ახალი ამბები

სტუდენტებმა ჩიქობავას და ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ს კანცელარია დაიკავეს

26 იანვარს სტუდენტებმა, მათ შორის მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კანცელარია დაიკავეს და აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლება მოითხოვეს. ორივე მათგანს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ჯგუფურად დაზიანების გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სტუდენტები ასევე ითხოვენ, რომ შეწყდეს ხალხის „უკანასკნელი საცხოვრებლიდან“ გამოსახლება და რომ თსუ-ის ადმინისტრაციამ ხასაიასა და ჩიქობავას მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნოს. ანალიგიური მოწოდება განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, სადაც ხასაია დოქტორანტია. ჩიქობავა თსუ-ში ასწავლის.

სტუდენტები კანცელარიიდან გამოსვლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ისინი მოუწოდებენ უნივერსიტეტს, რომ გაიფიცოს, ხოლო პროფესორებს – სტუდენტებს შეუერთდნენ. „ოჯახის უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება და ამის მიმართ სოლიდარული ხალხის დაკავება არის პირდაპირი შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურად გვავალიანებს და ცდილობს წაგვართვას მომავალი“, – განაცხადა მაისის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელმა კანცელარიაში ჩაწერილ ვიდეოში.

დღესვე საპროტესტო აქცია გაიმართა თსუ-ს ეზოში. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ სტუდენტები და მოძრაობა „ხმის“ წევრები. გიორგი ხასაიაც და აკაკი ჩიქობავაც ამ მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან.

„თუ ჩვენ მიმართ არსებობს მუქარა, რომ ჩვენს ორ წევრს სამიდან ექვს წლამდე ციხეში გააჩერებენ, ჩვენ შეგვიძლია უფრო საშიში მუქარის გაჟღერება. ვიტყვით, რომ დღეს გაჩერდება უნივერსიტეტი, ხვალ გაჩერდება კიდევ რაღაც, რასაც არ დავაანონსებ და ბოლოს გაჩერდება საქართველო, ვიდრე გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა არ იქნებიან გარეთ და ვიდრე არ გაჩერდება გამოსახლება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, რომელიც „პუბლიკას“ ინფორმაციით, მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელია.

თსუ-ს განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 27 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. „აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას“, – განაცხადა თსუ-მ. „მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება“.

შენიშვნა: მასალა განახლდა 27 იანვარს 22:00 საათზე და მასში თსუ-ს განცხადება აისახა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button