ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა და ერთიანი ჩინეთის პრინციპს მხარდაჭერა აღუთქვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 იანვარს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. „მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
მხარეებმა „მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში“.
ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის ელჩთან იმ ფონზე გაიმართა, როდესაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია 14-20 იანვარს ჩინეთს სტუმრობს და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს ხვდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/08/2023 – ღარიბაშვილი: ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის
- 01/08/2023 – პოლიტიკოსები საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)