skip to content
ახალი ამბები

აღსრულების პოლიციის მიერ თბილისში ოჯახის გამოსახლებას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები კეკელიძის ქუჩაზე 23 იანვარს დილას მივიდნენ, თუმცა გამოსახლების მცდელობას ბინის მესაკუთრეებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოყვა.

ბინის მესაკუთრეებისა და მათი ახლობლების მხრიდან რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ, სამართალდამცველებმა საბოლოოდ გამოსახლების პროცესი დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებაც.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციამ შენობაში გამოსახლების მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. თუმცა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ეს ინფორმაცია უარყო. „პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“.

გამოსახლებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეეების წახალისება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია“.

2019 წლიდან ეს ოჯახის გამოსახლების უკვე მეხუთე მცდელობა იყო პოლიციის მხრიდან. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

„მანკიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა – მევახშეები ბოროტად სარგებლობენ მსესხებლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რასაც წლების განმავლობაში, სასესხო ხელშეკრულებების კაბალური პირობებით დადება და საცხოვრისის დაკარგვის მომეტებული რისკები მოჰყვება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. „სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

დღესვე მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გამოსახლების მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით 18 პირია დაკავებული.

შსს-მ განაცხადა, რომ შეკრებილებმა სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ მიმართ გამოიყენეს „ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით“.

სამინისტროს თქმით, გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

შსს-მ ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა „მიზანმიმართულად“ დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულთა ნაწილი სავარაუდოდ გადაყვანილია კახეთის გზადკეცილზე მდებარე პოლიციის შენობაში და საიას ადვოკატები ცდილობენ მათთან შეხვედრას. მისი თქმით, ადვოკატებს არც იმას უდასტურებენ, არიან თუ არა კონკრეტული პირები ადგილზე.

ქურდოვანიძე მოუწოდებს შსს-ს დაუყონებლივ უზრუნველყოს ადვოკატებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაკავებულების ადგილსამყოფელის  შესახებ და შეუშვას ადვოკატები მათთან.

შენიშვნა: მასალა განახლდა 17:00 საათზე და მას შსს-ს განცხადება დაემატა, ასევე 18:50 საათზე და მას საიას ხელმძღვანელის კომენტარი დაემატა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button