skip to content
ახალი ამბები

ლიეტუვის პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას „აგენტების“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა 22 მაისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, ვინაიდან ის  შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან, და ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელისუფლების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობა განიხილონ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

პარლამენტის რეზოლუცია „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე და აცხადებს, რომ ის „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგიურია, და შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს „გაიწვიოს მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უზრუნველყოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების კონსტიტუციური ვალდებულება“.

ამასთანავე, სეიმის რეზოლუცია:

  • სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ქვეყნის მიერ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თაობაზე გაცხადებულ მიზნებს, და შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიისთვის;
  • მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისი სამოქალაქო პოზიციის თავისუფლად გამოხატვის უფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის საქმეში;
  • კატეგორიულად გმობს ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ, ასევე ცილისწამების, დაშინების და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებულ კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისკენ მიმართული ასეთი ქმედებები მიუღებელია, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში;
  • შეახსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მმართველ უმრავლესობას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების დამრღვევ ქმედებებზე, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებთან შეუსაბამოა;
  • მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს ხელისუფლება დაძლევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს კანონის აღსრულებას და შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

ლიეტუვის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ისევე როგორც მის გადაწყვეტილებას დაიცვას დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, „მიუხედავად ცილისწამების, დაშინებისა და ძალის გამოყენების“ კამპანიის დაწყებისა, და მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო განცხადებებს, სადაც ძალადობაა დაგმობილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button