skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის

18 აპრილს წამყვანმა ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, „არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე“ და შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.

განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში სვენ მიქსერი, გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს „არ გაუცრუონ ქართველი ხალხის უმრავლესობას მისწრაფებები და ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში“.

ავტორები ასევე წერენ, რომ ისინი „შეშფოთებულნი არიან სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებით კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დაშლის“ გამო და ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია.

გამოხატეს რა ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების“ მიმართ, ევროპარლამენტარებმა შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები „ჯერ კიდევ შესასრულებელია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button