პოლიტიკოსები საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, 31 ივლისს მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განცხადება ოთხი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.
- 31/07/2023 – საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
„სამოქალაქო საქართველო“ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი პარტია
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, ეს გახლდათ პარლამენტის მხრიდან, როგორც საგარეო-პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუციის ნაწილი, რომელიც ამ პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო… ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაზე, რომელიც გახლავთ, როგორც შუა დერეფნის, ასევე საქართველოს ნაწილი, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანსპორტირებაზე, რა თქმა უნდა ჩინეთი არის ის ქვეყანა რომელსაც შეუძლია ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის გამოყენების საკითხში, ამ შეთანხმების უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ… წლებია გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ჩვენს ქვეყანას“.
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ეს იყო პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩინეთთან, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა… ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისას ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსულტაციების რეჟიმში ვიქნებით… სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლის, არ ვიცი რაზე მიანიშნებს. მთავარია ის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მეტად რეალიზებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა… ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება… ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა… ჩინეთი არის ერთ-ერთი სუპერ სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკა აქვს… ჩინეთი ეკონომიკური კუთხით მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს… შესაბამისად, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს“.
კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი: „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რომ ინვესტიციები წამოვიდეს საქართველოში, უფრო დიდი თანხები ჩაიდოს, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი განცხადებები და გზავნილები გაკეთდა. რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის“.
გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „110 ქვეყანასთან აქვს ჩინეთს სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან… შესაბამისად, არა თუ დააზიანებს, ჩვენ წამოვეწევით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით. უბრალოდ, პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის სტაბილურობა და პოლიტიკური საკითხები, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და უამრავ სხვა მიმართულებას არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან“.
გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი: „…ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს კავშირები, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, ამას ყველა ხელისუფლება ყოველთვის აღნიშნავდა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, როცა ჩინეთის ეკონომიკა გაიზარდა და მსოფლიო ეკონომიკაში დიდი წილი აქვს“.
ოპოზიცია
თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრი“: „ჩინეთსა და საქართველოს აქვს… თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა სტრატეგიული პარტნიორობამდე ამ ურთიერთობების აყვანა სცდება, როგორც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას, ასევე პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციას, რაც ნიშნავს იმას, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში პარლამენტს არ დაუკვეთია მთავრობისთვის ამგვარი რამ. შესაბამისად, მოცემულობაში როდესაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მიღმა არის ეს პროცესი და არ ვიცით რაზეა საუბარი, გამიჭირდება რამის თქმა. თუმცა, სადეპუტატო კითხვა გაგზავნილი მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან და არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების ჯგუფთან ერთად ინტერპელაციაზე მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან“.
რომან გოცირიძე, „პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“: „სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსში, ჩინეთი დებს უამრავ სხვადასხვა შინაარს და ეს არ არის იმის მსგავსი, რა შინაარსსაც დებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლამის ევროკავშირის ყოველი მორე ქვეყანას აქვს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან და მათ შორის, უკრაინასაც. ამიტომ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ისეთი ინვესტიციების განხორციელებისგან, რომელიც უკვე საერთო ინტერესებში იქნება ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან“.
მიხეილ დაუშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი: „ჩინეთი არის უზარმაზარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობა გვჭირდება და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია… საქართველოს ძალიან დიდი პრივილეგია აქვს, რომ ვაჭრობის თავისუფალი შეთანხმება ჩინეთთანაც აქვს და ევროკავშირთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება. პირველი არის ის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა შემთხვევით ხომ არ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, რომლებთანაც ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები კონსტიტუციით გვაქვს განმტკიცებული“.
თამაზ დათუნაშვილი, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი: „ეს არის ისევ საბოტაჟის მცდელობა ევროკავშირის კანდიდატის წევრობის და საბოტაჟი ჩვენი დასავლეთის კურსის… შეუძლებელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იმ ვითარებაში, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე… ჩინეთი არის მთავარი დამფინანსებელი რუსეთის ომის, რუსეთის სანქცირებას ერთ-ერთი ჩინეთი უშლის. ამიტომ ამ ვითარებაში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას“.
სერგო ჩიხლაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი: „სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ნაადრევია იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს არის კანონით გათვალისწინებული. ჯერჯერობით, სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს შეერთებულ შტატებთან. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტის აზრი და პარლამენტის დაკვეთა უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, კარგი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, პარტნიორული დამოკიდებულება, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის სხვა დონე და ამას სჭირდება პარლამენტთან შეთანხმება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)