Meta-მ საქართველოს მთავრობასთან ასოცირებილი ათობით ანგარიში წაშალა
კომპანია Meta-მ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან ასოცირებული Facebook-ის 80 ანგარიში, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში წაშალა „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო. ამის შესახებ Meta-ს კვარტალურ ანგარიშშია ნათქვამი. კომპანიის სამიზნე Facebook-ის, Instagram-ისა და TikTok-ის ქართული ანგარიშები გახდა, რომლებიც შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი.
„ამ ქმედების უკან მყოფი ადამიანები ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ გამოგონილი ადამიანების, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად, მათი კონტენტის კომენტირებისა და მოწონებისთვის, რათა ისინი უფრო პოპულარულები წარმოეჩინათ, ვიდრე რეალურად იყვნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ ეს გვერდები და ჯგუფები ვითომდა წარმოადგენდნენ ადგილობრივ, დამოუკიდებელ და პროსახელისუფლებო ჯგუფებს. ქსელი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი კონტენტი გაევრცელებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდების პოსტებისა და პრო-სამთავრობო მედიის ინფორმაციის გაზიარების გზით.
დოკუმენტის თანახმად, ანგარიშები ასევე ავრცელებდნენ ოპოზიციის კრიტიკას, განსაკუთრებით ბოლო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გაიმართა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ფაქტობრივად, ისინი რეალურ დროში რეაგირებდნენ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, ინფორმაციის შუაღამისას გამოქვეყნებით“.
„მართალია, ამ ოპერაციის უკან მდგომი ადამიანები შეეცადნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა მათი კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, – ნათქვამია ანგარიშში.
Meta-ს ინფორმაციით, Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტის რეკლამისთვის 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)