთმა უკვე თითქმის მოახერხა – უკრაინის ომის დაწყებამდე. ამიტომაც, უკრაინის მარცხის შემთხვევაში კრემლი განაახლებს ევროპის “შროდერიზაციის” პროცესს. შეიძლება ეს პუტინმა გააკეთოს, შეიძლება პუტინის მემკვიდრემ “პერესტროიკა-2”-ის წამოწყებით, მაგრამ ამოცანა იგივე იქნება: ევროპის ადამიანური და მატერიალური რესურსების ხელში ჩაგდება და რუსული ძალაუფლების მანქანისათვის მისი გამოყენება.
პუტინს სჯერა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ის აღადგენს ურთიერთობებს დასავლეთთან, მით უფრო თუკი იქ ისეთი “შინაგანი ძვრები” მოხდა, როგორის იმედიც მას აქვს. კრემლს სწამს, რომ დასავლეთი ვერ გაუძლებს უზარმაზარ რუსულ ბაზარზე დაბრუნების ცდუნებას.
დასავლელებს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც ჩვენ ვართ სუსტები. ეს პუტინს კარგად ესმის. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიდეთ დამბლიდან და ჩვენი ძლიერი მხარეები კრემლზე ზეწოლის ბერკეტად გამოვიყენოთ. ჩვენმა სანქციებმა იმუშავა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან არასწორი სამიზნე შევარჩიეთ. ჩვენმა ლიდერებმა რუსული სახელმწიფო ამოიღეს მიზანში, არადა კრემლი მაფიოზური რვაფეხის პრინციპებზეა აწყობილი. მისი საცეცები ყველგანაა – აფრიკაში პუტინის დაქირავებული ჯარისკაცების მიერ მიტაცებული ოქრო პირდაპირ მიდიოდა უკრაინაში აგრესიის დასაფინანსებლად. ოლიგარქების სახელმწიფოსგან მოპარული ფულიც პუტინის სამხედრო ხაზინაში აღმოჩნდა. რუსული დიასპორა სისტემატიურად ამუშავდა კრემლის სამხედრო მიზნების საკეთილდღეოდ. ვინც ამ წესებს არ დაემორჩილა, ფანჯრებიდან გადმოცვივდა და უცნაური “თვითმკვლელობების” სერიით დაასრულა ცხოვრება.
რუსი მზვერავების გაძევება დასავლეთის ქვეყნებიდან სწორი – და დაგვიანებული – ნაბიჯი იყო. მაგრამ რუსეთის გავლენა არაფორმალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება და კვლავაც გრძელდება.
ჩვენი გამარჯვებისთვის აუცილებელია კრემლის კრიმინალური კორპორაციის განადგურება, მისი საცეცების ამოშანთვა ჩვენს ქვეყნებში. საქმეს ასე თუ მივუდგებით, სანქციებიც უკეთესად ამოქმედდება. რუსეთს “ტიტანიკს” ადარებენ, რომელიც აისბერგს შეეჯახა და გზას აგრძელებს, მაგრამ მისი ნაკვეთურები ერთი მეორის მიმდევრობით ივსება წყლით.
ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ, უკრაინის მხარდაჭერა გავაორკეცოთ, რუსეთს მივუთითოთ, რომ სანამ მათი ჯარები მეზობლების ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, სანქციები დამძიმდება მანამ, სანამ ტიტანიკი ოკეანის ფსკერზე არ აღმოჩნდება. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის დამონებაც შეუძლია და სანქციების მოხსნაც. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ეს შეუძლებელია.
ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა