skip to content
ინტერვიუ

ინტერვიუ | ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ბეტინა პატრიცია ბუგანი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე დაარსდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მისიის ამოცანაა დიალოგის მონიტორინგი და ხელშეწყობა, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის ერთ-ერთი ხელშესახები გამოვლინებაა. “სამოქალაქო საქართველოს” ჰქონდა პატივი გასაუბრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს, ბეტინა პატრიცია ბუგანის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ქალბატონი ბუგანი სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა გაეროსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში/ჟანდარმერიაში. მანამდე იგი მუშაობდა სამშვიდობო მისიებში, რომლებიც ხასიათდებოდა რთული პოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტებით, მათ შორის პოლიციის კომისრად MINUSMA-ში (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).

ჩვენ მას ვესაუბრეთ მისიის მუშაობისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების, ადგილზე არსებული სიტუაციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის როლის, ასევე სხვა საკითხების შესახებ.


ქალბატონო ბუგანი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად თქვენ მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნეთ. მისია ფუნქციონირებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან. შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მკითხველს, რა არის თქვენი, როგორც მისიის ხელმძღვანელის მთავარი მიზნები, და რის მიღწევას ისურვებდით თქვენი საქმიანობის პერიოდში?

ჩემი, როგორც მისიის ხელმძღვანელის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენი მისიის ძირითად მანდატთან, რაც საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. მე მსურს განვავითარო ჩვენი მისიის 15 წლიანი მემკვიდრეობა და უზრუნველვყო ჩვენი მნიშვნელოვანი როლის ეფექტურად და ეფექტიანად  შესრულების გაგრძელება.

ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიზანია დავინახო, რომ ჩვენს საქმიანობას მივყავართ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების კონკრეტულ, მნიშვნელოვან გაუმჯობესებამდე. სწორედ ამიტომ, მე მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივ თემებთან აქტიურ ურთიერთქმედებაზე. ჩვენი დამკვირვებლები ესაუბრებიან ადგილობრივ მოსახლეობას მათი საჭიროებებისა და წუხილების გასაგებად. შესაბამის დროს, ჩვენ ვუზიარებთ ამ ინფორმაციას მათ, ვისაც შეუძლია დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, რომ ჩემი საქმიანობის  დასრულებისას, ჩვენ გვექნება გაწეული დახმარება ვითარების გასაუმჯობესებლად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან კონფლიქტის ძლიერ გავლენას.

ჩემი მიზანია ასევე გაძლიერდეს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ თემებში, ჩვენი მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფის გზით. ჩვენს დამკვირვებლებს ხშირად ესმით ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, რომ ჩვენი პატრულირების წყალობით, ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ. როდესაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, შეუძლიათ განაგრძონ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება შიშის და დაშინების გარეშე – დაამუშაონ მიწები, მოუარონ შინაურ ცხოველებს და მშვიდად მოინახულონ რელიგიური ადგილები და ნათესავები.

რაც შეეხება ჩვენი მისიის საქმიანობას, ჩემი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ყველაფერმა შეუფერხებლად იფუნქციონიროს. ეს ნიშნავს ჩვენი მოწადინებული საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის გაძღოლას და წარმართვას. ისინი არიან ადგილებზე და ყოველდღიურად პასუხისმგებელნი არიან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე დაკვირვებასა და ანგარიშგებაზე. მათი მუშაობა ჩვენი მისიის სანდოობისა და მისი საქმიანობის შედეგის საფუძველია. და ბოლოს, მინდა კიდევ უფრო გავამყარო ის შესანიშნავი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოში ევროკავშირის სტრუქტურების სისტემაში.

ახლა, როდესაც პირველი რამდენიმე თვე გაატარეთ საქართველოში, მოახერხეთ თუ არა სიტუაციის უფრო დეტალურად შესწავლა? რა არის თქვენი პირველი დაკვირვებები? გამოიკვეთა თუ არა ისეთი რამ, რასაც არ ელოდით?

თანამდებობის დაკავების დღიდან, ჩემი ძირითადი აქცენტი იყო საქართველოში უსაფრთხოების ვითარების და იმ პრობლემების საფუძვლიანი გაგება, რომლებსაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები აწყდებიან. მე ამას მივაღწიე ჩემს გუნდთან განხილვებში ჩართვისა და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრების გამართვით, რომელთა შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ მიდგომამ მომცა საშუალება შემეგროვებინა სხვადასხვა შეხედულება უსაფრთხოების არსებული ვითარებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. თანაბრად ფასდაუდებელი იყო პატრულირებები, რომელიც მე განვახორციელე ჩვენი სამი რეგიონური ოფისის სპეციალურად განსაზღვრულ ჯგუფებთან ერთად. პრიორიტეტად მივიჩნიე, რომ რაც შეიძლება მალე უშუალოდ ჩავრთულიყავი და საფუძვლიანად მიმეღო მონაწილეობა ჩვენი დამკვირვებლების ადგილზე მუშაობაში, რომლებიც 24/7-ზე პატრულირებენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე.

ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა საკუთარი თვალით ნანახმა პატრულირებების დროს. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მოსალოდნელის წარმოდგენა, ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყროებსა და ცხოვრებაზე “ბორდერიზაციის” მავნე  გავლენის დანახვამ ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული ყოველდღიური გამოწვევების შესახებ საუბრისას, კიდევ უფრო ხაზგასმით აღინიშნა მათი მდგომარეობის მასშტაბი. ამ გამოცდილებამ გააძლიერა ჩემი გრძნობა, რომ ჩვენი მისია ნამდვილად არის ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვების წყარო და მას შეუძლია დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე კვლავ იგივეა, რაც 2008 წელს, ევროპაში უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა და განსაკუთრებით რუსეთის როლის შეფასება მნიშვნელოვნად შეიცვალა 2024 წლისთვის. რა გავლენა აქვს ამას უსაფრთხოების ვითარებაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რას ხედავთ თქვენ უშუალო და გრძელვადიან რისკებად?

რეალურად საქართველოში უსაფრთხოების კუთხით ვითარება არ შეცვლილა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ინციდენტები ხშირი იყო 2008 წლის ომის შემდეგ, ასეთი ინციდენტების რისკი ახლა შემცირდა. უსაფრთხოების უფრო ფართო კონტექსტი ევროპაში, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის გამო, მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ ცვალებად გარემოს აუცილებლად აქვს გავლენა უსაფრთხოების მდგომარეობაზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების რისკი დაბალია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიტუაცია ასევე არასტაბილური რჩება, ხოლო ამ კონფლიქტის სიახლოვე ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

უშუალო რისკების თვალსაზრისით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ არსებული სტაბილურობა არ შეიძლება მიჩნეული იყოს თავისთავადად, რადგან სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. გადამწყვეტია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ პასუხისმგებლობით იმოქმედოს ნებისმიერი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია უწყვეტი მნიშვნელოვანი ჩართულობა ჩვენს ნდობის აღდგენის ისეთ მექანიზმებში, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ეს მექანიზმები ხელს უწყობს მხარეებს შორის კომუნიკაციას და ეხმარება ინციდენტების და ესკალაციის თავიდან აცილებას.

რაც შეეხება გრძელვადიან რისკს, მინდა აღვნიშნო დანარჩენი საქართველოსგან განცალკევებისა და იზოლაციის მზარდი შეგრძნება, რომელსაც ამ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები განიცდიან. ეს არ არის მოვლენათა ახალი განვითარება; ეს ხდება 2008 წლის ომის შემდეგ და მე ეს საკუთარი თვალით ვიხილე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

ეს მზარდი განხეთქილება ანადგურებს სოციალურ ერთიანობას და ხელს უწყობს ისეთ გარემოს, სადაც შესაძლოა გაუგებრობა და უნდობლობა განვითარდეს. დროთა განმავლობაში, ამ იზოლაციამ, განსაკუთრებით ამ რეგიონებში გაზრდილ ახალგაზრდა თაობებში, შეიძლება მიდგომების გამკაცრება გამოიწვიოს, რაც შერიგებასა და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას კიდევ უფრო გაართულებს.

ამ რისკების გადასაჭრელად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ინიციატივების წახალისებას, რომლებიც ხელს უწყობენ დიალოგს და ხალხთა შორის კონტაქტებს, რაც პოლიტიკურ საზღვრებს სცილდება. ამასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ნდობის აღდგენის ფონდს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. ეს განყოფილება ფოკუსირებულია ინიციატივების ხელშეწყობაზე, რომლებიც აკავშირებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. ამ პროექტების მიზანი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემებს, როგორიცაა გარემო, კულტურა და მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერა, არის ნდობის აღდგენა იმ თემებს შორის, რომლებიც იძულებით განცალკევებულნი იყვნენ, წარსულში ერთად ცხოვრების მიუხედავად.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის მიხედვით ის უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მან ეს ვერ შეძლო, ცხინვალისა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ რეგიონებში შესვლაზე უარის გამო. იმუშავებთ თუ არა თქვენ, რომ უზრუნველყოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რაში მდგომარეობს თქვენი გზავნილი ამ კუთხით ცხინვალის, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებებისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ?

მართლაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებში წვდომის არარსებობა ჩვენი მისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი პატრულირებები დადებითად მოქმედებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ თემებზე. ადამიანებს აქვთ უფრო მეტი უსაფრთხოების და ნდობის შეგრძნება, როდესაც ჩვენ შორიახლოს ვართ. ინციდენტებისა და დაკავებების რისკი კი უფრო დაბალია. როგორც უკვე აღვნიშნე, ადგილობრივები ხშირად უზიარებენ ამ განწყობებს ჩვენს დამკვირვებლებს. გამოკითხვები, კი რომლებიც აფასებენ ჩვენს მუშაობას, ამავე შედეგებს ადასტურებს.

დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის წარმომადგენელი და დე ფაქტო ოფიციალური პირები აღიარებენ ამ რეალობას, რაც მისიას საშუალებას მისცემს განავრცოს უსაფრთხოების გაზრდილი შეგრძნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მეორე მხარეს. ყველა შესაძლო ფორუმზე ჩვენ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო, უიარაღო და ოპერაციულად მიუკერძოებელი მისია. არსებობს უზარმაზარი პოტენციური სარგებელი ჩვენი ყოფნით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მეორე მხარეს, ამ რაიონებში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის სტრუქტურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კვლავ მოუწოდებენ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს, უზრუნველყონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეუზღუდავი წვდომა, მისიის მანდატის შესაბამისად. როგორც მისიის ხელმძღვანელი, მე ასევე ყოველთვის ვცდილობ ყველას ავუხსნა, რა სარგებელი ექნება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე წვდომას.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხშირად ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს როგორც საოკუპაციო ხაზთან, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები, როგორიცაა თამაზ გინტურის მკვლელობა გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების მცდელობისას. რა დამატებითი ზომები შეიძლება მიიღოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ პრაქტიკის აღმოფხვრაში საკუთარი როლის შემდგომი გაძლიერების მიზნით?

სამწუხაროდ, დაკავებები მართლაც გრძელდება ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. ეს იწვევს არა მხოლოდ ტრაგიკულ განვითარებას მონაწილე ადამიანებისთვის, არამედ ატარებს უსაფრთხოების უფრო მასშტაბურ ინციდენტებად შემდგომი ესკალაციის პოტენციალს. ჩვენი მუდმივი ყოფნა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადამწყვეტია ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების დროს, ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეების მიმართ მოწოდებას, შეწყვიტონ დაკავებების პრაქტიკა, ჩვენს თანათავმჯდომარე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) ერთად. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ დაკავებულთა სწრაფ გათავისუფლებას და მათ მიმართ ჰუმანურ მოპყრობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი ასევე შეუცვლელია დაკავებების შემთხვევებზე სამუშაოდ, რადგან ის ხელს უწყობს გადამწყვეტი ინფორმაციის გაცვლას მიმდინარე დაკავებების შესახებ. ეს მოიცავს დაკავებულთა იდენტიფიცირებას, მათი სასამართლო პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას და მათი გათავისუფლების პრაქტიკული მხარის კოორდინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე ქმედებად მოგეჩვენებათ, ეს ინფორმაცია ფასდაუდებელია და დაკავებულთა ახლობლების მხრიდან დიდად დაფასებული.

როგორ აფასებთ არსებულ ვითარებას საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო „ბორდერიზაციის“ პრობლემასთან დაკავშირებით?

„ბორდერიზაცია“, რაც წარმოადგენს ღობეების, მავთულხლართების, სათვალთვალო კამერების და საგუშაგო კოშკების აღმართვას, არის მიმდინარე საკითხი, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს შეზღუდვები აფერხებს მათ გადაადგილებას, რაც ურთულებს ადამიანებს მეგობრებთან და ოჯახთან კავშირის შენარჩუნებას, ქონების მოვლას, საარსებო წყაროების მოპოვებასა და შვილებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფას. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარებას ამძაფრებს გამშვები პუნქტების დაკეტვა ყოველი თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას.

ამ მიმდინარე გამოწვევების მოგვარება გადამწყვეტია, რადგან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები მნიშვნელოვნად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ ადამიანების დახმარება, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, ჩემი და მისიის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი დამკვირვებლები ადგილზე არიან 24/7-ზე, ეკონტაქტებიან მოსახლეობას მათი საჭიროებების გასაგებად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავცემთ მათ, ვისაც შეუძლია დახმარების გაწევა. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, რათა ვიპოვოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის.

უცხოელი აგენტების” შესახებ ძალზე საკამათო კანონის მიღების გამო, საქართველო ბოლო დროს თავისი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. ახდენს თუ არა ეს კანონმდებლობა ან საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მისით გამოწვეული დაძაბულობა რაიმე გავლენას თქვენს საქმიანობაზე, პირდაპირ ან ირიბად? და თუ ასეა, როგორ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მანდატი მკაცრად არის ფოკუსირებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების მახლობლად უსაფრთხოების ვითარებაზე და ჩვენგან ოპერაციული მიუკერძოებლობის მუდმივ შენარჩუნებას მოითხოვს. გარე გარემოებების მიუხედავად, ჩვენი მიზანი უცვლელია: წვლილი შევიტანოთ საქართველოს სტაბილურობაში 24/7-ზე მონიტორინგის განხორციელებით, ნდობის აღდგენის ინიციატივებით და ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ ინფორმირებით. რა თქმა უნდა, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, ჩვენ ვცვლით ჩვენს სტრატეგიებსა და მიდგომებს საჭიროებისამებრ, რათა გავაგრძელოთ ამ მიზნის ეფექტურად შესრულება.

თქვენი მანდატის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ითვალისწინებს, ამჟამად აღდგენის რა ზომებს ახორციელებთ, მათ შორის ისეთ ზომებს, რომლებიც ხალხთა შორის ნდობის აღდგენაზეა ორიენტირებული? რა განსხვავებებია ამ კუთხით ცხინვალსა და სოხუმთან ურთიერთობისას?

მე უკვე ვახსენე ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომლის განხორციელებასაც ხელს უწყობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო და სადაც რეგულარულად იკრიბებიან საქართველოს, რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები. ეს შეხვედრები წარმოადგენს პლატფორმას ინფორმაციის პირისპირ გაცვლისთვის „ბორდერიზაციის“ საკითხებზე, გადაადგილების თავისუფლებისა და ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ დაკავებების შემთხვევებზე. ამ შეხვედრებს მნიშვნელოვანი მიღწევები მოჰყვა, მათ შორის დაკავებულთა გათავისუფლება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ თანამშრომლობა ირიგაციის საკითხებზე, რაც მონაწილეებს შორის ნდობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმთან არის დაკავშირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი. ეს არის დაძაბულობის შემცირების საშუალება ტელეფონით: ის საშუალებას აძლევს კონფლიქტის მხარეებს მუდმივად გაცვალონ ინფორმაცია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, როდესაც საკითხი ან ინციდენტი მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას.

ცხელ ხაზზე განხილული თემები მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, როგორებიც არის ინფორმაციის გაცვლა დაკავებების, ირიგაციის, სამედიცინო საჭიროებებით განპირობებული გადაკვეთების შესახებ და ა.შ. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინციდენტების საერთო აღქმის ჩამოყალიბებაში და ხშირად ახდენს დაძაბულობის დეესკალაციას. ცხელი ხაზი ყოველწლიურად დაახლოებით 2500-ჯერ აქტიურდება, გააქტიურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეული გააქტიურება წარმოადგენს საკითხს, ინციდენტს ან პრობლემას, რომელსაც ყურადღება ექცევა და განიხილება.

სამწუხაროდ, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები აფხაზეთის მიმართულებით, რომელიც ცნობილია როგორც გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები შეჩერებულია, ვფიქრობ, რომ ისინი შეიძლება განახლდეს უმოკლეს დროში, თუ ჩართული მხარეები შეთანხმდებიან ამაზე.

როგორ ხედავთ რიგითი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წვლილს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზანში?

მე მტკიცედ მჯერა, რომ რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოში. მათი წვლილი ფასდაუდებელია მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ნება მომეცით ყურადღება გავამახვილო მათ ძალისხმევაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მანდატთან. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრები რიგითი მოქალაქეები ჩვენი მისიის ხერხემალია, რადგან ისინი წარმოადგენენ ფასდაუდებელ ინფორმაციას ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. მათი ინფორმაცია გვეხმარება ჩვენი მუშაობის წარმართვასა და ფორმირებაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოქმედებენ როგორც სასიცოცხლო პარტნიორები თემებს შორის დიალოგისა და ნდობის დამყარების ხელშეწყობაში. საბოლოოდ, მედიას აქვს გადამწყვეტი როლი მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ეთიკური, დამოუკიდებელი და კონფლიქტებისადმი მგრძნობიარე გზით გაშუქებისას. მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ ურთიერთკავშირი გაყოფილ თემებს შორის – ამით ხელი შეუწყონ შერიგებას და კონფლიქტების მოგვარებას. ეს დაინტერესებული მხარეები ერთად ქმნიან მყარ ქსელს, რომელიც ამყარებს ჩვენი მისიის გავლენას და აძლიერებს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ.

*****

გმადლობთ!

გმადლობთ მოწვევისთვის. დიდი მადლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button