ახალი ამბები

განახლება: „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებულ ბოიკოტს რამდენიმე სტუდენტური ჯგუფი შეუერთდა

„უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებულ აკადემიურ ბოიკოტს სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები უერთდებიან.

11 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 13 მაისიდან, აუდიტორიებში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათ სხვა უნივერსიტეტების ლექტორებსა და სტუდენტებს გაფიცვისა და აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ბოიკოტს მალევე სხვა ქართული უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფებიც შეუერთდნენ, რომლებმაც პროტესტს მხარი დაუჭირეს და აკადემიურ აქტივობებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

თსუ-ს სტუდენტებმა თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა“ და გასულ კვირებში კანონის მოწინააღმდეგეებზე მიმართული ძალადობრივი კამპანია და თბილისში მიმდინარე დემონსტრაციების “არალეგიტიმური და სასტიკი” დარბევები გაიხსენეს.

“დღეს უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ”, – განაცხადეს სტუდენტებმა. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს“.

სტუდენტების თქმით, მათთვის მიმდინარე მოვლენების ფონზე “შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა”, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, ორშაბათიდან უარი თქვან აუდიტორიებში შესვლაზე. „დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას“, – აცხადებენ ისინი.

თსუ-ს სტუდენტებს შეუერთდნენ სტუდენტური ჯგუფები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტიდან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან, საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტიდან და აგრუნიდან, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ALTE უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან.

თსსუ სტუდენტებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, სამშობლოს და მის ღირებულებებს და პირობა დადეს, რომ „არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას“. „ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას. ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმებთ რუსეთის ექიმებს“, – განაცხადეს მათ.

სტუდენტების მიმართ სოლიდარობა რამდენიმე ლექტორმაც გამოხატა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა სტუდენტების მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი. „მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა დაგმეს ძალადობა და დაშინების მცდელობა აქციის მონაწილეების მიმართ. „კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით“.

„აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს“, – ნათქვამია განცხადებაში. 13 მაისის 00:17 საათის მდგომარეობით, განცხადებას უკვე 177 პროფესორ-მასწავლებელმა მოაწერა ხელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button