skip to content
ახალი ამბები

განახლება: გამოსახლების საქმეზე სასამართომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების საქმეზე 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს, აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხასაიას და კეკელიძეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.

ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედებათ, რაც გულისხმობს ჯგუფურად  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ მათ დააზიანეს ავტომობილი, თუმცა არა ჯგუფურად. მათი ადვოკატის თქმით, ხასაიაც და ჩიქობავაც მზად არიან ზიანი აანაზღაურონ.

დღესვე, მხარდამჭერთა ჯგუფი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ შეიკრიბა და ჩიქობავას და ხასაიას გათავისუფლება მოითხოვა. ორივე მათგანი მშრომელთა უფლებებისთვის მებრძოლი სამოქალაქო მოძრაობა „ხმის“ წევრია. ამავდროულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილმა, სადაც ჩიქობავა ასწავლის, განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ჩიქობავას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და ასევე სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნება როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისთვის, ისე თავად აკაკი ჩიქობავასთვის, როგორც „პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევრისთვის“.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აქტივისტებმა და სტუდენტებმა დაკავებულთა დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც „ფორმულა“ იტყობინება, აქციის მონაწილეები მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებით დაიმუქრნენ.

ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შემდეგ დააკავეს. იმავე დღეს 18 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს.

27 იანვარს, ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მათ დაკავებას „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილება“ უწოდეს. განცხადება, რომელსაც უკვე 80-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა თქმითაც, „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო“, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარება „არაკეთილსინდისიერმა გამსესხებლებმა უპატიოსნოდ გამოიყენეს“. „ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ცდილობენ, ადამიანებს საცხოვრისი ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე წაართვან, რაც ეჭვს აჩენს, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ისინი ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ არ გამოდიან და მიაჩნიათ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თავად უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოფხვრაზე.

შენიშვნა: მასალა განახლდა 26 იანვარს და 28 იანვარს და მასში, შესაბამისად, თსუ-ს ეზოში გამართული აქციისა და მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ერთობლივი განცხადების შესახებ ინფორმაცია აისახა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button