ახალი ამბები

სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტს ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვამ 31 იანვარს „მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მთივლიშვილი პოლიციამ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებლი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავა. მოგვიანებით იმავე დღეს იგი ხელწერილით გაათისუფლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არცერთი მტკიცებულება, პოლიციელის ყალბი და ცრუ ჩვენების გარდა, არც ველოდი სხვა გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო შჩერბაკოვისგან. ის ცნობილია მსგავსი გადაწყვეტილებით. არ ვეთანხმები, გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები კეკელიძის ქუჩაზე 23 იანვარს დილას მივიდნენ, თუმცა გამოსახლების მცდელობას ბინის მესაკუთრეებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოყვა.

დაპირისპირების შედეგად სულ 20 ადამიანი დააკავეს. ორ მათგანს, გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავებიან და მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. იმავე დღეს პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ 18 ადამიანს კი მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოსახლებისას ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტები დაგმო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button