ახალი ამბები

სახალხო დამცველის ანგარიში პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა 1 აგვისტოს პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის გამოქვეყნებამდე სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2023 წლის 24 მარტს და ასევე 2023 წლის 1-2 მაისს მონიტორინგის ვიზიტები განახორციელეს, რომლის მიზანსაც ქალი პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტები სათანადო ჰიგიენურ საშუალებებზე წვდომის ნაკლებობის თაობაზე პატიმრების საჩივრებმა განაპირობა.

ანგარიშის თანახმად, №5 დაწესებულებაში დაცულია სისუფთავე, საკნები უზრუნველყოფილია საპირფარეშოთი, ინვენტარით, ბუნებრივი და ხელოვნური განათებით და ცენტრალური გათბობის სისტემებით. საკნები აკმაყოფილებს მოთხოვნას მინიმალურ ფართთან დაკავშირებით. თუმცა, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ საკნებში და სველ წერტილებში არ ფუნქციონირებდა ცენტრალური ხელოვნური სავენტილაციო სისტემა, ასევე დაწესებულებას ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდება სასმელი წყალი.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს შესაძლოა 1 თვე ან მეტი დრო დასჭირდეს ლოდინი კონსულტაციისთვის. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, №5 დაწესებულებაში მეტი სარეაბილიტაციო აქტივობა ხორციელდება და ასევე, მიმდინარეობს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი, კვლავ არ არის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში სათანადოდ არ ხდება პატიმართა ინფორმირება უფლება-მოვალეობების შესახებ. როგორც ქართულად მოსაუბრე, ასევე უცხოენოვან პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ განახლებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს. ამასთან, N5 დაწესებულებაში ფიქსირდება პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევები

სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა ყოველდღიურად არანაკლებ 2 საათისა იმყოფებოდნენ სუფთა ჰაერზე;
  • შევიდეს ცვლილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N116 ბრძანებაში და ბრძანებით განსაზღვრული კვირაში ორჯერ შხაპის მიღების უზრუნველყოფა გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ;
  • სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • დაწესებულების სოციალურმა მუშაკებმა უზრუნველყონ როგორც ქართულ, ასევე უცხო ენოვან პატიმართა ზეპირად და წერილობით ინფორმირება უფლებებზე, როგორც დაწესებულებაში შესახლებისას, ისე დაწესებულებაში ყოფნის მთელ პერიოდში;
  • მნიშვნელოვანია, რომ ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტები იმგვარად იქნას ორგანიზებული, რომ პაციენტთა მოლოდინის დრო 2 კვირას არ აღემატებოდეს.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს სათანადო ყურადღება დაეთმობა და შესაბამისი ზომების მიღებით, N5 დაწესებულებაში ქალ პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button