ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს მოქალაქეს, რის შედეგადაც იგი დაიღუპა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ამავე ინფორმაციით, კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული.

„მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 58 წლის თამაზ გინტური, რომელიც სამ სხვა ადგილობრივთან ერთად სოფელ კირბალში წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ეკლესიაში იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ივნისში დახურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც თამაზ გინტური მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. გატაცემული მოქალაქის გარდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კიდევ ორი ადგილობრივის ბედი უცნობია და არსებობს ეჭვი, რომ ისინიც გაიტაცეს.

„ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე. „სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას“.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

22:00 საათისთვის სოფელ კირბალის შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი. მედიას სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. სოფელში შევიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button