ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე ოკუპირებული გალის შინაგან საქმეთა განყოფილების ორი თანამშრომელი, ალბერტ ზარაკუა და ვიანორ აბშილავა დააკავეს, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გამოცემა „ეხო კავკაზა“.

ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის „პროკურატურამ“ გამოძიება სამი პირის წინააღმდეგ დაიწყო, მათ შორის იყო აწ უკვე დაკავებული ორი პირი და კიდევ ერთი პირი, დავით კვეკვესკირი, რომლის ადგილმდებარეობაც უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რასაც მძიმე შედეგები მოყვა.

„ეხო კავკაზა“ იტყობინება აფხაზეთის „პროკურატურაზე“ დაყრდნობით, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს კვეკვესკირმა თემურ კარბაია დააკავა და უკანონოდ გაჩხრიკა. როდესაც კარბაიამ მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, კვეკვესკირმა მას დაარტყა. მას ზარაკუა და აბშილავაც შეუერთდნენ და კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად, კარბაიამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, მარცხნივ, ოთხი ნეკნის მოტეხილობა და მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები ჰქონდა.  კარბაია დროებითი განთავსების იზოლატორში 7 დეკემბერს გათავისუფლებამდე იმყოფებოდა. იგი 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა დღეს „ცუდად ყოფნის გამო“ მოათავსეს.  

ქართული მედიის ინფორმაციით, სამივე პირი მკვლელობის საქმეზე დეკემბერში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button