ახალი ამბები

არასამთავრობოები ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად თანამშრომლობის ფორმატის გაფართოებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 30 იანვარს განცხადება გამოაქვეყნეს პარლამენტში ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის თაობაზე. განცხადების თანახმად, ხელმომწერ ორგანიზაციებს უარი ეთქვათ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე, რადგანაც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრები არ არიან.   

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია სივრცე კავკასია, უფლებები საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მართალია ისინი არ არიან პლატფორმის წევრები, წლებია მუშაობენ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. „მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციების თხოვნა არ დაკმაყოფილდა. „მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია  უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვეობით მიიწვიეს, რომელიც ზოგიერთმა ორგანიზაციამ დატოვა. პაპუაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციებმა მას წერილით მიმართეს და ინდივიდუალურ რეჟიმში მონაწილეობა სთხოვეს, თუმცა მათ ამაზე უარი ეთქვათ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება. მან რეფორმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობისა და სამუშაო ჯგუფებში მათი მეტი მონაწილეობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button