skip to content
ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოსახლების დროს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ეხმიანება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლებისას ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს განცხადებით გამოეხმაურა. მან დაგმო ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს  გამოძიება, რათა „მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“.

ქარტიას მაგალითად „მაუწყებლის“ ჟურნალისტ რატი რატიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი მოყავს. როდესაც ის პირდაპირ ეთერში აშუქებდა გამოსახლების პროცესს, „პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში, რომლის თანახმადაც ამგვარი ინციდენტები „ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, „სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ  გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, გავრელებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთი ჟურნალისტი დააკავა. მედიის ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტი, „მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი დააკავეს [დაკავებების შესახებ ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა, თუმცა ამ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული იყო თუ არა მთივლიშვილი დაკავებულებს შორის].

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ცალკე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო მთივლიშვილის დაკავება. „ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით გელა მთივლიშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს. ჟურნალისტებთან დაკავების შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო აქციასთან და იქ მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად მივიდა. მისივე თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მისვლიდან რამდენიმე წუთში, მან დაინახა, რომ ერთ-ერთი იქ მყოფი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა და ჟურნალისტი მას საპატრულო პოლიციის მანქანამდე გაყვა.

მთივლიშვილის თქმით, სწორედ ამ დროს მას ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი კრა. მთივლიშვილმა უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო და ამ დროს მას პოლიციელები გარს შემოერტყნენ და პოლიციის მანქანაში შეაგდეს. ჟურნალისტი მათ დაკავების მიზეზს ეკითხებოდა, თუმცა პასუხი პოლიციელების მხრიდან ვერ მიიღო. მთივლიშვილის თქმით, მასთან ერთად მანქანაში ხუთი პოლიციელი იჯდა, რომლებიც „აგრესიულები“ იყვნენ და სამი მათგანი „ახრჩობდა“ მას.   

მთივლიშვილის თქმით, მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა ინციდენტის გამოძიების „ილუზია“ არ აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button