skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ

13 მაისს, ლიტვის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი დაიწყეს, რა დროსაც ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტი იმ კრიზისის ფონზე იმართება, რაც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას უკავშირდება.

10 მაისს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების თხოვნაზე, რომ საქართველოში მომდევნო კვირაში ვიზიტის დროს მას შეხვედროდნენ.  პაპუაშვილმა უარის მიზეზად იმავე პერიოდში პარლამენტში მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვა დაასახელა. მისი თქმით, კომიტეტების ხელმძღვანელები მაინც აპირებენ ჩამოსვლას მიუხედავად იმისა, რომ მან გააფრთხილა ისინი, რომ რადიკალური ოპოზიცია შესაძლოა მათ ვიზიტს რადიკალური ქმედებების წახალისებად მიიჩნევდა.

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტმა 14 მაისს გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის „ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის“. პრეზიდენტის თქმით, „მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს“.  

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპისაგან „სიცხადესა და მხარდაჭერას“ ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც „ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს“. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ „დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია“.

ამავე ინფორმაციით, დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ლიდერობისათვის. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს.

შეხვედრა ოპოზიციასთან

საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა პირველი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ესაუბრნენ.

მიხაელ როთმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მისი კოლეგები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა „გააკეთონ ძალიან მკაფიო გზავნილი: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ“. მან მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „შეაჩეროს „უცხოელი აგენტების“ კანონი“ და დასძინა: „მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს უკან არ გაიწვევს“.

მიხაელ როთმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მადლიერება გამოხატა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ რთულ დროს, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“. მან იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს გაესაუბრება.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წელს, თუ კანონი იქნება მიღებული, მან უპასუხა: „არა, ნამდვილად არა. მე ვერ ვხედავ ამ კანონის პირობებში მოლაპარაკებების გახსნის შანსს, ევროკავშირის გზავნილი ძალიან, ძალიან მკაფიოა“.

რაც შეეხება ოპოზიციის წევრებს, რამდენიმე მათგანმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

ანა ბუჩუკური, პარტია „საქართველოსთვის“: „საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალიან კარგია. რასაც, პირველ რიგში, ხაზი გავუსვი, ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, ეს ადამიანები საქართველოს პარტნიორები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები რომ ჩამოდიან ამ რთულ დროს საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის…  ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ერთი კანონის მიღება არაა და ბევრად სისტემურ და მსხვილ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს გასაგებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გასაგებია ქვეყნის პარტნიორებისთვისაც. მიმდინარე სირთულეები გასცდა მხოლოდ ერთი კანონის, აგენტურის კანონის ფარგლებს“.

ხატია დეკანოიძე, ევროოპტიმისტები: „შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან, თუ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად. ასევე, არჩევნების ლეგიტიმურობას შეექმნება დიდი საფრთხე, რადგან პრაქტიკულად, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იქნება დარეგისტრირებული, რადგან „ოცნება“ ამის საშუალებას არ მისცემს ამ კანონის დამტკიცების შემდეგ“.

თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი: „მათი ჩამოსვლა არის საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, რასაც „ქართული ოცნება“ გააფთრებული ეწინააღმდეგება“.

მთავარი გზავნილები თავმჯდომარეების პრესკონფერენციიდან

  • ჩვენ არ ვართ უცხოელი აგენტები. ჩვენ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ჩვენ გვაქვს ორი მისია: პირველი, გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, ვინც „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ აქციებს მართავს; მეორე, მოვუსმინოთ ყველა მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ. სამწუხაროდ, ხელისუფლება „ძალიან დაკავებული“ იყო ჩვენთან შესახვედრად.
  • როგორც საქართველოს მეგობრები, „ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“ კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების გამო, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ყოფილა „საჩუქარი ხელისუფლებისთვის“, არამედ ეს იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების „გამხნევება“.
  • იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ იყენებს შესაძლებლობის ფანჯარას, რათა მეტი ძალისხმევა გაწიოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით. „თუ კოშმარის ქართული ოცნება რუსეთს ირჩევს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა არ იქნება. გაფართოების ეს ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს.
  • „უცხოელი აგენტების“ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. კანონში ცვლილებები სურათს არ შეცვლის. კანონის არსი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. სხვა კანონები, მათ შორის ანტი-ლგბტ კანონი, „ოფშორული“ კანონი, გენდერული კვოტების გაუქმება, აჩვენებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელ ტრაექტორიას.
  • მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ მთავრობას და დეპუტატებს, არამედ ხალხსაც. ჩვენ გვჭირდება „სიცხადე ევროკავშირის მხრიდან“, რათა ზომები მივიღოთ სანქციებთან დაკავშირებით. „კანდიდატის სტატუსი უსარგებლო ხდება“.  ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ უნდა იყოს განხილვის თემა, რადგან ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მაღალი ფასი იქნება.
  • „უცხოური აგენტების“ კანონი უბრალოდ უნდა გაუქმდეს. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება პრეზიდენტის ვეტოს პერიოდში შევიდეს, არ შეცვლის კანონის ხასიათს.
  • ქართველებმა, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“ და ამავდროულად ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, უნდა ესმოდეთ, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონით ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება; „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი სურვილი ევროპის სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ და ვერ იქნება „ნეიტრალური“ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში; თუ ხალხს არ სჯერა ევროკავშირის, უკრაინის შემდეგ რუსეთი უფრო ადვილად მიუბრუნდება საქართველოს; „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ურთულებს ევროკავშირს საქართველოს მიღებას.
  • „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი თავისი არსით რუსულია და ასახავს პუტინის მიზნებს, გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება.
  • საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია. აქცენტი უნდა გაკეთდეს არჩევნებზე. შესაძლოა, წინასაარჩევნოდ იყოს პროვოკაციები და სიფრთხილე გვმართებს. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
  • „ახლა შენ ირჩევ შენს მომავალს, ან მიდიხარ ქართულ კოშმარში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button