
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს დაჩქარებული წესით არ განიხილოს რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 4 თებერვალს „ქართული ოცნების“ ბოლო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს. იოსელიანმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტს დაჩქარებული წესით არ განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი და სანაცვლოდ, ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.
„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს“, – აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი და დასძენს, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. „შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცვლილებები 3 თებერვალს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. სხვა საკითხებთან ერთად, ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის წვრილმან ხულიგნობაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე, ვანდალიზმზე, პოლიციელის შეურაცხყოფაზე, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებაზე. ამასთან, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15-დან 60 დღემდე იზრდება; ძალადობისკენ საჯარო მოწოდება ჯარიმის ნაცვლად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება; პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა და ძალადობის გამოყენება ახლა მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე; თანამდებობის პირის შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა.
შემოთავაზებული ცვლილებები ვრცელდება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ კანონზე. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიღების შემთხვევაში, ცვლილებები არა მარტო სხვადასხვა აკრძალვებს დაუწესებს შეკრების მონაწილეებს, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგ უფლებამოსილებებს მიანიჭებს.
ცვლილებებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე გამოეხმაურა და დაგმო ეს ნაბიჯი: „ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და ცვლილებებს აინიცირებს, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა“.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განხორციელდა. უკვე 70 დღეა აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების ჩატარებასა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
- 13/12/2024 – სახალხო დამცველი საკანონმდებლო პროცესს აკრიტიკებს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)