ეროვნული ბანკი პოზიციას ცვლის და ფარცხალაძეს ემხრობა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება. დღევანდელი განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა თავისი გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელსაც მალევე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკა მოყვა.
ეროვნული ბანკის ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ დროს, როდესაც ბანკი სრულად იცავს სანქციათა რეჟიმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, „ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“.
ბანკმა გაიზიარა კობახიძის გუშინდელი პოზიცია და განაცხადა: „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.
ბანკის თქმით, დღევანდელი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმი არ გავრცელდება არც საქართველოს მოქალაქეზე და არც იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს სანქცირებული საქართველოს მოქალაქე, თუ მათ მიმართ სანქციების საფუძველთან დაკავშირებით არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სასამართლოს მიერ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)