skip to content
ახალი ამბები

გალში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თემურ კარბაია, 43 წლის საქართველოს მოქალაქე, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. მილიციის სამმა წარმომადგენელმა ცემით მოკლა. ინფორმაცია პირველად „ფეისბუქზე“ 9 დეკემბერს მოძრაობამ „აფხაზეთისთვის“ გაავრცელა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სამოქალაქო საქართველოს” საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია გალის ცენტრში დოკუმენტების შემოწმების მიზნით გააჩერეს და უამრავი თვითმხილველის თვალწინ მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. მოგვიანებით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებეული დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ეს არის კიდევ ერთი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. მილიციამ დააკავა ეს ადამიანი, სასტიკად სცემა და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული, შეეცადეს მისი გადარჩენა და წაიყვანეს სოხუმში, მაგრამ სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა“, – განაცხადა მოძრაობა “აფხაზეთისთვის” წევრმა, ნუკრი ნოდიამ.

„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშრებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. “გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა”.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინციდენტს Twitter-ზე გამოეხმაურა: „ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა“.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელავს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დამთავრდეს“.

სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველმა 10 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ „სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ“.

სახალხო დამცველის თქმით, „საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს“.  სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას „მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად“.

განცხადების თანახმად, „სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი“.

„აღნიშნულის ფონზე  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button