ახალი ამბებიდაწვრილებით

მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ

„სამოქალაქო საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის გეგმას გაეცნო. დოკუმენტი 52 გვერდისგან შედგება და მისი სახელწოდებაა „საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა“.

საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მეხუთე პრიორიტეტის და ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების გათვალისწინების, მათ შორის „სისტემური მიდგომის“ გამოყენების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას შვიდი მიმართულებით, რომელთა შორისაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენციის პოლიტიკა, მართლმსაჯულება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და მედია.

დოკუმენტში მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულება არ არის „ავტონომიური პროცესი“ და რომ სამოქმედო გეგმა „12-ვე პრიორიტეტის შესრულების თაობაზე საქართველოს უფრო მასშტაბური სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს“.

სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზეზები

2022 წლის ივნისში ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, და ამასთანავე 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა, რომლებიც ქვეყანამ სტატუსის მისაღებად უნდა განახორციელოს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულებას გულისხმობდა.

ევროკომისიის რეკომენდაციის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი შეიმუშავა და ძირითადად, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონი გადმოიტანა, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, მაგალითად, პრეზიდენტის ნაცვლად, ოლიგარქების სიის შედგენის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა. ვენეციის კომისიამ კანონპროექტი გააკრიტიკა და ურჩია საქართველოს, რომ არ მიეღო ის, ამის მიზეზად კი კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციური საფრთხე დაასახელა. 19 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მესამე მოსმენის დროს ჩააგდო.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანას მოუწოდა, რომ გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით, რომელშიც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული.

14 სექტემბერს, 68-ე სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ახლად შემუშავებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მთავრობის განცხადებით, გეგმა ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის წინა ქმედებებსა და მიღწევებს ეთმობა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს დამოუკიდებელი და ფინანსურად ავტონომიური ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასა და მის ანგარიშვალდებულებაზე პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. მთავრობა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) 16-დან რეკომენდაციიდან 8 შესრულდა,  განსაკუთრებით მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის აღკვეთის კუთხით. დოკუმენტის თანახმად, ექვსი რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა, განსაკუთრებით პარლამენტის წევრებს შორის კორუფციის აღკვეთის კონტექსტში, ხოლო GRECO-ს შეფასებით, ორი რეკომენდაცია შეუსრულებელი რჩება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს გააძლიეროს ანტიკორუფციული ძალისხმევა, მათ შორის GRECO-სთან კოორდინაცია, და ანტიკორუფციულ ბიუროს რეკომენდაციების გაცემის უფლება მისცეს. სამოქმედო გეგმა გულისხმობს სტრატეგიული ანტიკორუფციული ჩარჩოს ჩამოყალიბებას, მეთოდოლოგიური დოკუმენტების განახლებას, ქონებრივი დეკლარაციის მასშტაბების გაფართოებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმების შემუშავებას. გარდა ამისა, მთავრობა შეაფასებს კორუფციულ რისკებს, გააძლიერებს რეაგირების მექანიზმებს შეუსრულებლობაზე. მთავარი მიზანია ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ გამჭვირვალე და ეფექტური ზომების უზრუნველყოფა და  შეუსრულებლობისთვის პოტენციური ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის დროს.

სახელმწიფო შესყიდვები

მთავრობა გეგმავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს კორუმპირებული სუბიექტების გამორიცხვას სამთავრობო კონტრაქტებიდან, დაინტერესებულ მხარეებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შესყიდვებში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად პრაქტიკის მოდერნიზებას.

კერძოდ, სამოქმედო გეგმა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: სახელმწიფო შესყიდვების სრულიად ახალი ეკოსისტემისა და სამართლებრივი ბაზის ამოქმედებას, მათ შორის ახალი რეგულაციების დამტკიცებას, რომელიც ხელშემკვრელ ორგანოებს ბაზრის კვლევის შედეგების სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთვას დაავალდებულებს; კამპანიის დაგეგმვა და მართვა სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარე რეფორმების, მათ შორის თავად დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით; ანტიკორუფციული ინსტრუმენტების გამოყენებისა და კეთილსინდისიერების დაცვის, ასევე ინტერესთა კონფლიქტისა და ფავორიტიზმის თავიდან აცილების სახელმძღვანელო პრინციპების უზრუნველყოფა. მთავრობა ასევე გეგმავს ტრენინგების ჩატარებას ამ გაიდლაინებთან დაკავშირებთ.

მართლმსაჯულება

ისევე როგორც სხვა სფეროებში, სამოქმედო გეგმა მართლმსაჯულების სფეროში უკვე გადადგმული ნაბიჯების განხილვით იწყება. რაც შეეხება გადასადგმელ ნაბიჯებს, მთავრობა განსაზღვრავს აუცილებლობას და გეგმას მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის „ოპტიმალური რაოდენობის“ უზრუნველსაყოფად, საქმეების დროულად და ხარისხიანად განხილვის მიზნით. გარდა ამისა, სასამართლოების დატვირთვის შესამცირებლად, მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს დავების ალტერნატიულ გადაწყვეტას, როგორიცაა არბიტრაჟი.

მთავრობა მიზნად ისახავს გააძლიეროს სასამართლო მექანიზმები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვით და უზრუნველყოს ევროკავშირის მე-11 პრიორიტეტზე პარლამენტის გადაწყვეტილებების ეფექტიანი განხორციელება. გარდა ამისა, მთავრობა პირობას დებს, რომ გააძლიერებს მოსამართლეთა სოციალური უსაფრთხოების გარანტიებს და სასამართლო სისტემაში გამჭირვალობას შეუწყობს ხელს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, საზოგადოების ნდობის გაზრდა გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტების გაძლიერებას. დაგეგმილია სასამართლო პროცესებში ელექტრონული საშუალებების გამოყენება, მთარგმნელობითი მომსახურების გაუმჯობესება; ამასთან, გაძლიერდება იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რაც სათანადოდ უზრუნველყოს მსმენელების შესაბამისი რაოდენობის მომზადებას, რაც აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

“სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის ასპექტები ევროკავშირის მე-3 პრიორიტეტის ფარგლებში პარალელური პროცესებით არის დაფარული და, შესაბამისად, ისინი აქ არ განიხილება”, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველოს გეგმები გააძლიეროს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო (AML/CFT) მოიცავს 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობისთვის.

გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნას, MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციების განხორციელებას, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის გლობალური ფორუმის ახალ EOIR სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

ალბათ ნაბიჯების ყველაზე მცირე რაოდენობა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის კუთხითაა დაგეგმილი. საქართველოს მთავრობა გეგმავს, იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის განხორციელება აკრძალოს. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წლიური დანახარჯების ზედა ზღვარის დაბლა დაწევას და პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნებას. ანგარიშები რეგულარულად უნდა გამოქვეყნდეს.

მედია

მთავრობა, პირველ რიგში, გეგმავს ევროკავშირის/ევროპული საბჭოს შესაბამისი კანონმდებლობის შემოწმებას და ანალიზს მედიის მფლობელობისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის შესახებ, მათ შორის, კონკურენციის შესახებ კანონისა და შერწყმის კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიღებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button