skip to content
ახალი ამბები

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიცია ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში  – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა „სერიოზული ქმედებები“ 9 ნაბიჯის შესასრულებლად და მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესია მიღწეული მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით. ორგანიზაციების თქმით, დარჩენილი 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია.

სტატუსმეტრის პრეზენტაციას პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

თავის შესავალ სიტყვაში, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „დრო იწურება“ იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკომისიის პირობები შეასრულოს. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე დაიწყო გაფართოების შემდეგი ანგარიშის მომზადება, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება და რომლის საფუძველზეც გააკეთებს რეკომენდაციას, დაიწყოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

„საბოლოო ჯამში, თქვენზეა დამოკიდებული – საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მიმართულებით გსურთ რომ თქვენი ქვეყანა წავიდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები მიიღებენ და განახორციელებენ რეფორმებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს; იმ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, – განაცხადა ელჩმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გააკეთეს კომენტარი ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე.

ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ცესკო-ს დაკომპლექტების ნაწილში, რომელიც, ჩვენ ვთქვით, რომ არ არის თანხვედრაში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან… ასევე არ გადადგმულა ნაბიჯები ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, იქნება ეს საარჩევნო ბარიერი, თუ ემიგრანტების მონაწილეობისთვის მეტი სხვადასხვა ზომის მიღება“.

ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლო გუშაგის დირექტორი: „მე-6 პირობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ განხორციელდეს იუსტიის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური რეფორმა, რაც არ გაკეთებულა ჯერჯერობით და არც ნაბიჯები გადადგმულა ამ მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გაძლიერდეს მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. ჯერჯერობით, ამ კუთხითაც პრობლემებია და პრაქტიკა სულ სხვა რეალობას გვთავაზობს… უნდა შემოწმდეს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება და რა თქმა უნდა, ამით უნდა დაიწყოს სერიოზული რეფორმები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button