
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში ადამიანის უფლებების უამრავ დარღვევაზე საუბრობს
ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 29 იანვარს წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კრიტიკულად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში 2024 წელს და დეტალურად აღწერს ქვეყნის „დემოკრატიულ უკუსვლას“. ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობებსა და შეფასებებს.
ანგარიშში ხაზგასმულია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი რამდენიმე ძირითადი შეშფოთება, რომლებიც ეხება რეპრესიული კანონების მიღებას, 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას, ხელისუფლების ორგანოების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევას. გარდა ამისა, ანგარიში ასევე მიმოიხილავს გენდერული უთანასწორობის, ეთნიკურ, რელიგიურ ან სექსუალურ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის საკითხებს.
სსო-ებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირთა დევნა
უცხოელი აგენტების შესახებ კანონი
ანგარიშში ნათქვამია, რომ მაისში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – რუსული კანონის რეალურ მიზანს „კრიტიკული ხმის ჩახშობა და იარლიყების მიკვრით, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია წარმოადგენს“.
კანონი სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.
„დაფინანსების მოძიების გამო ორგანიზაციების გამოყოფა და მათი უცხოური ინტერესების გამტარებლად შერაცხვა, რეპუტაციას ულახავს მათ და მიმართულია სიტყვის თავისუფლების ჩახშობისკენ. ასეთი რისკები მით უფრო მაღალია იმ ორგანიზაციებისა და მედიების შემთხვევაში, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოხატავენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დასახული ცხრა ნაბიჯის შესრულებას, რადგან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას გულისხმობს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში სსო-ების დისკრედიტაცია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე დაიწყო. უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად კანონპროექტის უკან გაწვევისა, საქართველოში უფლებადამცველთა უფლებების დარღვევის ტენდენციებს უკვე შემაშფოთებელი სახე ჰქონდა. ამიტომ, მნიშვნელობა არა კანონის მიღებაარმიღებას, არამედ უფლებადამცველთათვის უკვე დამდგარი ზიანის გამოსასწორებლად ხელისუფლების მიერ პროაქტიული ნაბიჯების გადადგმას ჰქონდა. თუმცა, შემდგომ პერიოდში ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
დისკრედიტაციიდან ფიზიკურ ძალადობამდე
ანგარიშში ასახულია სსო-ების დევნის ეტაპები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დევნის პირველ ფაზაში ხორციელდებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირთა დისკრედიტაცია ფრაზებით „ეკლესიის მტრები“; „ლგბტ პროპაგანდისტები“ და ა.შ. ცილისწამებას თან ერთვოდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებული დაშინების, შევიწროებისა და მუქარის ფაქტები. მომდევნო ეტაპზებზე მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ხორციელდება, რასაც მოყვა ოპონენტების ოფისების დარბევა და მათზე თავდასხმები.
„ამ ძალადობას ახალისებდა და სავარაუდოდ – ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, მასშტაბური სახე მიეცა კრიტიკული აზრის მქონე პირთა და უფლებადამცველთა დევნას, რაც, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებაა. თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა გამოძიების უმოქმედობამ“.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები
„2024 წლის 26 ოქტომბერს წინასაარჩევნოდ და კენჭისყრის დღეს არსებულმა დარღვევების მასშტაბმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობა და ლეგიტიმურობა“, – ნათქვამია ანგარიში, რომლის თანახმადაც განსაკუთრებით გამწვავდა პოლიტიკური პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში.
დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტები გათვლილი იყო ამომრჩეველთა ფართო მასების კეთილგანწყობის მოპოვებაზე. ამ პერიოდში „ქართული ოცნების“ რიტორიკაში გაძლიერდა „ფსევდო რელიგიურეროვნული სენტიმენტები“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, საქართველოს საპატრიარქოს ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. ამის პარალელურად, 2024 წლის აგვისტოში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლის დირექტორები.
ორგანიზაცია ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ სისტემურ დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ასეთი დარღვევებით გამოირჩეოდა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, სადაც „სხვადასხვა სოფლებში განხორციელებული საარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ სისტემური ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ამომრჩეველთა მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაში ხელშეშლა“. ანგარიშის თანახმად, ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მიმართ ხელის შეშლა, მათ შორის მუქარას, გაძევებას და გადაადგილების, ფოტოგადაღებისა და დოკუმენტაციის შეზღუდვის შემთხვევებს. ყველა ეს დარღვევა ეუთო/ოდიარის საბოლოო ანგარიშში აისახა, რომლის საფუძველზეც დასავლელი პარტნიორები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ როგორც სამართლიანს და დემოკრატიულს.
არჩევნებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები
ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის დაცვა, რადგან ერთი მხრივ, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, ხოლო, მეორე მხრივ, ბიულეტენების ხარისხის გამო მის უკანა მხარეს თითოეულ შემთხვევაში რჩებოდა ამომრჩევლის მიერ გაფერადებული წრის კვალი.
ანგარიშის თანახმად, 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინა საჩივრები, რომლითაც ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.40 საქართველოს 20-ზე მეტ სასამართლოში, მოსამართლეებმა განიხილეს საოლქო საარჩევნო კომისიების ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჩივრეს. თუმცა, ხმის ფარულობის დარღვევა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დაადასტურა. თუმცა, თითქმის 24-საათიანი, უჩვეულოდ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ უარყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და განჩინებით გააუქმა ერთადერთი მოსამართლის მიერ მიღებული საპირისპირო გადაწყვეტილებაც.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელები არჩევნებთან დაკავშირებით.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 17/01/2025 – HRW: ხელისუფლების ქმედებებმა 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვია
- 04/12/2024 – საია: სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულში არიან ჩართულნი
- 23/12/2024 – სსო-ები საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში არასათანადო მოპყრობას გმობენ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ
- 20/12/2024 – მედიის თავისუფლების კოალიცია „ქართულ ოცნებას“: შეწყვიტეთ ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება
- 22/01/2024 – ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2023 წელს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
- 21/10/2024 – TI საქართველოს ანგარიში „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის“
This post is also available in: English (ინგლისური)