სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2 აპრილს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს და იმ ძირითად ხარვეზებს უსვამს ხაზს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გაჩნდა ან შენარჩუნდა.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4849 განცხადება, ხოლო ცხელ ხაზზე 17567 ზარი შევიდა. სახალხო დამცველმა ათეულობით დახურული ტიპის დაწესებულების მონიტორინგი განახორციელა და რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თემატურ ჯგუფებთან საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
გარდა ამისა, ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, და 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის.
ანგარიშში ასევე საუბარია 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიმართ გაცემული წინადადებების შესრულების მდგომარეობაზე. კერძოდ, პრეზიდენტის მიმართ გაცემული 1 წინადადება სრულად შესრულდა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მიმართ გაცემული 63 წინადადებიდან 47 არ შესრულდა, 4 ნაწილობრივ, ხოლო 12 – სრულად შესრულდა.
ოკუპირებული ტერიტორიები
სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის სიახლოვეს. დოკუმენტი იმეორებს, რომ საქართველოს მოქალაქეების თამაზ გინტურის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები ჯერ კიდევ არ არიან გასამართლებულნი, რის გამოც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
- 07/08/2023 – სახალხო დამცველმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
ანგარიშში ასევე განხილულია შემდეგი საკითხები: საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და არასათანადო მოპყრობა; უკანონო „ბორდერიზაცია“; ეთნიკური ქართველებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე უარის თქმა; იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უფლებების დასაცავად მთავრობის მეტი ქმედების აუცილებლობა; საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; ძირითადი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.
პენიტენციური სისტემა, ფსიქიატრიული დაწესებულებები
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარების მიმართ დაწესებული რიგი შეზღუდვები შესაძლოა არასათანადო მოპყრობას წარმოადგენდეს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პრობლემური იყო ასევე გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოებაც.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, მთავარ გამოწვევად რჩება გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობის ცალკეული შემთხვევები და არაფორმალური მმართველობა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საჭიროა დაიხვეწოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პრაქტიკა და საკანონმდებლო ბაზა, რათა შეიქმნას ერთიანი, განჭვრეტადი და მკაფიო საფუძვლები იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.
- 02/08/2023 – სახალხო დამცველის ანგარიში პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. სახალხო დამცველი მიესალმა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, უვადო პატიმრებს საშუალება მიეცათ გაევლოთ სათანადო პროგრამა, რომელიც სისტემურად უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის დაგეგმვას, მიღწეული შედეგის შეფასებასა და სასჯელის მიზნების მიღწევის კონტროლს, რაც, ერთი მხრივ, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს შესაძლებლობას აძლევს გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და სასჯელის მოხდა, გათავისუფლებულმა, გარკვეული ვადით განაგრძოს სათანადო ორგანოების ზედამხედველობით, მეორე მხრივ კი, ზრდის მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების შეფასების შესაძლებლობას. თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროგრამა არ იძლევა კონკრეტულ შედეგებს და პროგრამის დასრულების შემდეგ სასამართლომ პატიმართა უმეტესობისთვის სასჯელის შემცირების ან პირობითი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი მიდგომა ამ ადამიანებში ყოველგვარ მოტივაციას კლავს.
„რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს სისტემაში, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე, კვლავ შენარჩუნებულია ხარვეზები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სოციალური საკითხები
ანგარიში საქართველოში უმცირესობათა ჯგუფების უფლებათა დარღვევებს აანალიზებს, რა დროსაც ყურადღება გამახვილებულია ლგბტქ+ თემზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მოხუცებზე, არასრულწლოვანებზე, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებზე. „რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, საგულისხმოა, რომ მთლიანობაში 2023 წელს სახელმწიფოს, თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გამოწვევები რჩება არაადეკვატური სოციალური საცხოვრებლისა და უსახლკაროების განსახლების მინიმალური სტანდარტების არარსებობის გამო. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს გრძელვადიანი განსახლების მიზნებისთვის საბინაო ფონდისა თუ სოციალური საცხოვრისის უქონლობა, ან/და მისი გადატვირთულობა. დოკუმენტში ასევე საუბარია ქუთაისის, გორის, თბილისისა (ორხევი) და ოზურგეთის სოციალური საცხოვრისების არასათანადო საცხოვრებელ პირობებზე.
რაც შეეხება სიცოცხლის უფლებას, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. „14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით – დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია ანგარიშში.
შეკრების თავისუფლება, მედია
ანგარიშის თანახმად, შეკრების თავისუფლება 2023 წელს კვლავ აქტუალურ პრობლემად დარჩა. რადიკალური ჯგუფების შეკრებებმა გაამწვავა პრობლემები მშვიდობიანი შეკრების უფლების თვალისაზრისით, რასაც დაერთო საკანონმდებლო ინიციატივები, რომლითაც შეკრებების ფორმა და შინაარსი შეიზღუდა. შეკრებების დასაშლელად გამოიყენებოდა არაპროპორციული და ზოგჯერ უკანონო ზომები, მათ შორის მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება.
გარდა ამისა, გარკვეული დაბრკოლებები არსებობდა გამოხატვისა და პრესის თავისუფლების კუთხით, ხოლო ჟურნალისტების მუშაობას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მოძველებული კანონმდებლობა აფერხებდა, რომელიც არ უზრუნველყოფდა ამ უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას.
სტიქიური უბედურებები
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის საფუძვლიანი, კომპეტენტური და დროული გამოძიების აუცილებლობას, ასევე ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ადამიანის ძირითადი უფლებები, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და მიიღონ წინასწარი გაფრთხილება კატასტროფების შესახებ, რაც როგორც შოვის, ისე გურიის შემთხვევებს ეხება.
- 15/09/2023 – მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი
არჩევნები
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია: „მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის“. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წარსული სამწუხარო გამოცდილებისგან განსხვავებით, როგორც წინაასაარჩევნო პერიოდი, ასევე, კენჭისყრის დღე ადამიანის უფლებების ხელყოფის გარეშე წარიმართება და საარჩევნო პროცესებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/12/2023 – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებზე საუბრობს
- 17/05/2023 – ომბუდსმენი: კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)