
„ქართული ოცნება“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას გეგმავს
„ქართულმა ოცნებამ“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისს ხელმოწერილი დადგენილებით შექმნა, დღემდე არსებობს და 2022 წლის ნოემბრიდან მას თამაზ ბესთაევი ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.
17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც, მისი განმარტებით, კონსტიტუციის სრული დაცვით იქნა არჩეული 2006 წელს.
„ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა „არაკონსტიტუციური არჩევნები“, რომლის შედეგადაც „გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა“.
„ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 2007 წელს, „კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე”.
„ამ გადაწყვეტილებით, ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის – სამაჩაბლოს – ოკუპაციისთვის“, – დასძინა მან.
This post is also available in: English