ახალი ამბები

ომბუდსმენი: კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა

„მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხოდ დამცველის ოფისის განცხადებით, სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს „ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება“.

აღნიშნულის ფონზე, სახალხო დამცველის ოფისი ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებულ „შეურაცხმყოფელ“ და „სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებზეც“ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს „ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას“.

ამასთან, ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, „სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები“. „[ამდენად] აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button