ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზად არ არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა 20 აპრილს გორში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ მაქსიმუმს მიაღწია გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოპოვებით, თუმცა ქვეყანა არ არის მზად, რომ გახდეს წევრი ქვეყანა. მისივე თქმით, „არ არსებობს კონსენსუსი“ ქვეყნის შიგნით, რომ ის მზად არის გახდეს წევრი.

გამოეხმაურა რა ბრალდებებს, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს უშლის, ღარიბაშვილმა განაცხადა: „დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. შემდეგი ნაბიჯები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“. შემდეგ მან განაგრძო: „ძალიან მარტივად, მინდა, გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება, ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღებაც“.

„დესტრუქციული“ არასამთავრობოების კრიტიკა

ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ის არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნების ფონდებიდან და ორგანიზაციებიდან იღებენ. „მე არაერთხელ მითქვამს მათთვი [პარტნიორებისთვის] პირდაპირ, რომ არ მომწონს, არ მოგვწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენთვის მიუღებელია, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის“.

მისი თქმით, „ბევრი აქციის უკან  იდგა აგრესიულობით გამორჩეული ცნობილი ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებენ მთავრობის, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ, შემოქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი“.

ღარიბაშვილის თქმით, ასეთი არასამთავრობოები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და ქვეყნის პარტნიორების დისკრედიტაციას ახდენენ და „აზიანებენ ჩვენს ურთიერთობებს“.

„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების საპროტესტო აქციის კომენტირებისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათ შორის არიან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები და სხვა პარტიების წარმომადგენლები. მან საპროტესტო აქციების კარგად მართვისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა.

ექვსი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელთაც მობილიზაცია და კოორდინაცია გამოაცხადეს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათი მიზანია ნგრევა, შფოთვა და ომია. მისივე თქმით, ისინი არ არიან დამოუკიდებელი აქტორები, არამედ ისინი სხვა ქვეყნების „გავლენის აგენტები“, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ აღიარებენ.

მისი თქმით, კანონი „გამჭვირვალობას“ ეხება და რომ მათ, ვინც ეწინააღმდეგება გამჭვირვალობას, არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიასთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.

გლობალური კონტექსტი და ბირთვული საფრთხე

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ „რთულ“ ვითარებაზე, არაპროგნოზირებად უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ გარემოზე. მისი თქმით, არავინ იცის, რა უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული საბოლოო ჯამში. მან ასევე გაიხსენა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ხაზი გაუსვა უკრაინაში ომის გაგრძელებას და აღნიშნა, რომ არავინ იცის, როდის დასრულდება ის და დასძინა, რომ არსებობს მისი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის „რეალური საფრთხე“. ღარიბაშვილმა დაკონკრეტების გარეშე ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა და პირიც დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სიტუაცია მსოფლიოსა და რეგიონში ფეთქებადია და რომ „ბირთვული ომის რიტორიკა დაბრუნდა. პირდაპირ საუბრობენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ასევე რუსეთი“.

„ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ რაღაც შიდა კინკლაობაზე და გაუგებრობაზე“, – განაცხადა მან. „ერთი რამ იცოდეთ, არ დავუშვებთ ჩვენ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას“. მან ასევე განაცხადა, რომ „თუ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლობიანი ძალა, ერთადერთი რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე არის შემძლე ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“.

ოკუპაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიცია მთავარი პრობლემის მივიწყებაში დაადანაშაულა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების ყოფნაა. „ვისი შედეგია?“ რიტორიკულად იკითხა ღარიბაშვილმა და ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

მისი თქმით, სწორედ „დესტრუქციული ძალების“ მმართველობის დროს დაკარგა საქართველომ თავისი ტერიტორიები. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, თეორიული შანსიც არ იქნებოდა იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობაზე ფიქრი ყოფილიყო შესაძლებელი.

„მცოცავი ოკუპაცია არის შედეგი უგუნური, ანტი-ეროვნული და ანტი-სახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები

კითხვაზე, მოუტანს თუ არა ბიძინა ივანიშვილს სარგებელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სადავო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას ამარტივებს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე დახარჯა და რომ „თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა, გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისა და უბედურებისგან“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, „დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა ეს მანიაკი სააკაშვილი, იქნებოდა უბედურება – არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა“.

აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადება

როდესაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებაზე ჰკითხეს, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ის აღარ არის ამერიკის ელჩი“. „დღეს გვყავს ძალიან პროფესიონალი, ღირსეული ქალბატონი ამერიკის ახალი ელჩი და ჩვენ მასთან გვაქვს ურთიერთობა“.

რუსეთის მხრიდან „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ქება

როდესაც ღარიბაშვილს რუსეთის მხრიდან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ განცხადებებზე ჰკითხეს, მან განაცხადა: „ვის ინტერესშია ეს, ვინ იყენებს ამ განცხადებას, ისევ რადიკალური ოპოზიცია“.

„ჩვენ ვართ აქ ჩასაფრებული, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელმა, რა თქვა შემდეგ ევროპის, ამერიკის წარმომადგენელმა. ასე ვერ განვვითარდებით, ვერ წავალთ წინ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა მან. „დღეს ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქვეყანას არ სჭირდება ომი და ნგრევა, რომელიც თქვენს პარტიას უნდა რომ მოიტანოს“, – მიმართა მან ოპოზიციური ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button