
ევროპარლამენტარები გმობენ გახარიაზე თავდასხმას, მხარს უჭერენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტის წამყვანმა წევრებმა 16 იანვარს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური კრიზისის გამო მას შემდეგ, რაც ბათუმში ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ევროპარლამენტარებმა თავდასხმა შეაფასეს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში „ძალადობის ესკალაციის კიდევ ერთი მაგალითი“.
„ჩვენ შოკირებულები ვართ ინფორმაციით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ბათუმის სასტუმროში ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მოათავსეს“, – ნათქვამია განცხადებაში. „ეს „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია“.
ევროპარლამენტარები, მათ შორის დევიდ მაკალისტერი და რასა იუკნევიჩიენე, სოლიდარობას უცხადებენ ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც 50 დღეზე მეტია დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საპროტესტო აქციებს მართავენ. „„ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც კი აღარ აჩვენებენ ისე, თითქოს საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგანაც ისინი გააყალბეს და არ იქნა დაცული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მას „ქართველი ხალხის ნების ერთადერთ აშკარად ლეგიტიმურ წარმომადგენლად“ მოიხსენიებენ. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, განიხილონ პერსონალური სანქციები საკვანძო ფიგურების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი „დემოკრატიის უკუსვლაზე“.
ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მუშაობა, რათა თავიდან იქნას აცილებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია. „ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იქნება მართული, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის ნების ამსახველი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი; სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი; საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე, და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაიტი.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა
- 12/12/2024 – ევროპარლამენტარები თბილისში პრეზიდენტს, ოპოზიციას და სსო-ებს ხვდებიან
- 14/11/2024 – ევროპარლამენტში საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა
- 16/05/2024 – წამყვანი ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)