skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ეროვნული მუზეუმის მიერ თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

2 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ზარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ მუზეუმის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც ზარიძეს უფლებებს იცავდა, განაცხადა, რომ სასამართლომ ბათულად ცნო მუზეუმის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

ეროვნულმა მუზეუმმა ზარიძე თანამდებობიდან 2022 წლის 1 ივნისს გაათავისუფლა, და ოფიციალურ მიზეზად „რეორგანიზაცია“ და საჭირო კომპეტენციის არქონა დაასახელა. სასამართლომ დაადგინა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა გამოიკვეთა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას“, – აცხადებს საია.

ეროვნულ მუზეუმს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button