skip to content
ახალი ამბები

ქართველმა სამართალდამცველებმა თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გალის განყოფილების თანამშრომელი დავით კვეკვესკირი 29 თებერვალს საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე ზუგდიდში დააკავეს. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კვეკვესკირი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება.

„ეხო კავკაზა“ იტყობინება აფხაზეთის „პროკურატურაზე“ დაყრდნობით, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს კვეკვესკირმა თემურ კარბაია დააკავა და უკანონოდ გაჩხრიკა. როდესაც კარბაიამ მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, კვეკვესკირმა მას დაარტყა. მას იმავე განყოფილების კიდევ ორი თანამშრომელი, ზარაკუა და აბშილავა შეუერთდნენ და კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი 10 თებერვალს დააკავეს.

ცემის შედეგად, კარბაიამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, მარცხნივ, ოთხი ნეკნის მოტეხილობა და მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები ჰქონდა.  კარბაია დროებითი განთავსების იზოლატორში 7 დეკემბერს გათავისუფლებამდე იმყოფებოდა. იგი 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა დღეს „ცუდად ყოფნის გამო“ მოათავსეს. 

ქართული მედიის ინფორმაციით, სამივე პირი მკვლელობის საქმეზე დეკემბერში ოკუპირებული გალის რაიონში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button