ანალიზი

ამიხსენი | “უცხოელი აგენტების” კანონები ნიკარაგუასა და ვენესუელაში

გასულ თვეში საქართველო მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ კანონი, რომელიც მკაცრად შეზღუდავდა უცხოური, ძირითადად დასავლეთის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის საქმიანობას. აქტივისტები ხმამაღლა საუბრობდნენ რომ ეს მათი აზრით გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის რუსული ყაიდის მცდელობა იყო. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწია კანონპროექტის პარლამენტში ჩაგდება და საპარლამენტო განხილვების შეწყვეტა.

ამისდა მიუხედავად, მმართველმა უმრავლესობამ განაცხადა: “ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში”.

„ქართულმა ოცნებამ“ დათმო სტრატეგიული კომუნიკაციების ბრძოლაში, მათმა მოწინააღმდეგეებმა კი მოახერხეს დაემკვიდრებინათ ტერმინი „რუსული კანონი.“ მთავრობა ამტკიცებს, რომ მსგავსი კანონები მოქმედებს შეერთებულ შტატებში და განიხილება ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა როგორც ადრევე გიყვებოდით, კანადისა და ევროკავშირის მაგალითები საქართველოში მომზადებული კანონმდებლობისაგან მთლიან რიგი მახასიათებლებით ფუნდამენტურად განსხვავდება.

თუმცაღა, რუსეთის ფარგლებს გარეთ ქართული კანონის ანალოგები არსებობს – ნიკარაგუასა და ვენესუელაში. ვნახოთ, როგორ მიიღეს ისინი და რა პროცესების კონტექსტში ჩაჯდა ეს მოვლენა თითოეულ ამ ქვეყანაში.

ნიკარაგუა

კანონი „უცხოელი აგენტების რეგულირების შესახებ“ ნიკარაგუაში 2020 წელს შევიდა ძალაში. ამის წინაპირობად 2018 წლის აპრილში ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების ტალღა იქცა, რაც პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ “უცხოელ მხარდაჭერების” მიერ შეგულიანებულად ჩათვალა. ორტეგას თქმით საგარეო მტრები მთავრობის დამხობაზე მუშაობდნენ და ამისთვის სამოქალაქო საზოგადოებას იყენებდნენ. სამოქალაქო საზოგადოების განადგურების მცდელობას სერიოზული საზოგადო დაპირისპირება მოჰყვა. 

კანონი ასევე მწვავედ გააკრიტიკეს ევროპარლამენტში და მთავრობას მოუწოდეს, შეეწყვიტა დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა.

კანონი ორტეგასა და მისი მთავრობისთვის ავტორიტარული ძალაუფლების გამტკიცების საშუალებად იქცა. გაძლიერდა თვალთვალი იმგვარ ორგანიზაციებზე, კომპანიებსა და კერძო პირებზე, რომლებიც ფულს საზღვარგარეთიდან იღებენ.

კანონის ამოქმედების დღიდან, ამ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ყოველთვიურად მთავრობას უნდა აცნობონ თავიანთი შემოსავალების, ხარჯების და უცხოური დაფინანსების წყაროს შესახებ და უნდა დარეგისტრირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობას სასჯელი მოსდევს. როგორც კი ორგანიზაცია ან პირი დარეგისტრირდება უცხოურ აგენტად, მათ ეკრძალებათ ხელი შეუწყონ ისეთ ორგანიზაციებს და მოძრაობებს, რომელებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინოს შიდა პოლიტიკაზე, პოლიტიკურ აქტივობაზე და ასევე ეკრძალებათ არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრა.

კანონის შედეგებს სტატისტიკა ცხადჰყოფს: Human Rights Watch-ის თანახმად, 2022 წლის ივნისიდან, 770 არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახდა შეეჩერებინა საქმიანობა, რაც რეალურად სამოქალაქო ორგანიზაციების გაქრობას უდრის. საბაბად მთავრობა იმას ასახელებს, რომ დახურულმა ორგანიზაციებმა ვერ შეასრულეს მოქმედი კანონმდებლობა ან არასწორად წარმოადგინეს ფინანსური ანგარიშები, ანუ არ იყვნენ საკმარისად გამჭვირვალე და არ წარმოადგინეს სრული ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.

გაუქმებული ორგანიზაციების დიდი ნაწილი მუშაობდა ქალთა უფლებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და ბავშვთა დაცვაზე. ასევე დაიხურა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაბალშემოსავლიან ადამიანებს საკვებით და სუფთა წყლით უზრუნველყოფდნენ, მუშაობდნენ უფასო ჯანდაცვაზე და აბორიგენი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე.  ამგვარად, კანონმა  უარყოფითი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ პირდაპირ სამოქალაქო საზოგადოებაზე, არამედ არაპირდაპირ, სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზეც. ეს კი ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში მოსახლეობაზე მძიმე დარტყმას წარმოადგენს.

ნიშანდობლივია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია. HRW-ის ცნობით, 2007 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ, ორტეგას ადმინისტრაციამ თანდათანობთ გააუქმა საპრეზიდენტო ძალაუფლებაზე ინსტიტუციური კონტროლის ყველა მექანიზმი, მათ შორის სასამართლო დამოუკიდებლობაც. ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად. ამ ტაქტიკის ინსტრუმენტებია კანონმდებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელების გამკაცრება, თვითნებური დაკავებები, უფლება დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა.

ვენესუელა

ვენესუელაში კანონმა „არასამთავრობო და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ზედამხედველობის, რეგულირების, საქმიანობისა და დაფინანსების შესახებ“ პირველი მოსმენა მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიარა. ექსპერტების აზრით, ის 2012 წლის რუსული კანონპროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთიანი სისტემის შექმნას რათა ყველა ორგანიზაცია შეიქმნას, დარეგისტრირდეს და იმართოს ერთნაირად. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ დასაფუძნებლად და გრანტების მისაღებად, მათ დასჭირდებათ მთავრობის ნებართვა. ნებართვაზე განაცხადის შეტანა სავალდებულო იქნება, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სანქციებს, მათ შორის ორგანიზაციის დახურვასაც. ნებართვის გარეშე ორგანიზაციებს მუშაობა საერთოდ აეკრძალებათ.

რეგისტრაციასთან ერთად, საჭირო იქნება მუდმივი ანგარიშგება ფინანსებისა და ნებისმიერი უცხოური დაფინანსების შესახებ. ამ პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს არა მხოლოდ დაჯარიმებას და ორგანიზაციისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას, არამედ მმართველების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

იურისტები შემაშფოთებლად თვლიან, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი ზომები ეხმიანება „ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისათვის“ დადგენილ სასჯელებს.

ორგანიზაციის Advocacy for Human Rights ლათინური ამერიკის ოფისის თანახმად, კანონპროექტში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოყენებულია ანტაგონისტური ენა. კანონი მათ ახასიათებს „უცხოური გავლენის აგენტებად“, რომლებიც ძირს უთხრიან სუვერენიტეტს.

უფლებადამცველების აზრით, „მიღების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი სერიოზულად შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას და მათი პოტენციური კრიმინალიიზაცია კიდევ უფრო დახურავს სამოქალაქო სივრცეს.“ ვარაუდობენ, რომ კანონით პირველ რიგში ადამიანის უფლებების დარღვევებზე მომუშავე ორგანიზაციები დაისჯებიან და ასევე ისინიც, ვინც ქვეყანაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისით დაზარალებულთ ეხმარებიან.

ვენესუელაში მთავრობის პოლიტიკით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილს სრულფასოვანი კვების პრობლემა აქვს. ოთხიდან სამი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, დაახლოებით 22 პროცენტი კი შიმშილობს. ამ პრობლემის მოგვარებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოხალისეების როლი უდიდესია. ახალმა კანონმა შეიძლება კი შეიძლება ეს ორგანიზაციები დახურვამდე მიიყვანოს.

კანონპროექტს შიდა და საერთაშორისო დონეზე უმალვე მოჰყვა რეაქციები. ვენესუელაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ფაქტების დამდგენმა მისიამ განაცხადა რომ  ”კანონპროექტი დრამატულად შეზღუდავს სამოქალაქო სივრცეს ქვეყანაში.”

Human Rights Watch-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი კანონი ფაქტობრივად  უფლებადამცველებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიმინალიზებას ახდენს. შვიდ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ერთად Human Right Watch-მა დაგმო ახალი კანონპროექტი და ლათინური ამერიკის ქვეყნებს მოუწოდა, გაეკეთებინათ მსგავსი განცხადება. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა ვენესუელას მთავრობას „შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოებების კრიმინალიზაცია და დევნა“.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ვენესუელამ უკვე მიიღო კანონი, რომელითაც სავალდებულო გახადა არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლების ასახვა ციფრულ სამთავრობო პლატფორმაზე. მთავრობა მაშინაც ამბობდა, რომ ეს ტერორიზმის პრევენციის ინსტრუმენტი იყო.


Freedom House-ის დემოკრატიის ხარისხის ინდექსით ორივე ქვეყანა რუსეთთანაა ახლოს. ნიკარაგუა 19 ქულითაა შეფასებული ასიდან, ვენესუელა თხუთმეტით, ხოლო რუსეთი კი – თექვსმეტით. The Economist-ის მიხედვით სამივე ავტორიტარულ სახელმწიფოდ არის კლასიფიცირებული. შედარებისთვის, საქართველო დემოკრატიის ხარისხით 58 ქულას იმსახურებს ასიდან, აშშ 83-ს, ხოლო ნორვეგია კი ასს.

მსგავსი/Related

Back to top button