ახალი ამბები

ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია 10-11 აპრილს საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს.

პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი არის მუდმივმოქმედი ორგანო ევროკავშირში, რომელიც ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს.

საქართველოში დელეგაციის ჩამოსვლა რეგიონში იმ უფრო ფართო ვიზიტის ნაწილია, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილი), ასევე აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რეგიონში, ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზში.  

ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი კომიტეტის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით

პრეს-რელიზში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს „ისტორიულ გადაწყვეტილებაზე“. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. „მოცემულ კონტექსტში, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობის მიდგომით, მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

პრეს-რელიზის თანახმად, კომიტეტის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას „თავიდან აიცილოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის“. ამასთანავე, დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში.

კომიტეტის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. „ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ყველა დარჩენილი რეკომენდაციის გათვალისწინების საჭიროებას“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

10 აპრილს, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები, ე.წ. რუსული კანონის ხელახალი ინიცირებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი“ და რომ ის იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიცირებულ რუსულ კანონს ქვეყნისათვის „გამოწვევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება „გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი, სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს“.

,,როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!”- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული რიტორიკა „მიუღებელია“.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებაცაა და რუსეთი ცდილობს ის „დაპირისპირების ზღვად“ აქციოს.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველო რჩება რეგიონში „ევროკავშირის საიმედო პარტნიორად“.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგითა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების თაობაზე.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

დღესვე ევროკავშირის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,   შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში  უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული „რთული“ ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მტკიცე ნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თაობაზე. თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა  ხაზი გაუსვეს ევროკავშირის „განუხრელ მხარდაჭერას“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის მზაობას გააგრძელოს აქტიური როლის შესრულება ამ პროცესში.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო და სტრატეგიული პარტნიორის როლზე შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, დაკავშირებადობის განვითარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროცესში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. კომიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება და აღნიშნეს, რომ „საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა“. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული კურსისადმი და მზაობა რეფორმების კომპლექსური დღის წესრიგის განხორციელებისადმი“.

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან

დელეგაციის წევრები დღესვე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანსა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებს შეხვდნენ.

მინისტრმა კომიტეტის წევრებს  ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.

შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს შეხვდნენ.  

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან

10 აპრილს კომიტეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევები, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button