ახალი ამბები

შსს: პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

პოეტი ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ იგი პოლიციელს დაესხა თავს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაკავების ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიყავთ პოლიციელებს რატიანი პოლიციის მანქანისკენ. სხვა ვიდეოჩანაწერში, როდესაც მომიტინგე მისი დაკავების მიზეზს ეკითხება, ერთ-ერთი პოლიციელი პასუხობს, რომ რატიანმა პოლიციელს უმიზეზოდ დაარტყა. თუმცა, ვიდეოჩანაწერებში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არ ჩანს.

ვიდეოს ნაწყვეტი, რომელიც, როგორც ჩანს, სათვალთვალო კამერიდან არის აღებული და მოგვიანებით „რუსთავი 2“-მა გაუშვა ეთერში, ხმის გარეშე აჩვენებს, როგორ ესაუბრება რატიანი შავებში ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც პოლიციის მანქანაზეა მიყრდნობილი, გარშემო კი რამდენიმე ფორმიანი პოლიციელი დგას. შემდეგ იგი მოულოდნელად სახეში ურტყამს მას, რის შემდეგაც მამაკაცი და ორი პოლიციელი მას აკავებენ.

ზვიად რატიანი, „ქართული ოცნების“ მთავრობის აქტიური მოწინააღმდეგე, მანამდე 2024 წლის 29 ნოემბერს დააკავეს და რვა დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის.  მოგვიანებით რატიანმა დაკავების დროს ცემისა და შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა.

25 ივნისს პროკურატურამ ზვიად რატიანს ოფიციალურად წაუყენა ბრალდება პოლიციელზე თავდასხმაში. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შენიშვნა: მასალა განახლდა 26 ივნისს და მას რატიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაცია დაემატა.

This post is also available in: English

Back to top button