skip to content
ახალი ამბები

განახლება: „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 14-20 იანვარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობს. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილესთან, სიაო ძიესთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან, მის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან.

„შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ვიზიტის მიზანია „ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა“. „არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – აღნიშნა მან.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ „ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება“. სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო სავაჭრო ურთიერთობებსა და შუა დერეფანს, ასევე შავი ზღვის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის უსაფრთხოებას.

„საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და დელეგაციის წევრმა გია ვოლსკიმ.

16 იანვარს, „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა: „საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე“. მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

17 იანვარს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის შეხვდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში“.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. „შევეხეთ ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა. მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, – დასძინა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button