ახალი ამბები

ტატუნაშვილის საქმეზე პროკურატურამ ახალგორის ე.წ. სამათალდამცველი ორგანოს ორ თანამშრომელს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

Tags

მთავარმა პროკურატურამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული და მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ახალგორის ე.წ. სამართალდამცველ ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დღეს დაუსწრებლად წარუდგინა.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მათგანს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში დახმარებისთვის ედებათ, რაც ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. სამართალდამცაველი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, პერიოდულად ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შედიოდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში მსახურობდა, რის გამოც მისი „დასჯა და წამება“ გადაწყვიტეს.

პროკურატურისვე ინფრომაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილი ორ თანმხლებ პირთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შევიდა, სოფელ მოსაბრუნთან ახალგორის ე.წ პროკურატურის თანამშრომელმა დავით გურწიევმა, ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ახალგორის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.

პროკურატურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს ხელბორკილი დაადეს და წამების მიზნით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს გადასცეს, რომლებმაც ის ცხინვალში წაიყვანეს.

„.ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით, არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ კანონით დადგენილ ვადაში აღკვეთის ღონისძიების სახით,  დაუსწრებლად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეში დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, გამოძიებას აგრძელებს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა საზოგადოებას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პირველადი დასკვნა გააცნო, სადაც აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილის სხეულზე ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით, 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების მუხლით გადააკვალიფიცირა.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ახალგორში დააკავეს. ის ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ერთი თვის შემდეგ გადმოეცა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button