ახალი ამბები

არასამთავრობოების ხედვა ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ

12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 27 თებერვალს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დეტალური ხედვა წარმოადგინეს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელობით, დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობდნენ საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC), სასამართლოს გუშაგი (Court Watch), მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საფარი და საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI).

თითოეული ნაბიჯი კონკრეტული ზომების განხორციელებას ითვალისწინებს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო მიმართულებით.

ნაბიჯი 1: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლა

დოკუმენტი მოუწოდებს მთავრობას, რომ პროაქტიული კამპანია აწარმოოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ. ის ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ გააქარწყლოს დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასა და სხვა სახელმწიფო უწყებებში არსებულმა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებმა უნდა იმუშაონ იმ გაცხადებული მიზნის შესასრულებლად, რაც 2018 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი შექმნისას განისაზღვრა – „ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შემცირება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა“.

დოკუმენტის თანახმად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის, ისე სამინისტროებში არსებულმა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებმა საზოგადოებას რეგულარულად და პროაქტიულად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მათი სამოქმედო გეგმებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულმა უწყებებმა დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უნდა განსაზღვრონ ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გამოწვევები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ კონსენსუსის, დაიცვან 2024 წლის არჩევნები რუსეთის საინფორმაციო ჩარევისგან, ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, უზრუნველყონ იმ პოლიტიკური ჯგუფების ფინანსური გამჭვირვალობა, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მტრული საინფორმაციო კამპანიის მესიჯების გავრცელებას, გაზარდონ ცნობიერება საჯარო მოხელეებს შორის და ხელი შეუწყონ მედიაწიგნიერებას.

არასამთავრობოები მოუწოდებენ  ხელისუფლებას შეწყვიტოს „ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია“, რომელიც ტრადიციულ და რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირებით კოლექტიური დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად; ხელისუფლებამ ასევე უნდა შეწყვიტოს ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა.

სხვა საკითხებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებულ კოორდინირებულ და არაავთენტურ ქსელებს, რომლებზეც Meta საუბრობდა.

ნაბიჯი 2: ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება

დოკუმენტი მოიცავს სტრატეგიულ მიდგომას საქართველოსთვის, რომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას შეუსაბამოს. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის გადაწყვეტილებებისა და დეკლარაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას,  საერთაშორისო ფორუმებზე ევროკავშირის მიერ გამოხატული პოზიციების გაზიარებისა და მათი მხარდაჭერის გაგრძელებას, ევროკავშირთან თანამშრომლობას და ძალისხმევის გაგრძელებას რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არდაშვების მიზნით, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ისეთი საგარეო-პოლიტიკური განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება, ასევე ევროკავშირის “სისტემურ მეტოქე” ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების დონის შემდგომი ამაღლებისგან. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშემწყობი ზომების მიღებისგან, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში.

ნაბიჯი 3: შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საჭიროა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე რიტორიკის დასრულება, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, პარლამენტში ძალაუფლების განაწილება და ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კვალიფიციური უმრავლესობით (2/3) არჩევა. დოკუმენტის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას პარლამენტში მის ხელთ არსებული ბერკეტების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა უნდა მისცეს, ამასთან შეწყდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ან/და ძალადობის წახალისების გზით პოლარიზაციის გაღრმავება.

დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს კონფრონტაციული ქმედებები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. ასევე, მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული სატელევიზიო გადაცემებისა და დებატების ბოიკოტი და განაახლოს თანამშრომლობა კრიტიკულ მედიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ სახელისუფლებო არხებს აღადგინონ თანამშრომლობა ოპოზიციასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მრავალპარტიული დიალოგისა და კოალიციური მმართველობის პოლიტიკური კულტურის პოპულარიზაციას.

დოკუმენტის თანახმად, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მრავალპარტიული დიალოგისა და კოალიციური მმართველობის პოლიტიკური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა.

ნაბიჯი 4: თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისულებას უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნები; დაასრულოს საკონსტიტუციო ცვლილები, მათ შორის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით; წინასაარჩევნო პერიოდში მკვეთრი ზღვარი გაავლოს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის; უარი თქვას ამომრჩეველთა დაშინების/მუქარის, მათზე ზეწოლისა და მათი მოსყიდვის პრაქტიკაზე; უზრუნველყოს საარჩევნო დარღვევების დროული და ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის დამნაშავეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა; სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

არასამთავრობოების თქმით, საჭიროა 2022 წლის ივლისში გენერალურ პროკურატურაში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გაგრძელება, საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

არასამთავრობოები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრთა არჩევის პროცესის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი რეკომენდაციას უწევენ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ნომინირების უფლების პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრეზიდენტისთვის დაბრუნებას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნვეყოფისთვის.

ნაბიჯი 5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას და მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას, პროცედურული საბოტაჟის გზით ხელი არ შეუშალოს ოპოზიციის მცდელობებს, გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისიები.

დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის შესახებ. არასამთავრობოები მხარს უჭერენ ეროვნული ბანკის სრულად დაკომპლექტებას დამოუკიდებელი და კომპეტენტური პირებით და აცხადებენ, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულებაში საგამონაკლისო წესის შესახებ ბრძანების გაუქმება, რომლის მიღებაც აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას მოჰყვა.

რაც შეეხება კომუნიკაციების კომისიას, ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა შეიცვალოს მისი წევრების არჩევის წესი, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობა.

ნაბიჯი 6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სასამართლოს რეფორმირებისთვის საჭიროა ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა. მათი თქმით, უნდა მოხდეს კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი.

სსო-ების განცხადებით, ეს მექანიზმი უნდა შემუშავდეს ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციით, რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით.

დოკუმენტის თანახმად, საჭიროა წინა რეფორმების და სისტემაში დღეს არსებული გამოწვევების დეტალური ანალიზი, რომლის მიზანიც იქნება შემდგომი რეფორმების სრულფასოვანი დაგეგმვა; სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და სტრატეგიულ საკითხებს.

ნაბიჯი 7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.

საქართველოში მთავარი ანტიკორუფციული და საგამოძიებო ორგანოების ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, არასამთავრობოები რამდენიმე რეკომენდაციას იძლევიან, რომელთა შორისაა ანტიკორუფციული ბიუროსთვის კორუფციული საქმეების გამოძიების უფლებამოსილების და ამ მანდატის ეფექტურად განსახორციელებლად საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის მინიჭება; ანტიკორუფციულ უფროსს თანამდებობაზე არჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ მაღალი უმრავლესობით და ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულების განსაზღვრა მხოლოდ პარლამენტის წინაშე; ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება.

ანალოგიურად, უნდა გაძლიერდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, შეიცვალოს მათი ხელმძღვანელების შერჩევის პროცედურები და დაიხვეწოს მათი მანდატები და უფლებამოსილებები.

ნაბიჯი 8. დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება

დოკუმენტში აქცენტი კეთდება დეოლიგარქიზაციის სისტემურ მიდგომაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს მოიცავს პროცესში ჩართული ძირითადი ინსტიტუტების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას.

ორგანიზაციების თანახმად, საჭიროა არსებული სამოქმედო გეგმის დახვეწა ევროკავშირის უკუკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით; სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მიღება და ადმინისტრაციული ღონისძიებების დროულად გატარება; სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზომების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიება; სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის პერიოდული, გამჭვირვალე და ეფექტიანი მონიტორინგის წარმოება.

ნაბიჯი 9. ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა და ოპოზიციასთან ფართო კონსულტაციების მეშვეობით უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გადასინჯვა სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიერ წამოჭრილი მთავარი საკითხების გათვალისწინებით.

არასამთავრობო ორგანზიაციების რეკომენდაციები ფოკუსირებულია სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პირადი ცხოვრების დაცულობის, თანასწორობის, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაზე. გარდა ამისა, სხვა საკითხებთან ერთად, რეკომენდაციები ეხება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ეთნიკურობისა და რელიგიური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მნიშვნელობას, ასევე უმცირესობათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და სიძულვილით განპირობებული დანაშაულის პრევენციას.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებისკენ, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებისკენ, ასევე ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლების დაცვისკენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას აღკვეთოს ძალადობა ულტრამემარჯვენე რადიკალურ ჯგუფების მხრიდან, შეიმუშავოს და განახორციელოს სახელმწიფო სერვისები სიძულვილით განპირობებული დანაშაულის მსხვერპლთათვის, მიიღოს სტრატეგია დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ და 2021 წლის 5 ივლისისა და 2023 წლის 8 ივლისის ძალადობის საფუძვლიანი გამოძიება უზრუნველყოს, მათ შორის დასაჯოს  ორგანიზატორები და დამნაშავეები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მტკიცებულებების გათვალისწინებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button