პრემიერ-მინისტრმა ბერლინში საქართველოს ელჩებთან შეხვედრა გამართა
20 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ბერლინში საქართველოს ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირში, ნატოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვის საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული მუშაობისთვის. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ელჩებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.
პრემიერ-მინისტრის კომენტარი ჟურნალისტებისთვის
დასავლეთთან ურთიერთობა
ამბასადორიალის თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესი საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. მან არაერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირთან და აშშ-სთან „ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება“. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, მიაჩნია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მთავარი მიზანი ძალიან მკაფიოა, მაგრამ არის გარკვეული ნიუანსები, რომელთა განხილვაც საჭიროა და ამბასადორიალზე შესაძლებელი გახდა დეტალებისა და იმ სამოქმედო გეგმების განხილვა, რაც საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს.
რაც შეეხება იმას, თუ რას ელოდება პრემიერ-მინისტრი დასავლეთისგან უახლოეს მომავალში, მან განაცხადა: „ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს ეხება ევროკავშირს. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი [აშშ-ის ყოფილი ელჩი] და კარლ ჰარცელი [ევროკავშირის ყოფილი ელჩი]. იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, შიექმნა სირთულეები. თუმცა, ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვას, გაჯანსაღებას, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან… დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და რა თქმა უნდა ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას…“
კობახიძეს ასევე დაუსვეს შეკითხვა საგარეო საქმეთა საბჭოს მოახლოებულ სხდომაზე, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა და განაცხადა: „ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები“. მან ასევე აღნიშნა, რომ „საბოლოო ჯამში, თქვენ ყველამ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი [უცხოელი აგენტების შესახებ] კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იყო ჭარბი, ასე ვთქვათ, განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული“.
კობახიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა ნატოს მოახლოებულ სამიტზეც და განაცხადა, რომ მას დიდი მოლოდინები სამიტიდან არ აქვს. „ზოგადად, რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, კეთდება ამის შესახებ განცხადებები საჯაროდ ნატო-ს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“.
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა
პრემიერ-მინისტრს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. მან პირველ რიგში პატივისცემა გამოხატა ელჩის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ელჩი აღადგენს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა: „ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული, ასე ვთქვათ, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრპროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის“.
სხვა საკითხები
ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე. მისი თქმით, კანონის კრიტიკა უსაფუძვლოა და მიუთითა კანადაში მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. „გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“.
მან კიდევ ერთხელ გააჟღერა ბრალდებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და განაცხადა, რომ პარტიას საქართველოში იმ სცენარის ხილვა სურდა, რაც უკრაინაში განვითარდა. „მე მინდა დავარწმუნო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ მაქსიმუმს, გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბოლოს, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ასევე შეეხო იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღირსების მედლით 2024 წლის სექტემბერში დააჯილდოებს. მან აღნიშნა, რომ მოთამაშეთა თავდაპირველი სია პრეზიდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებთან კონსულტაციების შემდეგ გადაეცა. „სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)