ახალი ამბები

DRI: ხელისუფლების სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის ნაწილში არ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნას

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 12 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელისუფლების სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ნაწილში „ამ მიმართულებით რეალურად გასატარებელ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს“. ხელისუფლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, ევროკომისიის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პირობის განხორციელებას ეხება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თანახმად,  ხელისუფლების გეგმა, რომ 2024 წლის თებერვალში საპარლამენტო ნდობის ჯგუფი სრულად დაკომპლექტდეს, ვერ ჩაითვლება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესასრულებლად საკმარის  ღონისძიებად. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტი ისედაც ვალდებულია, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრის შემადგენლობით დააკომპლექტოს. „ის, რომ დღეს ნდობის ჯგუფში მხოლოდ ოთხი წევრია, რეალურად, პოლიტიკური ნების არარსებობაზე მეტყველებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ პროცედურული ხარვეზის მომიზეზებით, საპარლამენტო ოპოზიციას არ მისცა ნდობის ჯგუფში მეხუთე წევრის არჩევის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია იმასაც აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტების საკითხს. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დაპირება, რომ სრულად დააკომპლექტოს ნდობის ჯგუფი და მეხუთე წევრი საპარლამენტო ოპოზიციიდან აირჩიოა, მაინც პრობლემატურია, რადგან ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად შემოწმების პროცედურა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნდობის ჯგუფის ახალ წევრს „არ ექნება რეალური დრო და შესაძლებლობა, უსაფრთხოების სექტორზე კონტროლი მეათე მოწვევის პარლამენტში განახორციელოს“.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თქმით, „ხელისუფლების მიერ დამტკიცებული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს იმ აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულებას, რომლებიც რეალურად მოემსახურება უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაუმჯობესებას“.

მათ შორის, ორგანიზაციის თქმით, მნიშვნელოვანია:

  • ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა თანაბარი რაოდენობით;
  • გაიზარდოს ნდობის ჯგუფის სხდომათა სიხშირე და ცვლილებები შევიდეს მოწვევის წესში;
  • ნდობის ჯგუფის ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ანგარიშვალდებულ უწყებაში ვიზიტი, თავმჯდომარის ინფორმირებით, მისი სავალდებულო თანხმობის გარეშე;
  • კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ნდობის ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა (გარდა საქმიანობის ფარული ფორმებისა და მეთოდებისა);
  • გაიზარდოს ნდობის ჯგუფის ანგარიშვალდებულების ხარისხი. ნდობის ჯგუფმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში. ამასთანავე, ნდობის ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს ალტერნატიული ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება ნდობის ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს/ანგარიშის ნაწილს;
  • საქართველოს პარლამენტის წინაშე გაიზარდოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ანგარიშვალდებულების ხარისხი;
  • გამარტივდეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით საკითხის შეტანის წესი.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის ჩართული იყო საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები წარადგინა.

„თუმცა, სამუშაო ჯგუფში რეკომენდაციები იმ საფუძვლით არ განიხილეს, რომ ამ საკითხებზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმუშავებდა. ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას სამუშაო ჯგუფებში სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ორი ორგანიზაციის დასახელების უფლება მისცა, სურვილის მიუხედავად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ჯგუფში მონაწილეობა ვერ შეძლო, წერილობით გაგზავნილი რეკომენდაციები კი, არც ამ სამუშაო ჯგუფში განიხილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები“ მიზნად ისახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელებას. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში, ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. სამოქმედო გეგმაში მთავრობამ პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს რეგულარულ დიალოგს საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოფს ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტებას.

ნდობის ჯგუფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button