წამყვანი ევროპარლამენტარები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ
2 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში მარინა კალიურანდმა და ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში სვენ მიკსერმა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა დაგმეს. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას „დაუყონებლივ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც განუხრელად უნდა იქნას დაცული.
18 აპრილს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ევროპარლამენტარებმა გაიმეორეს, რომ მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ არის „თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე“ და რომ, მიღების შემთხვევაში, „კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონპროექტი და სანაცვლოდ „ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებისკენ მიმართო ძალისხმევა“.
„ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაამართლოს მოქალაქეების მოლოდინები და „არ დაბლოკოს მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები“.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც დაუღალავ ერთგულებას ავლენს დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მიმართ“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/05/2024 – პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 01/05/2024 – ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების „მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)