
„საქართველოს მეგობრები“ ამაღლობელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ
პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ეროვნული პარლამენტების წევრების ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი არ ტყუვდებიან „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, „დაამახინჯოს გარემოებები, რასაც მზია ამაღლობელის დაპატიმრება“ მოყვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება“. ისინი ამაღლობელის და პროევროპული აქციების დროს დაკავებული სხვა „პოლიტპატიმრების“ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
4 თებერვალს გავრცელებული ერთობლივი განცხადება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც უკვე 24 დღეა შიმშილობს. განცხადების ხელმომწერები „უკიდურეს“ შეშფოთებას გამოხატავენ საია-ს და სხვა სსო-ების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც ამაღლობელის მიმართ დამამცირებელ მოპყრობასა და სამედიცინო დახმარების მიუწვდომლობაზე მიუთითებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ სტატუსის მინიჭებით, არის კიდევ ერთი მანევრი, რომლის მიზანიც ევროატლანტიკური გზის გარშემო საქართველოს მოსახლეობის მასშტაბური მობილიზებიდან ყურადღების გადატანაა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მისწრაფება ასახულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ისე ხალხის სურვილში, „ორივე მათგანს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა“.
განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელსაც საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს უწოდებს, ასევე დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. ის მოუწოდებს მმართველ პარტიას აღადგინოს დემოკრატიული წესრიგი და დააბრუნოს ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე. საქართველოს მეგობრები ასევე მოითხოვენ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
დასავლელი პარტნიორები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დააწესონ ან შეინარჩუნონ სანქციები „ქართული ოცნების“ მთავარი ფიგურების მიმართ, რომელთა შორის არიან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს უარყო ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებული წუხილები და განაცხადა: „თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს… ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“. მის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გასაუბრებოდა, თუმცა უშედეგოდ.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
- 27/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება
- 30/01/2025 – მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საია სახალხო დამცველს მიმართავს
- 14/01/2025 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)