ახალი ამბები

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება გადადო

23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაედო. სააგენტომ თავისი გადაწყვეტილება „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.

„ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ასევე ოჯახში ცხოვრობს 2 არასრულწლოვანი, ბიურო აძლევს დამატებით დროს, რამდენიმე თვეს, მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის. ჩვენც ჩავერთვებით და ვეცდებით რომ როგორმე მოვარიგოთ“, – განუცხადა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „სამოქალაქო საქართველოს“.

გამოსახლების დაწყება დღეს 11:00 საათზე იგეგმებოდა. ათობით სამოქალაქო აქტივისტი, მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი შეიკრიბა დადიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის წინ 24 იანვარს დილის საათებში. ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და გამოსახლების აღკვეთას გეგმავდნენ.

გამოსახლების გუშინდელი შემთხვევის შემდეგ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოუწოდა მთავრობას „დაუყოევნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან“.

გამოსახლებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეეების წახალისება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button