რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

მამია ორახელაშვილის მოხსენება ამიერ-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შესახებ.

საქართველოს საბჭოთა პირველი ყრილობა

ამიერ-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაცია

მოხსენება ამხ. მამია ორახელაშვილისა

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

გაზეთი კომუნისტი, 03.03.1922, N:49


რედაქციისგან: გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.


ამხანაგებო, მე დავალებული მაქვს მოგახსენოთ ამიერ-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შესახებ, ე.ი. ამ რესპუბლიკების ერთმანეთთან სახელმწიფოებრივი დაკავშირებისა და ზოგ მხარეში შეერთების შესახებ. […] გამოვიდე ვრცელი დასაბუთებული მოხსენებით და მოვიყვანო ათასი მოსაზრება რომ ეს დაახლოვება აუცილებლად საჭიროა.

მამია (ივანე) ორახელაშვილი, 1881 წელს დაიბადა შორაპანის მაზრაში, სწავლობდა ხარკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. იყო სამხედრო ექიმი პირველი მსოფლიო ომის დროს. ბოლშევიკური პარტიის წევრი 1903 წლიდან. 1917-1918 წლებში კომპარტიის ვლადიკავკაზის საბჭოს თავმჯდომარე. 1920-1921 წლის 25 თებერვლამდე კომპარტიის ცეკას პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1921-1922 წლებში კოპარტიის ცეკას პირველი მდივანი. დახვრიტეს 1937 წელს.

[…] ეს არის მომენტი ერთის მხრივ პოლიტიკური მომენტი დიქტატურის, თავდაცვის და მისი ბრძოლისა და გამარჯვებისა, მეორეს მხრივ საკითხი იმ საფუძველის გამაგრებისა, რომელზეც დამყარებულია პროლეტარული დიქტატურა, ეს საფუძველი არის მეურნეობა, ეკონომიკა. თუ ეს საფუძველი არ გამაგრდა თუ დიქტატურის ფესვები გახმა, და ის გახმება აუცილებლად, თუ სამეურნეო ნიადაგი განოყიერებული არ იქნება, – სწორედ მაშინ დაეცემა პროლეტარიატის დიქტატურა. ეს საკითხი სამეურნეო აღორძინებისა არის მეორე მთავარი საკითხი საკითხი ფედერაციისა. ის სურათი ხასიათდება ნაციონალური შეხლა-შემოხლით, ეროვნული უნდობლობით, ნაციონალური შუღლის გაღვივებითა და მტრობით. საკითხი ამიერ-კავკასიის ფედერაციის შესახებ უკავშირდება იმ გარემოებას რომ ამიერ-კავკასია წარმოადგენდა ერთ მთელ პოლიტიკურ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ერთეულს. ამ სივრცეზე დღეს არის სამი რესპუბლიკა, თავისი დამოუკიდებელი აპარატებით, ორმოცდა ჩვიდმეტი სახალხო კომისარით ე.ი. „მინისტრით“. ამხანაგებო, […] აპარატის გამარტივება, შედუღება, მოშლა, ზოგიერთ პარალურ ზედმეტი ორგანოებისა, რომელიც არათუ ამაგრებს, არამედ ასუსტებს ჩვენ მუშაობას, ეს არის უაღრესი ყურადღების ღირსი. […]

მენშევიკების ხელისუფლება სამჯერ შეეცადნენ რომ ასეთი კავშირი შეექმნათ აზერბაიჯანთან. მათ შესძლეს სამხედრო კავშირი, მაგრამ ის რაც მათ ენატრებოდათ, ის რაც მათ აინტერესებდა, ურომლისოდაც შეუძლებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, ისეთი ეკონომიკური კავშირები რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური სიმდიდრიდან მიეღოთ წილი, ეს მათ ვერ შეძლეს. […] ეს გაერთიანება მათ ვერ შეძლეს, როგორც მენშევიკები, ისე მუსავატელების წყობილება აგებულ იყო ბურჟუაზიულ კერძო საკუთრების პოზიციაზე.

[…] ჩვენ რევოლუც. მარქსისტებს თუ უწინ ვიყავით ფედერაციის წინააღმდეგნი, ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით მაშინ როცა აქ და მთელს რუსეთში იყო თვითმპყრობელობა. ასეთ პირობებში რუსეთის გადაღობვა, რაიმე საზღვრების გაყვანა, ეს იყო გათიშვა და შესუსტება მშრომელი კლასის კოლექტიური ენერგიის.

[…] საქართველო პატარა სახელმწიფო პატარა რესპუბლიკაა რომელშიც 2 ნახევარ მილიონზე ნაკლები მცხოვრებით და მათში მხოლოდ ორი მესამედია ქართველი, ერთი მესამედს კი შეადგენენ ეროვნული უმცირესობანი. ასეთ აჭრელებულ ქვეყანას, სადაც ერთმანეთში არეულია რუსი, სომეხი, აბხაზი, ოსი, ებრაელი, გერმანელი და სხვა, ვერ ნახავთ ვერც დასავლეთში. ამ სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა ესაჭიროება ეროვნული თანხმობა შიგნით და სიმშვიდე. […] ამიერკავკასიაში, რომელიც არის ცეცხლის საფქვევი მთა, რომელიც ბევრად წააგავს ბალკანეთის კუნძულს, ჩვენ გვესაჭიროება ხალხთა თანხმობის, მათი პოლიტიკური კავშირის ისეთი ფორმა, რომელიც დაგვარწმუნება იმაში, რომ არავითარი საფრთხე არ მოგველის, რომ საძაგელ სისხლის [სიტყვა არ იკითხება] წარსულს, რომელიც ხასიათებდა პოგრომებითა და ხალხთა შორის სისხლის დაღვრით შემდეგში ადგილი აღარ ექნება.

მსგავსი/Related

Back to top button