ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა 10 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რიგ საკითხებს შეეხო, მათ შორის სიღარიბეს, რუსული ოკუპაციის შედეგებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, მედიის თავისუფლებას, პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს და გენდერული ნიშნით ძალადობას.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, „2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც „თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას“, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცების. საუბარია ბავშვთა სიღარიბესთან, ძალადობის პრევენციასთან და სათანადო საცხოვრებელი პირობების არარსებობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისთვისაც მოქნილი და ეფექტიანი სახელმწიფო დახმარების სერვისების საჭიროებაა ხაზგასმული.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი საუბრობს იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხაზს უსვამს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და ხელმისაწვდომობის ეროვნული გეგმის ან სტანდარტის არარსებობას. ის შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ეროვნული უმცირესობები დაბრკოლებებს აწყდებიან განათლების, კულტურული აქტივობებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კუთხით.

სახალხო დამცველის თქმით, 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. „სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება.

მედიის თავისუფლება, უფლებადამცველების საქმიანობა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან და სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები ასევე შეშფოთების საგანი იყო მთელი წლის განმავლობაში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სახალხო დამცველი წერს, რომ „პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს“.

განცხადების დასასრულს სახალხო დამცველი ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გაცემულ დადებით რეკომენდაციაზე საუბრობს და ხაზს უსვამს სასამართლო სისტემაში შემდგომი რეფორმების განხორციელებისა და ევროკომისიის პირობების შესრულების აუცილებლობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button